სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების დამსახურებით, ფეხსაცმლის რეცხვა სარეცხის მანქანაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. უბრალოდ, ზოგიერთ დიასახლისს ვერ გადაუწყვეტია ამის გაკეთება და ურჩევნია, ძვირადღირებული ფეხსაცმელი, კედები, ბოტასები, ჩუსტები და ბალეტკები ხელით გარეცხოს. მწარმოებლებიც გვაფრთხილებენ ხოლმე, რომ მომხმარებელმა თავი უნდა შეიკავოს ფეხსაცმლის რეცხვისგან სარეცხის მანქანაში.
დღეს ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვეტთ ამ მომაბეზრებელ საკითხს: გავრეცხოთ თუ არა ფეხსაცმელი სარეცხის მანქანაში.
ფეხსაცმლის რეცხვა
რა თქმა უნდა, ყველა სახის ფეხსაცმლის შეტენვა არ შეიძლება სარეცხის მანქანაში. მაგალითად, ტყავის ფეხსაცმელი ხელით უნდა გარეცხოთ, თუმცა სპორტული ფეხსაცმელი და ოთახის ჩუსტები თამამად შეგიძლიათ შეყაროთ მანქანაში, მთავარია, ეს სწორად გააკეთოთ.
ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ გარეცხოთ ფეხსაცმელი სარეცხის მანქანაში ისე, რომ არც ერთი გაფუჭდეს და არც მეორე. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციებს და თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთი პრობლემა მოგაკლდებათ.
1. ნუ შეგეშინდებათ მანქანაში ფეხსაცმლის რეცხვისა, განსაკუთრებით, თუ ეს ფეხსაცმელი ქსოვილისაა. ეს შეიძლება იყოს ბადიანი ბოტასები, ბალეტკები ან ოთახის ჩუსტები. მძიმე ძირიანი ფეხსაცმელი არ გარეცხოთ მანქანაში, რადგანაც შესაძლებელია მანქანის ცილინდრი ან კარის შუშა დააზიანოთ.
2. თუ თქვენს სარეცხის მანქანაზე ზრუნავთ, გარეცხვამდე აუცილებლად გააცალეთ ფეხსაცმლის ძირებს კენჭები. სასურველია ძირების გარეცხვა.
3. ფეხსაცმელი სპეციალურ რეჟიმში, 30 გრადუსზე უნდა გარეცხოთ. სარეცხი საშუალება თქვენ თვითონ უნდა შეარჩიოთ, თუმცა, უმჯობესი იქნება გელის გამოყენება ფხვნილის ნაცვლად – ფხვნილის ამორეცხვა ფეხსაცმლიდან შედარებით რთულია.
4. რეცხვამდე აუცილებლად ამოიღეთ ბოტასებიდან ქეჩები და თასმები, შეკარით ყველა ღილი.
5. გამოიყენეთ სპეციალური ჩანთა ფეხსაცმლის გასარეცხავად. იგი მანქანის ცილინდრს დეფორმაციისგან დაიცავს, რადგანაც მანქანაში ნაკლები ქაოტური დარტყმა იქნება.
6. კედებს სითეთრე რომ დაუბრუნოთ და უსიამოვნო სუნი მოაშოროთ, ჩაყარეთ თითოეულ მათგანში სოდა და გააჩერეთ მთელი ღამით. ამის შემდეგ, შეალაგეთ კედები მანქანაში “სპორტული ფეხსაცმლის” რეჟიმზე.
7. საყვარელი კედები და ბოტასები რომ არ დეფორმირდეს, არ გააშროთ ისინი ბატარეაზე – გაიტანეთ სუფთა ჰაერზე.
როგორც აღმოჩნდა, არც ისე რთულია ფეხსაცმლის რეცხვა სარეცხის მანქანაში ისე, რომ არც ფეხსაცმელი გაფუჭდეს და არც ტექნიკა. ყურადღებით წაიკითხეთ ფეხსაცმლის ეტიკეტები, რადგან ზოგიერთი მწარმოებელი მასზე რეცხვის ინსტრუქციასაც მიუთითებს.