თვალის სიმშრალის სინდრომი(თსს), იგივე მშრალი კონიუქტივიტი, არის თვალის დაავადება, რომელსაც ცრემლის დაქვეითებული გამოყოფა ან მისი მომატებული აორთქლება იწვევს. აღნიშნული უსიამოვნება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებაა, მას მსოფლიო მოსახლეობის 5-6% ებრძვის და ზოგიერთ ცხოველშიც გვხვდება.
თვალის სიმშრალის სინდრომის სიმპტომები
- ტკივილი, ქავილი და წვა თვალებში
- სინათლის მიმართ მგრძნობელობა
- სიწითლე, თვალების დაღლილობა
- მხედველობის დაბინდვა
- “ქვიშის” შეგრძნება თვალებში
წარმოქმნის მიზეზები
ცრემლი ერთგვარი საპოხია, რომელმაც ჩვენი თვალების კომფორტი, ჯანმრთელობა და დაბინძურებისგან დაცვა უნდა უზრუნველყოს.
სიმშრალის შეგრძნება იმაზე მიუთითებს, რომ თქვენს საცრემლე სისტემაში რაღაც დარღვევაა. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:
- სიბერის ბუნებრივი პროცესები(კერძოდ, მენოპაუზა);
- დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენს ორგანიზმის უნარზე, გამოყოს ცრემლები(რევმატოიდული ართრიტი ან შეგრენის სინდრომი);
- ზოგიერთი წამლის გვერდითი მოვლენა, მაგალითად, ანტიჰისტამინური პრეპარატებისა;
- პრობლემები, რომლებიც თქვენს ქუთუთოებს სწორად დახუჭვაში უშლის ხელს.
როგორ გავთავისუფლდეთ თვალის სიმშრალისგან
არსებობს რამდენიმე ზომა, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ დაავადების სამკურნალოდ:
- ჰაერის დამატენიანებლის შეძენა(ჰაერის სიმშრალე აუარესებს სიტუაციას);
- ხელოვნური ცრემლის შემცველი წვეთების გამოყენება(რეკომენდებულია ექიმთან წინასწარი კონსულტაცია);
- თვალის ჯირკვლების ცირკულატორული ლაზერსტიმულაცია;
- ამ პრობლემის გამომწვევი დაავადებების მკურნალობა;
- რეგულარული შესვენება კომპიუტერთან მუშაობის დროს.
თუ თვალის სიმშრალე ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გიშლით და ძლიერ დისკომფორტს იწვევს, აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს!