ყურის ბიბილოს ნაკეცი, თეთრი წრე ირისის გარშემო, ცხიმოვანი დაგროვებები კანზე – ეს იმ გარეგნულ ნიშანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გულის დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს. ექსპერტების აზრი ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია ჟურნალ Focus-ში.
მსოფლიოში გარდაცვალებათა მეოთხედი შემთხვევა დაკავშირებულია გულის დაავადებებთან. თუმცა, მიოკარდის პრობლემების შესახებ ადამიანები, ხშირად, მაშინ იგებენ, როცა მდგომარეობა უკვე ძალიან სერიოზულდება და მისი უგულებელყოფა შეუძლებელია.
ამავდროულად, გერმანელი მეცნიერების თქმით, არსებობს გარეგნული ნიშნები, რომელთა გამოვლენაც კარდიოლოგთან ვიზიტის საბაბია, რადგან ისინი იმაზე მეტყველებენ, რომ გულის ფუნქციაში გარკვეული დარღვევებია.
1. დიაგონალური ნაოჭები ყურის ბიბილოზე
ყურის ბიბინო ძალიან აქტიურად მარაგდება სისხლით. როცა გულის სისხლძარღვები ზიანდება (მაგალითად, ათეროსკლეროზის დროს), ირღვევა სისხლის მიმოქცევის პროცესი სხეულის ამ ნაწილში – შედეგად, წარმოიქმნება დიაგონალური ნაკეცი, რომელიც ბიბილოზე ჩნდება.
2. ცხიმგროვები
ცხიმოვანი დაგროვებები ხელის, ფეხის კანზე ან ქუთუთოებზე, ქოლესტერინის მომატებულ დონეზე მიუთითებს. ასეთი ჰიპერქოლესტერინემია, აგრეთვე, ათეროსკლეროზის (გულის შეტევის ან ინსულტის მთავარი ფაქტორი) მაღალი რისკის მარკერიცაა.
3. ფრჩხილებისა და თითების ზედა დანაყოფის დეფორმაცია
თითები, რომლებსაც დოლზე დასარტყამი ჯოხების ფორმა აქვთ, გაფართოებულ და გასქელებულ ფრჩხილებთან ერთად – ეს ქსოვილების ოქსიგენაციის (ჟანგბადით მომარაგების) უკმარისობაზე მიუთითებს, რაც დაკავშირებულია სისხლძარღვების ცუდ გამტარობასთან. ასეთი დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს გულის უკმარისობა.
4. წრე თვალის ირისის გარშემო
სისხლძარღვებში ცხიმოვანი დაგროვებების სიჭარბე შეიძლება გამოვლინდეს ირისის გარე ზედაპირის გარშემო თეთრი წრის სახით. ჩვეულებრივ, იგი ჩნდება, როგორც დაბერების ბუნებრივი სიმპტომი, თუმცა, 45 წლამდე ასაკში ასეთი წრის გაჩენა ლიპიდური მიმოცვლის დარღვევის ნიშანია. იგი მხედველობაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა შესაძლოა გულის დაავადებებზე მიუთითებდეს.