ყველა ყვავილს თავისი სეზონი აქვს, ჩემთვის კი, მაისის დასაწყისი – სურნელოვანი იების სეზონია, რომლებსაც მრავალმა ერმა მიუძღვნა ლეგენდები და სინაზისა და უმანკოების სიმბოლოდ ითვლება.
აყვავებული იები
იების გამოყენება საკვები დანიშნულებით ჯერ კიდევ რომაელებმა დაიწყეს. ისინი ამ ყვავილებს უმატებდნენ ღვინოს, რომელსაც “გაზაფხულის სასმელს” უწოდებდნენ. იებს მთელი თავი მიუძღვნა შუასაუკუნელმა ფრანგმა მეცნიერმა და ექიმმა ოდომ თავის პოემაში “ბალახების თვისებების შესახებ: “ვარდების სილამაზე და შროშნის ელვარება ვერ შეედრება სურნელოვან იას ვერც არომატით, ვერც თვისებებით.”
იამ გამოყენება ჰპოვა ხალხურ მედიცინაშიც. მკურნალები ამ მცენარის ღეროებსა და ყვავილებს აგროვებენ და ახმობენ სამკურნალო მიზნებისთვის. გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, ნაღველმდენი და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება.
იის ნახარში ამსუბუქებს ბრონქიტის, ანგინისა და პნევმონიის სიმპტომებს. ამ ყვავილის ნაყენი წყალზე, ფესვიანად, გამოიყენება ცისტიტის, შარდ- და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.
ია პიკანტურ გემოს ანიჭებს დესერტებსა და სასმელებს. მისგან შეგიძლიათ მრავალი გემრიელობის მომზადება: სალათები, ჯემები, ლიქიორი, იის სიროფი და ძმარი, კანფეტები, ჩაი და, ასევე, პრინცესების შესაფერისი ტკბილეული – ია შაქარში.
ია შაქარში
იის ფურცლები შაქარში – ეს ნატიფი დესერტია, რომელიც ევროპაში უკვე დიდი ხანია ცნობილია. მისი მომზადების ტრადიცია ფრანგულ ტულუზაში, თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი მოყვარული იყო ავსტრიელი იმპერატორი სისი(ელისაბედი).
გთავაზობთ ამ ტკბილეულის რეცეპტს. იმისათვის, რომ აგარაკზე მოკრეფილი ყვავილები არ დაჭკნეს, შეინახეთ ისინი მაცივარში, და თუ ეს მაინც მოხდა, შეაშხეფეთ წყალი, შედგით მაცივარში 1 საათით და მაქსიმალურად სწრაფად შეუდექით ტკბილეულის მომზადებას.
ინგრედიენტები
- 100 გ წვრილი შაქარი
- 50 გ იის ყვავილები
- 1 კვერცხი(ცილა)
მომზადება
1. გარეცხეთ ყვავილები ცივ წყალში და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ცოტაოდენი წყალი.
3. დააფქვიეთ შაქარი.
4. აიღეტ ყვავილები და მოათავსეთ ის გარე მხრით პერგამენტზე. ფრთხილად წაუსვით ფურცელს კვერცხის ცილა. გადააბრუნეთ ყვავილი და გაიმეორეთ მეორე მხარესაც.
5. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ყვავილის გულს, თუ ამ ადგილას მას კარგად ვერ დაშაქრავთ, ფურცლები საკუთარ წონას ვერ გაუძლებს და გატყდება.
6. ყველა მხრიდან მოაყარეთ ყვავილებს შაქარი. დარწმუნდით, რომ ფურცლები არ ეწებება. შაქრის ქერქი უნდა იყოს ცოტათი სველი და შეძლებისდაგვარად თხელი.
7. იმისათვის, რომ ყვავილის ფურცლები არ დაჭკნეს, მოათავსეთ ყვავილები “სახით” ქვემოთ პერგამენტის ქაღალდზე.
8. მზა ყვავილები მოათავსეთ საცხობზე და შედგით 60 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2-3 საათით. ოთახის ტემპერატურაზე ეს პროცესი მინიმუმ 24 საათს მოითხოვს.
9. დაშაქრული ყვავილები მოათავსეთ შუშის ქილაში, ოთახის ტემპერატურაზე მათ 3 თვით შეინახავთ, ხოლო მაცივარში – მინიმუმ 6 თვით.
10. იის ცუკატები შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან, ასევე, მორთოთ ამ ყვავილებით ტორტები, კექსები, პუდინგები ან პეროგები.
გემრიელად მიირთვით!