როცა მოდის ჩვენებებს უყურებთ, რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებიან ამავე ტანსაცმელში არასამოდელო ასაკისა და პარამეტრების ქალბატონები. ამ შემოდგომის ტრენდებია: დენიმი, ვიქტორიანული სტილი, ნეონისა და პასტელის ელფერები. თუმცა, როგორი სანახავი იქნება ეს ტრენდები 50+ ასაკის ქალბატონებზე? ხშირად ხომ ის, რაც მანეკენს უხდება, ქალს ქალურობასა და ელეგანტურობას ართმევს.
ყოველთვის შეიძლება შუალედის გამოძებნა მოდურსა და კომფორტულს შორის. დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ რომელი 5 ნივთი მოუხდებათ 50 წელს გადაცილებულ მოდურ, ელეგანტურ ქალბატონებს.
საბაზისო ნივთები გარდერობში
1. პალტო-ხალათი
იდეალური ნივთი, რომელიც, გათბობასთან ერთად, საშემოდგომო საღამოების ლუქს სრულყოფს. ძალიან მოდური იქნება, თუ პალტოს არ შეიკრავთ, უბრალოდ მხრებზე შემოიგდებთ და ქამარს გაიკეთებთ. უპირატესობა მიანიჭეთ ქვიშიფერს, ხორცისფერს, ღია ნაცრისფერს, წითელსა და ჟოლოსფერს. უმჯობესია კლასიკური სიგრძე, მარტივი დაფარვით. მოერიდეთ ნახატებსა და პლესებს.
2. მსუბუქი ტრენჩი
ტრენჩის ჩაცმა ზაფხულის გრილ საღამოებშიც შეიძლება. ნებისმიერი ლუქი, ტრენჩთან ერთად, უფრო ქალური და საინტერესო გამოვა. შეარჩიეთ საინტერესო დაფარვა, მრავალფენიანი, მსუბუქი სილუეტი. საუკეთესოა ხორცისფერი ნივთის შეძენა, რამდენადაც შავი ძალიან მკაცრი და უბრალო იერს შეგმატებთ.
მოდური ტრენჩის ტარება თითქმის ნებისმიერი სახის ფეხსაცმელთან შეიძლება.
3. ნაქსოვი ჯემპრი
ჩვეულებრივი ჯემპრი შეუცვლელი და ძალიან კომფორტული ნივთია. მისი შეხამება არამხოლოდ შარვალთან, არამედ ქვედაბოლო-პლისესთან შეიძლება. ახლა მოდურია ქამრიანი ჯემპრები.
4. ღია ფერის კაბა
არსებობს მოსაზრება, რომ ღია ელფერი აახალგაზრდავებს ქალს. სწორედ ამიტომ, პატარა, შავი კაბის გარდა, სპეციალისტები ღია – თეთრი ან პასტელური ფერების კაბის შეძენას გვირჩევენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი კაბა გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე შეუცვლელი იქნება.
5. ხარისხიანი ჯინსები
ჯინსები, როგორც ყოველთვის, ახლაც მოდაშია. თანამედროვე მოდელები კი მათი ჩაცმის საშუალებას ყველგან იძლევა: ოფისში, რესტორანში, წვეულებაზე, ძაღლის გასეირნებისას… მჭიდრო, კლასიკური, კარგად მორგებული ჯინსები გარდერობში აუცილებლად უნდა გეგულებოდეთ, ოღონდ არ უნდა იყოს ძალიან ვიწრო, ძალიან მუქი ან ღია ფერის.
რა თქმა უნდა, გარდერობში ძირითადი მაისურები, პერანგები და ქვედა ბოლოები უნდა გქონდეთ, თუმცა, სწორედ ეს 5 ნივთი შექმნის ნამდვილად მოდურ და მიმზიდველ ლუქებს. მთავარია, არ ატაროთ ისინი ისე, როგორც მიჩვეული ხართ. ჯინსები ჩაიცვით მაღალქუსლიანებთან და ტრენჩთა კომბინაციაში, სვიტრი კი – კლასიკურ ქვედა ბოლოსთან. ასე ქალურად და თანამედროვედ წარმოაჩენთ საკუთარ თავს.