კვლევებით დასტურდება, რომ ვიტამინი B17 არ სპობს ავთვისებიან სიმსივნეს.

66408

კიბო – მომაკვდინებელი დაავადებაა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არსებობს ამ დაავადების მკურნალობის ცალკეული ძვირად ღირებული მეთოდები, რომლებიც სამწუხაროდ 100%-იან გარანტიას არ იძლევა. ამ მიზეზის გამო უამრავი ადამიანი ალტერნატიულ გზებს ეძებს, რათა ქიმიოთერაპია ჩაანაცვლოს, რადგან ეს გახლავთ შხამით მკურნალობა. ტოქსინები არამხოლოდ კიბოს უჯრედებს სპობს, არამედ, სერიოზულად აზიანებს მთელ ორგანიზმს.

ჩვენს სტატიაში მოწოდებული იყო ინფორმაცია ვიტამინი B17 როგორც კიბოს მკურნალის შესახებ,ნივთიერებაზე რომელიც ისეთი ხილის კურკებში მოიპოვება, როგორიცაა: გარგარი, ატამი, ვაშლი, ალუბალი, ქლიავი.

ფაქტების გადამოწმებით დადგინდა რომ ვიტამინი B17, იგივე ამიგდალინი (ბერძნულიდან ἀμυγδαλή „ამიგდალე“ – ნუში) კლასიფიცირდება როგორც ციანოგენური გლიკოზიდი. ამიგდალინის თითოეული მოლეკულა ნიტრილების ჯგუფის ნაერთს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმში საკვები გზით მოხვედრისას, საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ ფერმენტ ბეტა-გლუკოზიდთან ურთიერთქმედებისას სამ ნივთიერებად – წყალბადის ციანიდი, ბენზალდეჰიდი და პრუნაზინი, იშლება. აქედან, ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყალბადის ციანიდია, რომელსაც ორგანიზმში უჯრედულ დონეზე ზემოქმედების უნარი გააჩნია და მისი გარკვეული ოდენობით მიღებას ორგანიზმის მოწამვლა და ლეტალური შედეგის გამოწვევაც კი შეუძლია.


სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ეს ვიტამინი შერჩევით მოქმედებს უჯრედებზე: სპობს კიბოს უჯრედებს და არ აზიანებს ჯანსაღ ქსოვილებს. ის მოქმედებს ასევე როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ანელებს დაბერების პროცესს.

ლაეთრილის (ამიგდალინის) მომხრეებმა, 60-70-იან წლებში, პრეპარატის მოქმედების ეფექტიანობის დასამტკიცებლად ორგანიზმზე მისი ზემოქმედების სამედიცინო თეორიაც კი წამოაყენეს. ამ თეორიის მიხედვით, რადგან ამიგდალინი (ლაეთრილი) ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა-გლუკოზიდის ფერმენტებთან ურთიერთქმედებით წყალბადის ციანიდად იშლებოდა, მას უნარი შესწევს სიმსივნური უჯრედები გაანადგუროს. თეორია მტკიცებას ეფუძნებოდა, რომ მსგავს ფერმენტებს (ბეტა-გლუკოზიდები) სიმსივნური უჯრედები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავენ. შესაბამისად, ამიგდალინი (ლაეთრილი) სამიზნეში სწორედ კიბოს უჯრედებს იღებს და მათ ისე ანადგურებს, რომ ჯანმრთელი ქსოვილები მინიმალურად ზიანდება.

თუმცა, ეს მოსაზრება 80-იან წლებში უარყვეს. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ფერმენტების რაოდენობა, რომელიც ამიგდალინის (ლაეთრილის) წყალბადის ციანიდად დაშლას და შემდეგ უჯრედების განადგურებას იწვევს, გაცილებით მეტი ღვიძლში, თირკმელსა და ნაწლავებშია, ვიდრე სიმსივნურ უჯრედებში. შესაბამისად მტკიცება, რომ ამიგდალინს (ლაეთრილს) შესწევს უნარი, სიმსივნური უჯრედები სელექციურად სამიზნეში ამოიღოს, სიმართლეს არ შეესაბამება.

სტატიაში ნათქვამი იყო, რომ სამედიცინო სფეროს დომინანტების ინტერესებშია ვიტამინ b17 შესახებ სრული ინფორმაცია არ გავრცელდეს, რადგან ეს სამედიცინო სფეროს დომინანტების ეკონომიკურ ინტერესებში არ არის – რაც ფაქტების გადამოწმების და ვიტამინ b17-ს შესახებ კვლევებით უარყოფილი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია მცდარ მოსაზრებად ჩავთვალოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს