ძალიან მაწუხებდა კუჭის წყლული, თირკმელები, ადვილად ვცივდებოდი და იმუნიტეტიც დაქვეითებული მქონდა. ერთმა მადლიანმა ადამიანმა მასწავლა უებარი საშუალება, რომელიც უამრავ დაავადებას შველის.
წამლის მომზადების და გამოყენების წესი:
როგორც კი მრავალძარღვა პირველ ფოთლებს გამოიღებს, მოაგროვეთ ( ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში ), გარეცხეთ, გააშრეთ , გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შაქართან (1: 1 ) ერთად ფენა – ფენა ჩადეთ მშრალ ქილაში. შეავსეთ ქილა პირამდე, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და სამი თვით მიწაში ჩაფალით. შემდეგ წვენი დოლბანდში კარგად გაწურეთ, მიღებული ვაჟინი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და გააჩერეთ შიგ წყლის ადუღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში. ეს წამალი უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი 30 – 40 წთ – ით ადრე ჭამამდე, დღეში ერთხელ.
კუჭის წყლულს თავს სამ თვეში დააღწევთ ისე, რომ ნაწიბურიც არ დაგრჩებათ.
ვაჟინი გაცივებისგანაც განგკურნავთ.
შეგიძლიათ ბავშვებს თითო ჩაის კოვზი დაალევინოთ.
ექიმის კომენტარი:
მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მეტად გავრცელებულია საქართველოში. გვხვდება მდელოებზე, ფერდობებზე.
ამ მცენარის ფოთლები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ფოთლების ექსტრაქტს შეუძლია ქსოვილთა აღდგენა, აქვს საძილე და ჰიპოტენზიური მოქმედება, ნაყენს – ნახველის გამათხელებელი ეფექტი, აგრეთვე, აჩერებს ბაქტერიების გამრავლებას.
მრავალძარღვას ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც ამოსახველებელ საშუალებას ბრონქიტებისა და ტუბერკულოზის დროს, აგრეთვე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ მრავალძარღვა ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას და მისი მჟავიანობის მაჩვენებელს. ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია კუჭის ისეთი ქრონიკული პათოლოგიების დროს, როცა მჟავიანობა ნორმალური ან დაქვეითებულია.