ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, ყველა სითბოს ხელით. როგორც კი მზე გამოიჭყიტება, ვიხსნით ქუდებს, ვიხდით სქელ ქურთუკებს და ვიცვამთ თხელ ჟაკეტებს. როგორ გვინდება გასეირნება! თუმცა, გაზაფხულის ამინდი მატყუარაა. რამდენიმე ასეთი გასეირნების შემდეგ, სურდო დიდი ხნით აგვეკიდება ხოლმე.
დამატებით, თავს გვახსენებს ავიტამინოზი და ზამთრის ვირუსებისგან დასუსტებული იმუნიტეტიც. იწყება გაციებების ახალი სერია. თუ ალერგიული ხართ, ეს ხომ ცალკე უბედურებაა, სეზონური რინიტი მარტიდან ივნისის ჩათვლით გარანტირებული გაქვთ. როგორ გავთავისუფლდეთ სურდოსგან და შევიმსუბუქოთ მდგომარეობა პრეპარატების გარეშე?
როგორ გავთავისუფლდეთ სურდოსგან
სურდოს სამკურნალოდ არ გჭირდებათ მედიკამენტები და აფთიაქები. გაციების უსიამოვნო სიმპტომების მოსაშორებლად საკმარისია პრანაიამა – სუნთქვითი სავარჯიშოების სპეციალური სისტემა. ტიბეტელი ბრძენები ამბობენ, რომ პრანაიამა – იოგას გულია.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ მარტივ სუნთქვით სავარჯიშოს – კაპალაბხატის, რომელიც სურდოსგან 2 წუთში გაგათავისუფლებთ. იგი უნდა შეასრულოთ როგორც უშუალოდ სურდოს დროს, ისე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც.
ლაპალაბხატი წმენდს ცხვირისა და შუბლის სინუსებს, ამარტივებს სუნთქვას, გამოდევნის ლორწოს და აუმჯობესებს ცხვირ-საყლაპავის დამცავ ფუნქციას. სიტყვა-სიტყვით თუ ვთარგმნით, სავარჯიშოს სახელი “თავის ქალას დალაგებას” ან “სუფთა ქალას” ნიშნავს.
სავარჯიშო არამხოლოდ სურდოს წინააღმდეგაა ეფექტური, არამედ ძალიან ძლიერია ენერგეტიკულ ასპექტშიც, რამდენადაც ასტიმულირებს ტვინის ცხოველქმედებას, წმენდს გონებას და მთელ სხეულს ავსებს ენერგიით. აახლებს, აწესრიგებს ფიქრებს, გამხნევებთ და ოპტიმიზმით გავსებთ. შესრულების დროს, 1 წუთში ფილტვები იმაზე მეტ ჰაერს იღებს, ვიდრე სხვა დანარჩენ დროს.
ტექნიკას საფუძვლად უდევს რიტმული სუნთქვა. ამოსუნთქვა ხდება მყისიერად, ინტენსიურად და ხმამაღლა, ჩასუნთქვა, პირიქით, პასიურად. რინიტის დროს, შეასრულეთ სავარჯიშო მაქსიმალურად ხშირად. ივარჯიშეთ კარგად განიავებულ ოთახში. უკუჩვენებებია მომატებული ტემპერატურა, მაღალი წნევა, მალთაშუა თიაქარი.
სავარჯიშოს შესრულებამდე გამოირეცხეთ ადუღებული, გაგრილებული მარილიანი წყლით(1 ლ წყალზე 2 ჩ.კ. ზღვის მარილი). გამორეცხვის შემდეგ, დაიფერთხეთ ლორწო და მიიღეთ კომფორტული პოზა. შეგიძლიათ, ლოტუსის პოზაში, ოსმალურად ან მყარ სკამზე დაჯდეთ.
დაჯექით სწორად, გაასწორეთ მხრები, დაიდეთ მარჯვენა ხელი მუცელზე, რათა სუნთქვითი ციკლების კონტროლი შეძლოთ. შეასრულეთ ორი ტალღოვანი სუნთქვითი ციკლი, მოდუნდით მაქსიმალურად. დახუჭეთ თვალები და კონცენტრირდით წარბთაშორის მონაკვეთზე. მხრები, კისერი, სახე და ყბა მოდუნებულია, ხერხემალი – უმოძრაო. ნიკაპი ოდნავ კისრისკენაა შეწეული.
ჩაისუნთქეთ ცხვირით ტალღოვნად და ღრმად. შემდეგ შეასრულეთ რამდენიმე მყისი, ხმამაღალი, ინტენსიური ამოსუნთქვა. შეკუმშეთ მუცლის კუნთები და დიაფრაგმა, მკვეთრად გამოდევნეთ ჰაერი გარეთ. ამის შემდეგ, წამის მეასედში მოადუნეთ მუცელი, მიეცით ჰაერს ფილტვების გავსების საშუალება. გახსოვდეთ, რომ ყოველი ჩასუნთქვა პასიურია, მას ვერც კი შეიგრძნობთ და ვერ აკონტროლებთ. ისუნთქეთ მხოლოდ ცხვირით.
სუნთქვითი პროპორცია ისეთია, რომ ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ორჯერ უფრო მოკლეა. დაიცავით რიტმი: ძლიერი ამოსუნთქვა(მუცლის მაქსიმალურად შეკუმშვა) და ჩასუნთქვა – კუნთების მოდუნება. გაიმეორეთ 20-50 სუნთქვითი ციკლი. მთავარია, თქვენი რიტმი კომფორტული იყოს. დამწყებთათვის წამში სუნთქვის ერთი ციკლი საკმარისია. თანდათან გაზარდეთ წამში ორ ციკლამდე.
ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებს. ხერხემალი არ უნდა მოძრაობდეს. სავარჯიშოში მხოლოდ მუცლის კუნთებია ჩართული. თუ თავბრუსხვევას გრძნობთ, შეჩერდით, შეწყვიტეთ ვარჯიში და ჩაისუნთქეთ ღრმად.
თავიდან ივარჯიშეთ ორივე ნესტოთი, შემდეგ იგივე მოქმედებები შეასრულეთ ცალი ნესტოს მონაცვლეობით ჩაკეტვით. თუ სუნთქვა გიჭირთ, ისუნთქეთ ნელა და შეასრულეთ ნაკლები გამეორება. დაიწყეთ მარჯვენა ნესტოთი.