გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად და სტაბილური ნორმალური არტერიული წნევის შესანარჩუნებლად რაციონს ისეთი პროდუქტები დაუმატეთ, როგორიცაა ნიახური, მსხალი, არტიშოკი და სხვა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა La Gaceta წერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად მსოფლიოში მაღალი არტერიული წნევის გამო 7,5 მლნ ადამიანი იღუპება, რაც მთლიანი წლიური სიკვდილიანობის 13%-ია.
„მონაცემები გვაშინებს, ამიტომ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჰიპერტონიის პროფილაქტიკაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნავს გამოცემა La Gaceta.
გამოცემის ექსპერტების თქმით, შემდეგი პროდუქტები გულ-სისხლძარღვთა ან ცერებრალური დაავადებების რისკის შესამცირებლად იდეალური მოკავშირეები არიან. მათი მოხმარება არტერიული წნევის კონტროლის მექანიზმს აუმჯობესებს და მაჩვენებლების დარეგულირებას ხელს უწყობს.
ნიორი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ყველაზე დიდი ნატურალური ვაზოდილატორია, ანუ საშუალება, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს და არტერიულ წნევას ამცირებს. გარდა ამისა, ნიორი ანტიბაქტერიულ ეფექტსაც ფლობს და ამის წყალობით სისხლს წმენდს. რეკომენდებულია, რომ დღეში 1 კბილი ნიორი, ნედლი ან ოდნავ მოხარშული სახით შეჭამოთ.
ხახვი, ყოველდღე. ის ნივრის მსგავსს თვისებებს ფლობს – სისხლძარღვების გაფართოებას და სისხლის კარგ მიმოქცევას ხელს უწყობს.
პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთი. ეს ზეთი ანტიოქსიდანტებით, კონკრეტულად E ვიტამინით მდიდარია. E ვიტამინი უჯრედების კვებას აუმჯობესებს, სისხლძარღვების კედლების გაძლიერებას ხელს უწყობს, თრომბის წარმოქმნას აფერხებს და მათ გაწოვას ხელს უწყობს. ოჰაიოს უნივერსიტეტის ამერიკელი სპეციალისტები განმარტავენ, რომ E ვიტამინი ყოფილ მწეველებს სისხლძარღვების აღდგენაში ეხმარება. დღეში 3 ს/კ ზეითუნის მიღება რეკომენდებულია.
პარკოსანი პროდუქტები, კვირაში 5 პორციამდე. პარკოსანი პროდუქტები 20%-მდე საკვებ ბოჭკოებს შეიცავს, რომლებიც მკვლევარების თქმით ნაწლავებიდან ნაღვლის მარილების და ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს. გარდა ამისა, პარკოსანი პროდუქტები არტერიულ წნევაზე დადებით გავლენას ახდენენ. ისინი ორგანიზმს ვიტამინებით და მინერალებით უზრუნველყოფენ.
დარიჩინი. დარიჩინი კერძებს და სასმელებს დაუმატეთ. მისი მიღება ანთებას ეფექტურად ამცირებს და სისხლძარღვების სისტემის ფუნქციონირებას არეგულირებს. სამეცნიერო კვლევებში ცხოველთა მოდელებზე ექსპერიმენტებში დარიჩინის ექსტრაქტმა მაღალი არტერიული წნევა შეამცირა.
ნიახური. წვნიანი მწვანე ბოსტნეული ორგანიზმიდან ჭარბი ნატრიუმის გამოდევნის პროცესს ააქტიურებს, რომელიც წნევის მომატების სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ დღეში 4 ღერო ნიახური მიირთვათ.
მსხალი. ეს ხილი კალიუმის შესანიშნავი წყაროა, რომელიც ნატრიუმის მოშორებას ხელს უწყობს. მსხლის ჭამა შარდმდენ ფუნქციას ავითარებს, რაც სისხლძარღვების და არტერიების დაძაბულობის დარეგულირებაში დამატებით დაგეხმარებათ.
ქოქოსის წყალი. ყოველდღე 1 ჭიქა ქოქოსის წყალი კალიუმის და მაგნიუმის მაღალი შემცველობის წყალობით კარდიოდამცავ ფუნქციას ასრულებს.
არტიშოკი. არტიშოკი დიურეტიკების მეფეა. ის სითხის აქტიურ გამოდევნას ხელს უწყობს. შეშუპებას და სისხლძარღვების დაძაბულობას აქრობს. სპეციალისტები კვირაში 2-3 პორცია ბოსტნეულის მიღებას გირჩევენ.