ჯანსაღ კვებას მიძღვნილ საიტებზე ხშირად შეხვდებით ჩვენთან ისეთ უჩვეულო და ნაკლებად ცნობილ ინგრედიენტს, როგორიც ფსილიუმია. მას ისფაგულს, ისპაგოლსაც უწოდებენ. როგორც აღმოჩნდა, ეს მრავალძარღვას(Plantago psyllium L) თესლის კანი ან ფქვილია.
ეს ის მრავალძარღვა არაა, რომელსაც ბავშვობაში დასისხლიანებულ მუხლებზე ვიდებდით, არამედ მისი იშვიათი ნათესავი, რომელიც ამიერკავკასიასა და ინდოეთში იზრდება. ამ მცენარისგან აწარმოებენ ძვირფას საკვებ დანამატებს, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები კი სულ უფრო ხშირად უწოდებენ მას უნიკალურ სუპერსაკვებს.
რა აქცევს მას უნიკალურად? ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ მის შემადგენლობას, თვისებებსა და გამოყენების გზებს ხალხურ მედიცინაში, კულინარიასა და დიეტოლოგიაში.
მრავალძარღვას თესლის კანი
ფსილიუმს თითქმის არ აქვს თავისებური გემო და 80-85%-ით ცელულოზასგან შედგება. განსაკუთრებულად ფასეულია ის, რომ ცელულოზას სრული შემდგენლობის 71%-მდე წარმოადგენს ხსნადი ცელულოზა, რომელიც შესანიშნავი საკვებია ნაწლავების სასარგებლო მიკროფლორისთვის. შედარებისთვის: პოპულარულ შვრიის ქატოს მხოლოდ 10-15% ცელულოზა აქვს, მათ შორის კი მხოლოდ 5%-ია ხსნადი.
ფსილიუმში თითქმის არაა ათვისებადი ნახშირწყლები და ეს მისი კიდევ ერთი უპირატესობაა ქატოსთან მიმართებით, რომელშიც 62%-მდე ნახშირწყალია. ფსილიუმის მთავარი კულინარიული თვისება, რომელიც მას დაბალკალორიურ და უგლუტენო ნამცხვრისთვის შესანიშნავ ინგრედიენტად აქცევს, არის ის, რომ მას შეუძლია ტენის შეწოვა და გელისებრ მასად ქცევა.
მრავალძარღვას 1 გ სუფთა ფქვილი იწოვს 45 მლ(!) წყალს, რაც ძალიან ბევრია. ასეთი ფქვილის კალორიულობა 100 გ-ზე მხოლოდ 30 კკალ-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 100 გ ხორბლის ფქვილში 334 კკალ, ხოლო ჭვავისაში – 298 კკალ-ია. ამ ფონზე მრავალძარღვას ფქვილის გამოყენება ნამდვილი მიღწევაა დიეტური ნამცხვრისთვის.
ფსილიუმის თვისებები
საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობა ფსილიუმში მის სამკურნალო თვისებებს განსაზღვრავს. ლორწოვანი მასა, რომელიც მრავალძარღვას კანის სითხესთან რეაქციის დროს ჩნდება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისთანავე მოქმედებას რამდენიმე მიმართულებით იწყებს.
- ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, ხელს უშლის მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენას.
- გამოდევნის მავნე ტოქსიკურ ნივთიერებებს ორგანიზმიდან მძლავრი ენტეროსორბენტის თვისების წყალობით.
- ეკვრობა ნაწლავის კედლებს, აჩქარებს წყლულებისა და ეროზიის შეხორცების პროცეს.
- ასრულებს საკვების დანიშნულებას ნაწლავების მიკროფლორისთვის, რითაც ხელს უშლის დისბაქტერიოზს.
- ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს.
- აუმჯობესებს ნაწლავების მოტორიკას.
- ანელებს ცხიმებისა და ნახშიწრყლების ათვისებას, ხელს უშლის ჭარბი წონის წარმოქმნას.
გამოყენება
1. მედიცინაში
ფსილიუმის გამოყენების ძირითადი სფერო მედიცინაში დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის მკურნალობასთან. კერძოდ: ყაბზობა, დიარეა, ბუასილი, დივერტიკულოზი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
2. დუკანის დიეტაში
ფსილიუმი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც გახდომა სურს. დუკანის დიეტაში მას დიდი ადგილი უჭირავს. ცნობილია, რომ კვების ეს სისტემა დაფუძნებულია შაქარსა და ნახშირწყლებზე სრულად უარის თქმაზე ცილოვანი პროდუქტის სასარგებლოდ.
ამ შემთხვევაში, ფსილიუმის როლი ფასდაუდებელია. იგი ერთბაშად ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს: პირვეი – ხელს უშლის ყაბზობას, რომელიც თან ახლავს ცილოვან დიეტას და მეორე – მრავალძარღვას თესლის კანისგან მოამზადებთ პურ-ფუნთუშეულს, რომელიც დაბალკალორიული იქნება და დაშვებულია დუკანის დიეტის ყველაზე აგრესიულ ეტაპში – შეტევაშიც.
3. კულინარიაში
დუკანის დიეტის მიმდევართა უმეტესობას ეს პროდუქტი სწორედ იმიტომ შეუყვარდა, რომ იგი შეუცვლელია დიეტურ საკვებში. ფსილიუმი ნამცხვრებში იდეალურად იწოვს ტენს, ცომს ხდის ისეთივეს, როგორიც გლუტენის შემთხვევაში, ოღონდ დიეტურ ვარიანტს.
როგორ გამოვიყენოთ მრავალძარღვას თესლის კანი
იმისათვის, რომ ფსილიუმის მოხმარებით მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, უნდა იცოდეთ მისი გამოყენების წესები.
- ფსილიუმის პირველი მიღების წინ აუცილებელია ინსტრუქციის გულმოდგინედ შესწავლა. წესით, დოზირება განპირობებულია საკვები ბოჭკოების კონცენტრაციით.
- მრავალძარღვას კანი ამცირებს პრეპარატების შეწოვის უნარს. ამიტომ, თუ წამლებს იღებთ, ამ პროდუქტის გამოყენებამდე ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.
- დაუმატეთ ეს ძვირფასი ბოჭკო რაციონში თანდათან, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი და მუცლის შებერილობა.
- მიირთვით ფსილიუმი ჭიქა წყალში ან წვენში გახსნილი სახითაც. მიირთვით გახსნისთანავე, სანამ სითხე გელისებრი გახდებოდეს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გელისებრ ფორმაში ეს პროდუქტი მოცულობაში გაცილებით დიდია. თუ მას ნახევრად მყარი ფორმით მიიღებთ შეიძლება მოიწამლოთ. - იმის გამო, რომ ფსილიუმი ძალიან კარგად იწოვს სითხეს, მას აუცილებლად უნდა დააყოლოთ დიდი რაოდენობით წყალი. დღეში მიღებული სითხის რაოდენობა არ უნდა იყოს 5-8 ჭიქაზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკვები დანამატი ძლიერ ყაბზობას გამოიწვევს.
- მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ფსილიუმის გამოყენებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!