სიცხეში არავის უნდა თავის დამძიმება ცხიმიანი ან კალორიული საკვებით. ამ დროს ჩვენ წყურვილის გრძნობა გვძლევს და გაგრილებას ვცდილობთ. ხსნად გვევლინება ყინულიანი სასმელები, ნაყინი, ცივი ბოსტნეულის სალათები და საზაფხულო წვნიანები. მართალია, სტაფილოს აქამდე წვნიანის ერთ-ერთ მეორეხარისხოვან ინგრედიენტად იცნობდით, თუმცა დღეს დარწმუნდებით, რომ ეს ბოსტნეული იმსახურებს, სუპის ძირითად ინგრედიენტად იქცეს.
სტაფილოს კრემ-სუპი
სტაფილოს წვნიანის მოსამზადებლად სულ 25 წუთი დაგჭირდებათ. გარდა მკვებავი ნივთიერებებისა, სტაფილო შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც აუმჯობესებს მხედველობას, საჭმლის მონელებასა და კანის ფერს. სწორედ ამიტომ, ამ წვნიანის მირთმევით თქვენ მიიღებთ სარგებელს, დანაყრების შეგრძნებასა და სიგრილეს ერთდროულად.
ინგრედიენტები
- 6 ახალი სტაფილო
- 100 მლ წყალი
- 100 მლ ფორთოხლის წვენი
- 1 ჩ.კ. ნაღები
- 1 მწიკვი მარილი
- 1 მწიკვი დაფქული ქინძი
მომზადება
1. გაფცქვენით სტაფილო და დაჭერით მომცრო ნაჭრებად. წვნიანი ყველაზე გემრიელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ მას ახალი სტაფილოსგან მოამზადებთ: გემო უფრო გაჯერებული იქნება, ხოლო ფერი – მკვეთრი.
2. გაცხელებულ ტაფაზე შეწვით სტაფილო ნაღებთან ერთად, 3 წუთის განმავლობაში.
3. მოათავსეთ სტაფილო ქვაბში და დაასხით წყალი. მოხარშეთ დარბილებამდე.
4. დაუმატეთ სანელებლები, ფორთოხლის წვენი. გააგრილეთ სუპი და ათქვიფეთ იგი კრემისებრი კონსისტენციის მიღებამდე, ბლენდერში.
5. კრემ-სუპი მიირთვით ცივად, არაჟანთან და გახუხულ პურთან ერთად. მორთეთ წვნიანი მწვანილებით.
ინგრედიენტების ეს რაოდენობა საკმარისია ორი ულუფისთვის. გემრიელად მიირთვით!