საიმონ ფრეიზის უნივერსიტეტის პროფესორის, სკოტ ლირის ხელმძღვანელობით ჩატარებული ახალი კვლევა დეპრესიის სიმპტომებსა და გულის დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის გაზრდილ რისკს შორის კავშირის შესახებ დამატებით მტკიცებულებებს იძლევა.
გლობალურ კვლევაში 21 ქვეყნის საშუალო ასაკის 145 862 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევამ დეპრესიის 4 და მეტი სიმპტომის მქონე ადამიანებში გულ–სისხლძარღვთა დაავადებების და სიკვდილიანობის 20%–იანი ზრდა გამოავლინა. რისკი 2-ჯერ უფრო მეტი იყო ქალაქის რაიონებში, სადაც 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი იცხოვრებს და 2-ჯერ უფრო მეტი კაცებს შორის.
შედეგები დროულია, რადგან ექსპერტები კორონავირუსის COVID-19–ის პანდემიის გამო ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვის ზრდას ელოდებიან.
დეპრესია გულის ჯანმრთელობაზე თამბაქოს მოწევაზე არანაკლებ გავლენას ახდენს
მონაცემები ადასტურებს, რომ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის პროფილაქტიკაში დეპრესიის სიმპტომები ისევე მნიშვნელოვნად უნდა განიხილოთ, როგორც ტრადიციული რისკ–ფაქტორები (მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინის მაღალი დონე).
JAMA Psychiatry–ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) არსებულ პოლიტიკას სანდოობას ანიჭებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა და პროფილაქტიკა პირველად დახმარებაში გადაიტანონ.
კვლევა ასკვნის, რომ დეპრესიასთან დაკავშირებული ფიზიკური ჯანმრთელობის რისკის ღრმად გაგება აუცილებელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არაინფექციურ დაავადებებთან და ფსიქიკურ აშლილობასთან კომპლექსური მიდგომა გლობალური პრიორიტეტი უნდა გახდეს.