შვილის გაჩენა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტია. მომავალ დედას ავსებს მკვეთრი ემოციები და ახალი ფიზიოლოგიური შეგრძნებები, ამიტომაცაა ასე მნიშვნელოვანი მის გვერდით ვიღაცის ყოფნა. ადრე მშობიარეთა კომფორტის საკითხით არავინ ინტერესდებოდა, თუმცა ახლა უკვე არსებობენ სპეციალურად განათლებული ქალბატონები, რომელთა დახმარებით სარგებლობაც ნებისმიერ ფეხმძიმეს შეუძლია.
ჩვენ ვსაუბრობთ დოულაზე – ქალზე, რომელიც ფეხმძიმობის, მშობიარობისა და რეაბილიტაციის პერიოდში გვეხმარება და ყოველგვარ მხარდაჭერას გვიცხადებს. ბევრს გაუგია მათ შესახებ, თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ რა შეუძლიათ დოულებს და რაში გვჭირდება მათი დახმარება. სწორედ ამის შესახებ ისწაუბრებს დღეს ჩვენი რედაქცია.
პროფესიონალური მხარდაჭერა
ჩვენს ქვეყანაში ბევრმა არ იცის, ვინ არიან დოულები და რას წარმოადგენენ ისინი. თუმცა, ეს პრაქტიკა დიდი ხანია ცნობილი და საკმაოდ გავრცელებულია სხვა ქვეყნებში. დოულას მომსახურებას მიმართავენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც, მაგალითად, ნიკოლ კიდმანი, მილა კუნისი და მეგან მარკლი არიან. რაში სჭირდება ფეხმძიმეს დოულა?
დოულა – ესაა ქალბატონი, რომელიც უშუალოდ მშობიარობის წინ, დროს და შემდეგ გეხმარებათ. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მეანია, თუმცა ასე არაა. დოულა ექიმი არაა, იგი უზრუნველყოფს ემოციური და ინფორმაციული ხასიათის მხარდაჭერას. მისი ძირითადი ფუნქციაა მშობიარესთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა.
დოულა არ იღებს მშობიარობას, არ სვამს დიაგნოზს და არ იძლევა სამედიცინო რჩევებს. მისი მისია მდგომარეობს იმაში, რომ მომავალ დედას მიაწოდოს სრული ინფორმაცია მშობიარობის პროცესის შესახებ, შეუმსუბუქოს მდგომარეობა მასაჟითა და სუნთქვითი ტექნიკით და უზრუნველყოს მშობიარესთვის ყველა სურვილის შესრულება.
რას აკეთებს დოულა
პროფესიის მთელი სპეციფიკის გასაგებად უნდა გავერკვეთ, თუ რისი გაკეთება იცის და შეუძლია დოულას. განვიხილოთ მთავარი პუნქტები:
1. უზრუნველყოფს ემოციურ მხარდაჭერას. აქ არაა სტანდარტული სცენარი, რადგან ყოველ მშობიარეს თავისებური მოთხოვნილებები და სურვილი აქვს. ეს შეიძლება იყოს საუბარი ან ხელის ჩაკიდება. დოულა მიდგომას ნებისმიერ ქალთან პოულობს.
2. დოულამ იცის ბუნებრივი გაუტკივარების მეთოდები და ასრულებს კიდევაც მათ. ეს მეთოდები მრავალფეროვანია: მასაჟი, სუნთქვითი სავარჯიშოები და რელაქსაცია.
3. ამ ქალბატონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ინფორმირება. მშობიარობამდე იგი ამზადებს მშობლებს პროცესისთვის, უყვება, როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ შემთხვევაში, მშობიარობის დროს. როცა ქალი სრულადაა ინფორმირებული, მარტივად უმკლავდება სტრესს, რადგან გაცილებით ნაკლები მოულოდნელობა ხდება.
4. დამხმარე ქალს სრულად აცნობს მის უფლებებს კონკრეტულად იმ ქალაქსა და იმ სამშობიაროში, სადაც პროცესი მიმდინარეობს.
5. დოულა ყოველთვის მშობიარეს მხარეს იჭერს. იგი უზრუნველყოფს, რომ მისი ყველა სურვილი შესრულდეს და დაცული იქნას. სტრესის მდგომარეობაში ქალი ვერ აქცევს ყურადღებას ყველაფერს. ამისთვისაა დოულა, რომელიც სრულად ინფორმირებულია მშობიარეს სურვილებით და ხელს უწყობს მათ შესრულებად.
6. თუ ქალი გადაწყვეტს, რომ მშობიარობას მისი პარტნიორი უნდა დაესწროს, დოულა მასაც დაეხმარება. ბევრი ვერ აფასებს ასეთი დახმარების მნიშვნელობას, თუმცა შვილი მამაკაცსაც ისევე უჩნდება, როგორც ქალს, ამიტომ მასაც სჭირდება დახმარება.
რა არ ევალება დოულას
თუმცა, დოულას უფლებამოსილება უსაზღვრო არაა. არის რაღაცები, რასაც დოულა არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს. მოდით, გავიგოთ, რა არ შედის დოულას მომსახურებაში.
1. იგი არ ახდენს სამედიცინო მანიპულაციებს: არ ზომავს ყელის გახსნილობას, არ უწევს რეკომენდაციას პრეპარატებს და არ აფასებს სამედიცინო ჩარევის აუცილებლობებს.
2. ასევე, დოულა არ ერევა ექიმების მუშაობაში. პროფესიონალი დოულასთვის ექიმთან კონფლიქტი დაუშვებელია. მისი დანიშნულებაა – კონტაქტი დაამყაროს პროცესის მონაწილეებს შორის, არავითარ შემთხვევაში არ წარმოქმნას კონფლიქტი.
3. ასევე, დოულა არ იძლევა რჩევებს და არ ეუბნება ქალს, რა არის სწორი. მან შეიძლება ინფორმაციით უზრუნველყოს მშობიარე, თუმცა არ დაუწყებს მტკიცებას და თავისი აზრის თავს მოხვევას. დოულას მოქმედება არ უნდა იყოს შეფასებითი.
4. დოულა ვერ იქნება ერთი კონკრეტული პრაქტიკის ან მეთოდიკის ფანატური მომხრე. ის შეიძლება რომელიმეს ანიჭებდეს უპირატესობას, თუმცა კლიენტს თავისი აზრები არ უნდა მოახვიოს ზედმეტად.
ახლა დოულის პროფესია სულ უფრო პოპულარული ხდება, ქალები კი მათ სულ უფრო ხშირად მიმართავენ. ექიმებიც კი ამტკიცებენ, რომ დოულას დასწრება მშობიარობის დროს დადებითად მოქმედებს ქალისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე. სტატისტიკის მიხედვით, დოულას მომსახურება ამცირებს საკეისრო კვეთის ალბათობას 50, ხოლო ფეხმძიმობის ხანგრძლივობას – 25 პროცენტით. ასევე, ამცირებს სტიმულაციებისა და გამაყუჩებლების საჭიროებასაც.
თქვენ ისარგებლებდით თუ არა დოულას მომსახურებით? რატომ?