შეშუპება, დაღლილობა და მშრალი ხველა შეიძლება მიუთითებდეს გულის შეგუბებულ უკმარისობაზე. ამ მდგომარეობის სიმპტომების შესახებ, დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ.
შეგუბებული გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ გულის კუნთი ვეღარ ქაჩავს სისხლს სხეულის გარშემო, საჭირო სახით. თუ გული შესუსტებულია და უჯრედებს სისხლის საკმარისი რაოდენობით ვეღარ ამარაგებს, ადამიანისთვის მანამდე ჩვეულებრივი საქმიანობა სერიოზულ პრობლემად იქცევა. ჩვენ ყველა დამოკიდებული ვართ გულის მქაჩავ მოქმედებაზე, სისხლის უჯრედებამდე მიწოდების საკითხში. როცა უჯრედები ვერ იღებენ მკვებავი ნივთიერებებითა და ჟანგბადით გაჯერებულ სითხეს, ორგანიზმი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს.
გულის უკმარისობა გამოწვეულია თითქმის ნებისმიერი პირობით, რომელიც აზიანებს გულის კუნთს. კერძოდ, იგი შეიძლება იმის შედეგი იყოს, რომ ადამიანს გულის იშემიური დაავადება აწუხებს. გულის აღნიშნული დაავადების განვითარების დროს, კორონარული არტერიები, რომლებიც გულის კუნთს სისხლით ამარაგებს, იბლოკება ან ვიწროვდება, და გულიც ვერ იღებს საკმარის სისხლს, რომელიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება.
შეგუბებული გულის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს გულის ქრონიკულად გადამღლელ მდგომარეობებთან დაკავშირებით, მაგალითად, ჰიპერტონიის, დიაბეტის, თირკმლების უკმარისობის, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების შედეგად.
შეგუბებული გულის უკმარისობის სიმპტომები
გულის უკმარისობა ვლინდება სიმპტომებით, რომლებიც, აგრეთვე, სხვა მდგომარეობებისთვისაცაა დამახასიათებელი. თუმცა, ნებისმიერმა, ვინც ერთზე მეტ სიმპტომს განიცდის, უნდა მიმართოს ექიმს და მოითხოვოს გულის გამოკვლევა.
- ხველა
ფილტვებში არასაკმარისი სისხლმიწოდების გამო, ჩნდება შეკავება: გროვდება სითხე და იწვევს ქოშინს დასვენების დროსაც კი (განსაკუთრებით, წოლისას). ამ დროს, შეიძლება მშრალმა ხველამ იჩინოს თავი.
- შეშუპება
თირკმლებშიც, გულის უკმარისობის ფონზე, არასაკმარისი სისხლი აღწევს, რამაც შეიძლება მათი აქტივობის შემცირება და წყლის შეკავება, შეშუპება გამოიწვიოს. იწყება კოჭების, ფეხების, მუცლის შებერილობა, შეიძლება მოიმატოთ წონაში.
- დაღლილობა და თავბრუს ხვევა
ორგანოებში სისხლის მიწოდების შემცირებას შეუძლია ფიზიკური სისუსტის შეგრძნების გამოწვევა. რამდენადაც სისხლის მიწოდების პრობლემა ტვინსაც ეხება, ხშირია თავბრუს ხვევები და დეზორიენტაცია.
- დაურეგულირებელი და სწრაფი გულისცემა
სისხლის უკმარისობის პრობლემის მოგვარების მცდელობისას, გული შეიძლება უფრო სწრაფად ამუშავდეს, გახშირდეს გულისცემა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!