ჭარხალს ტყუილად არ უწოდებენ შემოდგომის ერთ-ერთ სუპერსაკვებს, რომელიც გვიზიდავს როგორც სტაბილურად დაბალი ფასით, ისე გემოვნური თვისებებითაც. კულინარიაში კი ჭარხალი, ზოგიერთი კერძისთვის, შეუცვლელია.
თუმცა, ძალიან ცოტამ იცის, რომ თანამედროვე ჭარხლის უახლოესი მონათესავე კულტურა ევროპაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლით ადრე მოიყვანეს და გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო მცენარე. ძველ რომში კი ჭარხალს აფროდიზიაკის სახით იყენებდნენ.
ძველი წყაროებიდან ირკვევა, რომ ჭარხალი შედიოდა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობის რაციონში და შუასაუკუნეებში მათ ჭირთან გამკლავებაშიც კი დაეხმარა. დიეტოლოგები დღესაც გვირჩევენ რაციონში ამ პროდუქტის ჩართვას, თანაც, თერმული დამუშავების შემდეგ, იგი საერთოდ არ კარგავს სასარგებლო თვისებებს.
ჭარხლის სარგებელი ჯანმრთელობისთვის
ჭარხალი, პირველ რიგში, იმითაა სასარგებლო, რომ გამოდევნის მავნე ნივთიერებებს ორგანიზმიდან. თუმცა, თვითონ პროდუქტში დიდი რაოდენობით სასარგებლო ელემენტია: ვიტამინები A, P, B ჯგუფის ვიტამინები, ფოსფორი, კალციუმი, იოდი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი და თუთია.
ჭარხალი, ასევე, მდიდარია ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავებით, ამინომჟავებით, ცელულოზითა და ბეტა-კაროტინით. გასაკვირი არაა, რომ ჭარხლის კერძებს ღვიძლის აღდგენაც კი შეუძლია.
ჭარხლის მირთმევა ამცირებს ქოლესტერინს, დადებითად აისახება გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე, მოქმედებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკურ საშუალებად. ამასთან, პროდუქტი აუცილებელია კანის საფარველის ჯანმრთელობისთვის, ხდის კანს მკვრივსა და ელასტიურს, ატენიანებს მას. ქერტლისა და ცხიმიანი თმის პრობლემის გადასაჭრელად, საკმარისია შამპუნში ჭარხლის წვენის ჩამატება.
100 გ ჭარხლის კალორიულობა 40 კკალ-ს არ აღემატება, ამიტომ მას დაბალკალორიულ ბოსტნეულს მივაკუთვნებთ. სწორედ ამიტომ სარგებლობს იგი ასეთი პოპოულარობით გახდომის მსურველთა შორის.
მოხარშული ჭარხლის სარგებელი ჯანმრთელობისთვის კი არამხოლოდ ზრდასრულებმა, არამედ ბავშვებმაც უნდა შეიცნონ. ხშირად, ამ ბოსტნეულისგან ამზადებენ პიურეს, რომელიც თანდათან შეაქვთ 6 თვის ბავშვის რაციონში.
ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რამდენადაც ჭარხალი ალერგიული პროდუქტია. სწორედ ამიტომ, პატარას დღეში მხოლოდ მესამედ ჩ.კ. პიურეს აძლევენ, შემდეგ უკვე მთელ კოვზს, ხოლო თუ ალერგიული რეაქცია არ გამოვლინდა – პიურე ყოველდღიურ რაციონში შეაქვთ. გთავაზობთ ჭარხლის პიურეს რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 3 მოზრდილი ჭარხალი
- 1/3 ჭიქა რძე
- 40 გ მყარი ყველი
- 1 ს.კ. კარაქი
- 1 ჩ.კ. ხორბლის ფქვილი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. მოხარშეთ და გათალეთ ჭარხალი. დახეხეთ წვრილად ან ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. მოამზადეთ სოუსი – დააცერით ფქვილი კარაქს, შეზილეთ, მოასხით რძე და ხარშეთ 5 წუთით.
3. ჭარხლის მასა შეურიეთ სოუსს, მოაყარეთ მარილი და გაათბეთ მირთმევამდე.
4. მოაყარეთ პიურეს დახეხილი ყველი და გემრიელად მიირთვით!