სპეციალისტები რამდენიმე მარტივ რჩევას გაძლევენ, რომ იმუნიტეტის გაძლიერების ხარჯზე ვირუსული დაავადებებისგან თავი დაიცვათ. ამის შესახებ Times Now წერს. ისინი თბილი სითხის დალევას, სუფთა ჰაერზე ყოფნას და ვარჯიშების შესრულებას გირჩევენ.
ახლა, როცა მთელ მსოფლიოს ახალი ჩინური კორონავირუსის ეპიდემია აშინებს, ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნიტეტის ქონა, რომელიც ინფექციების მიმართ ორგანიზმის გამძლეობას უზრუნველყოფს. ამის მიღწევა მარტივი ზომების მიღებით შეიძლება.
თბილი სითხის დალევა. რაციონში ბოსტნეულის წვნიანები და ჩაი ჩართეთ. ყოველი დილა 1 დიდი ჭიქა თბილი წყლის დალევით დაიწყეთ. ასე ვირუსების და ინფექციების მიმართ იმუნურ პასუხს გაზრდით. განსაკუთრებით სასარგებლოა სითხე, რომელიც C ვიტამინს შეიცავს.
მზეზე დრო გაატარეთ. ზამთარში, მოღრუბლულ ამინდშიც კი სუფთა ჰაერზე ყოფნა უნდა სცადოთ – ორგანიზმი ულტრაიისფერი სხივების დოზას მაინც მიიღებს. მზის სინათლე ორგანიზმში D ვიტამინის წარმოებაზეა პასუხისმგებელი, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ჰიდრატაცია შეინარჩუნეთ. წყალი იმუნურ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ექიმები გირჩევენ, რომ წლის პერიოდის მიუხედავად საკმარისი რაოდენობის წყალი დალიოთ – ასე ინფექციების მიმართ პროფილაქტიკას ბუნებრივი გზით უზრუნველყოფთ.
ფიზიკური ვარჯიში შეასრულეთ. ვარჯიში სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, ფილტვებიდან მიკრობების გამოდევნას ხელს უწყობს და ლეიკოციტების, იმუნური სისტემის უჯრედების წარმოებას ზრდის, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსებს და დაავადების გამომწვევ სხვა პათოგენებს ებრძვის.