ვფიქრობ, აგარაკისთვის მარადმწვანე მცენარეებზე უკეთესი არაფერია. უპრეტენზიო მცენარეები თავისი გარეგნობით ყოველთვის გვახარებს. მთელი წელი მწვანე და ლამაზი რჩება. ერთი უბედურებაა, ამ მცენარის დასარგავი მასალა საკმაოდ ძვირი ღირს. იმედი არ გაიცრუოთ, რადგან პატარა კალმიდან მარადმწვანე ბუჩქის გაზრდას ყოველთვის შეძლებთ.
დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ გაზარდოთ ტუია სახლის პირობებში. სილამაზე, რომელიც ერთი თეთრიც კი არ ღირს.
როგორ გავზარდოთ ტუია
ალბათ ფიქრობთ, რომ ახლა ათას პუნქტიანი რთული ინსტრუქციის წაკითხვა მოგიწევთ, მაგრამ ასე არაა. როგორც აღმოჩნდა, აგარაკზე ტუიას გაზრდა ბევრად უფრო მარტივია და მასთან გამკლავებას დამწყებიც კი შეძლებს. ყველაფერი რაც გჭირდებათ, მოწონებულ ხეზე ტოტი მოწყვიტეთ. რა თქმა უნდა, ყველა მცენარე ფესვს ვერ გამოიღებს, მაგრამ მარადმწვანე და ცისფერი ტუიას შემთხვევაში ყველაფერი გამოვიდა.
ახლა, ნახეთ როგორ უნდა მოიქცეთ მოტეხილ კალამთან.
ტუიას გაზრდა
1. კალმის შერჩევა
კალამს გაფესვიანების დიდი შანსი რომ ჰქონდეს, სწორად უნდა შეარჩიოთ. აქ ყველაფერი მარტივადაა: რაც უფრო დიდი კალამი, მით უფრო გაფესვიანდება. სჯობს ზრდასრული, დაახლოებით 30 სმ სიმაღლის ტუიას ტოტი აიღოთ. რაიმე მახვილით გადაჭერით და ქვედა ფოთლები მოაშორეთ. კალამი მზადაა, ახლა მისთვის ადგილი მოამზადეთ.
2. ნიადაგის მომზადება
ტუიასთვის გამოგადგებათ სველი ადგილი აგარაკის ჩაბნელებულ კუთხეში. აქ 20-25 სმ სიღრმის ორმო ამოთხარეთ, ორმოს ძირი კარგად გააფხვიერეთ. კარგი იქნება თუ სასუქსაც დაუმატებთ. სჯობს წყალში ხსნადი სასუქი შეარჩიოთ, რადგან მათი ათვისება ადვილად ხდება და ფესვები არ დაიწვება. სასუქი კარგად მიაწოდეთ და ცოტა ხნით დატოვეთ, რომ ნიადაგი საჭირო ნივთიერებებით გაიჟღინთოს.
3. დარგვა
ახლა კალამი ფოთლებამდე ჩადეთ. ნიადაგი გაათანაბრეთ, რომ ტოტი სწორად გამართული იყოს. თუ კალამი მყარად ჩარჭობილი არაა, მიწა ოდნავ მოაყარეთ და მის ირგვლივ ნიადაგი დატკეპნეთ.
4. სათბურის შექმნა
კალამი საკმაოდ ნაზია, ამიტომ თავიდან სჯობს სპეციალურ სათბურში მოათავსოთ. შესაფერისი პირობების შესაქმნელად მყარი, გამჭვირვალე მასალა გამოგადგებათ. ყველაზე მარტივი ვარიანტი – გადაჭრილი ღია ფერის პლასტმასის ბოთლი. კალამს გადაჭრილი ბოთლი დააფარეთ ისე, რომ ფოთლებიანად შიგნით მოხვდეს.
ისე უნდა გააკეთოთ, რომ სათბურში ცივი ჰაერი არ მოხვდეს. სწორედ ამიტომ, ბოთლი მიწაში რამდენიმე სანტიმეტრით ჩაარჭეთ და კუთხეებში მიწა მიაყარეთ. მთელი კონსტრუქცია ოდნავ მორწყეთ და მშვიდად დატოვეთ.
5. შემდეგი მოვლა
კალმის მოვლა რთული არაა: პერიოდულად მორწყეთ და გაანიავეთ, მაგრამ დარგვიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ. როცა შეამჩნევთ, რომ კალამი გაფესვიანდა, შეგიძლიათ სათბური საერთოდ მოაშოროთ. უკვე მეორე წელს შეგიძლიათ ტუია გადარგოთ, მაგრამ სჯობს ერთ ადგილას 1-2 წელი გაზრდა აცადოთ.
ეს მარტივი მეთოდი საკმაოდ კარგად მუშაობს. თუ გსურთ დარწმუნდეთ, რომ კალამი გაფესვიანდა და გადარჩენას შეძლებს, შეგიძლიათ უფრო რთული გზა აირჩიოთ. აირჩიეთ კალამი, ქვემოთ ფოთლებისგან გაათავისუფლეთ, რომ მკვებავი ნივთიერებები კალმის გაფესვიანება და არა ტოტებს მოხმარდეს. კალამი დაახლოებით 2 დღე სიბნელეში გააჩერეთ.
შემდეგ კალამი ზრდის მასტიმულირებელ საშუალებაში დაალბეთ. ახლა კალამი მსუბუქი ნიადაგით სავსე ნებისმიერი მცირე ჭურჭელში ჩარგეთ, რომელშიც წყალი არ დაგროვდება. დარგვის შემდეგ უხვად მორწყეთ, შემდეგ კი სათბურის პირობები შეუქმენით. შეგიძლიათ პლასტმასის ჭიქაში დარგოთ და ზემოდან ასევე პლასტმასის ჭიქა დააფაროთ.
კალამი ერთი კვირა გააჩერეთ, არაფრის გაკეთება საჭირო არაა, უბრალოდ სტაბილური ტემპერატურა შეუნარჩუნეთ. სათბურის ეფექტი რომ შექმნათ, შეგიძლიათ ჭიქები ცოტა წყლით სავსე ქილებში მოათავსოთ. ასე ტენიან და ხელსაყრელ გარემოს მიიღებთ.
1 კვირის შემდეგ კალამი გაფესვიანებას დაიწყებს. არ მორწყათ, უბრალოდ ნიადაგი და თავად ტოტები ოდნავ დაასველეთ. ეს ერთი, მაქსიმუმ ორი თვე გაგრძელდება. თუ შეამჩნევთ, რომ ფესვები წარმოიქმნა, ხოლო ტოტები გაიზარდა, კალამი უკვე გადარჩა. ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ მუდმივ ადგილას გადარგოთ.
როგორც ხედავთ, რთული არაფერი არაა. არანაირი ზედმეტი ზრუნვა და ხარჯი არ სჭირდება. ტუია ძალიან კარგად იზრდება, ასე რომ თამამად შეგიძლიათ გაზარდოთ.