როგორც წესი, პირის ღრუს უსიამოვნო სუნის მიზეზი ღრძილები და კბილებია. მათი სწორი წმენდა პრობლემას ეფექტურად აგვარებს, ამის შესახებ ინდოელი ექიმი და პირის ღრუს სიმსივნის შესახებ სპეციალისტი პრერნა ტანეჯი საუბრობს.
ექსპერტის თქმით, ცუდი სუნთქვის არსებობისას მისი მიზეზის პოვნა აუცილებელია, რადგან ამ შემთხვევაში მისი მოშორება ან კორექცია ყველაზე ეფექტური იქნება.
„პირის ღრუს უსიამოვნო სუნის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება იყოს კბილის მიზეზი, ან სხეულის მიზეზი, ანუ სისტემური პრობლემა. გალიტოზი შეიძლება სისტემური დაავადების მიერ იყოს გამოწვეული, როგორიცაა დიაბეტი, თირკმლის და კუჭის პრობლემები. გარდა ამისა, პირის ღრუს უსიამოვნო სუნი შეიძლება რესპირატორული ინფექციების შედეგი იყოს“ – ამბობს ექიმი პრერნა ტანეჯი.
ამასთან ხშირად, დაახლოებით 80% შემთხვევაში პირის ღრუს უსიამოვნო სუნი ღრძილების და კბილების მდგომარეობას უკავშირდება. ინდოელი ექიმი რამდენიმე მეთოდს ასახელებს, რომელთა დახმარებით გალიტოზს წმენდის ხარჯზე მოიშორებთ.
კბილები დღეში ორჯერ გაიხეხეთ. როგორც მინიმუმ, კბილები დღეში 2-ჯერ, 12 საათიანი ინტერვალით უნდა გაიხეხოთ. ასეთი ჩვევით კბილების ნადები არ გამაგრდება და კბილის ქვას არ წარმოქმნის, რაც პირის ღრუს უსიამოვნო სუნს თავიდან აგაცილებთ.
კბილებს შორის სივრცე გაიწმინდეთ. თუ მხოლოდ კბილების ზედაპირს წმენდთ და მათ შორის სივრცეს ტოვებთ, თქვენ კბილების ფართობის მხოლოდ 40%-ს წმენდთ, ამბობს ექიმი. კბილის ძაფი დღეში ერთხელ გამოიყენეთ – კბილებს შორის დარჩენილი ნაწილაკების მოშორებით ღრძილების დაავადების ალბათობას შეამცირებთ.
ენა გაიწმინდეთ. ჩვენი ენა დვრილებით არის დაფარული, რომელიც ბაქტერიებს, მკვდარ უჯრედებს და საკვების ნაწილაკებს აკავებს. თუ მას არ გაწმენდთ, ცუდი სუნი გაჩნდება. პირის ღრუს გაწმენდა დასრულებული არ იქნება, თუ კბილების გარდა ენის ზედაპირსაც არ გაწმენდთ, აღნიშნავს პრერნა ტანეჯი.
პირის ღრუ სითხით გამოივლეთ. ინდოელი ექიმი გირჩევთ, რომ ყოველი საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუ სითხით კარგად გამოივლოთ, რომ ენასა და კბილებს შორის დარჩენილი საკვების ნაწილაკები მოიშოროთ.