ზაფხული წლის ყველაზე შესანიშნავი დროა. ეს პერიოდი დასვენებით და შვებულებებით გვახარებს, ასევე ბევრი მზიანი დღით, ახალი ხილით და ბოსტნეულით გვავსებს.
სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს საკვებით მოწამვლის შემთხვევები იზრდება. ზაფხულში დაავადების გამომწვევი ბაქტერიების შესანახად და გასამრავლებლად ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობები იქმნება.
სწორედ ამიტომ, ზაფხულში ჩვეული საკვები პროდუქტებიც კი უფრო დიდ საფრთხეს შეიცავენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს.
საკვებით მოწამვლის მიმართ ყველაზე უფრო მგრძნობიარეები ბავშვები, ხანდაზმულები და კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე ადამიანები არიან. მათში მოწამვლა უფრო მძიმე ფორმებში მიმდინარეობს.
პირველი ნიშნები ჭამიდან უკვე 20 წუთის შემდეგ ვლინდება. ესაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სხეულის გაზრდილი ტემპერატურა და ჟრჟოლა.
რა უნდა გააკეთოთ, რომ ცხელ ამინდში საკვებით მოწამვლა თავიდან აიცილოთ? წესები საკმაოდ მარტივი და კარგად ცნობილია. თქვენ უბრალოდ ზოგიერთი წვრილმანი არ უნდა უგულებელყოთ.
პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე წესი დაიცავით:
1. ჭამის წინ ხელები დაიბანეთ
ეს ფრაზა ყველასთვის ჯერ კიდევ ბავშვობიდან ცნობილია. თუმცა დღემდე აქტუალობას არ კარგავს. საკვები მხოლოდ სუფთა ხელებით აიღეთ.
2. არასანქცირებულ ადგილებში პროდუქტები არ შეიძინოთ
გარდა იმისა, რომ პროდუქტები არასწორი ტემპერატურის რეჟიმში ინახება, ასევე დარწმუნებული ვერ იქნებით, რომ წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ყველა ნორმა დაცული იყო.
3. ვადაგასული პროდუქტი არ შეიძინოთ
განსაკუთრებით ეს ხორცის და რძის პროდუქტებს ეხება.
4. საკვები პროდუქტების შენახვის პირობები აუცილებლად დაიცავით
ტემპერატურა, სინათლის რეჟიმი, ტენიანობა და ა.შ. პირობების დაცვა აუცილებელია.
5. ნედლი და მზა პროდუქტი ერთად არ შეინახოთ
ამ პროდუქტების დასამუშავებლად სხვადასხვა საჭრელი დაფა და დანა გამოიყენეთ.
6. საკვების ხანგრძლივი თერმული დამუშავება აუცილებელია
გახსოვდეთ: ბევრი მიკროორგანიზმი და მათი ტოქსინები მაღალ ტემპერატურაზე იღუპებიან.
7. თერმული დამუშავების არ მქონე პროდუქტები კარგად გარეცხეთ: ხილი, ბოსტნეული, მწვანილი
დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად პროდუქტები 10 წუთის განმავლობაში 10%-იან მარილწყალში ან 3%-იან ძმრის ხსნარში უნდა გააჩეროთ. ამის შემდეგ გამდინარე წყალში კარგად უნდა გარეცხოთ.
8. მალფუჭებადი კერძები და სალათები ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტხანს არ შეინახოთ
სალათები მაიონეზით მხოლოდ გამოყენების წინ მორთეთ. ახალი და წინა საღამოს დარჩენილი კერძების ერთმანეთში არევა არ შეიძლება.
9. უცნობი სოკო არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ
საკვებად მხოლოდ ცნობილი სოკო და მხოლოდ ორმაგი თერმული დამუშავების შემდეგ გამოიყენეთ.
10. ვაკუუმ შეფუთვაში პროდუქტის შეძენისას ყურადღება მის მთლიანობას მიაქციეთ
მცირე ნაკაწრის შემთხვევაშიც კი მის შეძენაზე უარი განაცხადეთ.
იგივე კონსერვებს ეხება. ლითონის ქილებზე ჟანგი, ღრუები, ეტიკეტის არ არსებობა – პირველი ნიშნებია, რომ ფრთხილად უნდა იყოთ.
ეს წესები აუცილებლად გაითვალისწინეთ და საკუთარ თავს გაუფრთხილდით!