სხვადასხვა შეფასებით, ზრდასრულთა 25%-ს ამა თუ იმ ფორმის რეზისტენტულობა აქვს ინსულინის მიმართ. თვითონ ეს მდგომარეობა საშიში არაა, თუმცა, თუ ზომებს არ მიიღებთ, შეიძლება გამოიწვიოთ პრედიაბეტის ან მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებაც კი – დაავადება, რომელიც საგრძნობლად მოქმედებს ცხოვრების ხანგრძლივობასა და ხარისხზე. საფრთხე დროულად რომ ამოიცნოთ, მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის კონტროლი, ასევე, ყურადღების გამახვილება ინსულინ-რეზისტენტულობის ნიშნებზე.
1. გასუქება წელის არეში
ქალებში ჭარბი წონა, პირველ რიგში, ნაწილდება თეძოებსა და ბარძაყებზე, სიმსუქნის “ვაშლისებრი” ტიპი, რომლის დროსაც “მარაგი” წელის არეში ნაწილდება, უფრო მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი. თუ ღიპი გაგიჩნდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. საქმე ისაა, რომ ცხიმი მუცლის მონაკვეთში – აბდომინალური – განსაკუთრებით აქტიურია იმ ჰორმონების გამომუშავებაში, რომლებიც მოქმედებს გლუკოზის მიმართ ტოლერანტულობაზე, რითიც ზრდის დიაბეტის რისკს. შეამოწმეთ გლუკოზის დონე, ჩაეწერეთ ენდოკრინოლოგთან და აუცილებლად გადახედეთ რაციონსა და ცხოვრების წესს: დიეტა მარტივი ნახშირწყლების გარეშე და სპორტი დაგეხმარებათ.
2. აკნე და გაფართოებული ფორები
ინსულინისადმი მომატებული რეზისტენტულობის დროს, ორგანიზმი იწყებს კანის ქონის აქტიურ გამომუშავებას, რაც, პირველ რიგში, იწვევს ფორების გაფართოებასა და აკნეს გაჩენას. თუ ეს ქონი თქვენს პრობლემად იქცა, კოსმეტოლოგთან ნუ გაიქცევით, დიდი ალბათობით, ჯერ ენდოკრინოლოგი გჭირდებათ.
3. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
უხეშად რომ ვთქვათ, ეს სიმპტომი კი არა, ფაქტორია, რომელიც სერიოზულად ზრდის ინსულინის მიმართ რეზისტენტულობის განვითარების ალბათობას. ბოლოდროინდელი გამოკვლევებით დადგინდა პირდაპირი კავშირი პკსს-სა და ინსულინ-რეზისტონტულობის მომატებულ რისკს შორის.
4. თმისცვენა
ყოველდღიურად, ჩვენ 70-100 ღერ თმას ვკარგავთ და ეს ნორმალურია. თუმცა, თუ სავარცხელზე ან ბალიშზე “გაუთვალისწინებელ” თმას ხედავთ, ღირს სისხლში გლუკოზის დონის შემოწმება და ექიმთან ჩაწერა: თმის ცხენა კიდევ ერთი ნიშანია ინსულინ-რეზისტენტულობისა.
5. შეშუპებები
ყველაზე ხშირად, შუპდება ტერფები, თუმცა, სითხის შეკავება სხეულის სხვა ნაწილებზეც შეიძლება მოხდეს. საქმე ისაა, რომ სწორედ ინსულინი “უბრძანებს” თირკმლებს, გამოდევნოს ორგანიზმიდან ნატრიუმი და სითხე – და თუ ამ ჰორმონის ბალანსი დარღვეულია, შეიძლება გაჩნდეს შეშუპებები და მუცლის შებერილობაც. არ უგულებელყოთ ეს სინდრომი!
6. სისხლში მომატებული შაქრის დონე
თვალსაჩინო სიმპტომი, რომელსაც მაინც უგულებელყოფენ. თუ გლუკოზის დონე წითელ დონეს არ სცდება, თუმცა ზედა ზღვარს უახლოვდება ან ოდნავ აღემატება, არ უგულებელყოთ და არ ელოდოთ, რომ თავისით გაივლის – მიმართეთ ექიმს. ეს შეიძლება სერიოზული დაავადების პირველი ნიშანი იყოს.
7. მიდრეკილება ნახშირწყლებისადმი
ინსულინისადმი მომატებული რეზისტენტულობის დროს, სხეული კარგავს უნარს, მოიპოვოს გლუკოზისგან ენერგია და არ ჰყოფნის ძალა ფუნქციონირებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სისხლში შაქარი საკმარისი და მეტიც კია. ამიტომ ტვინი დარწმუნებულია, რომ მეტი სჭირდება. თუ უცებ ფუნთუშა, კარტოფილი და ტკბილეული მოგინდათ და ეს სურვილი არ ქრება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.