45 წლის დავოჯახდი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთი წლის თავზე მეუღლემ ვაჟი მაჩუქა. შეძლებული ოჯახი მქონდა, მეც მაღალანაზღაურებადი სამსახურში ვმუშაობდი და ერთადერთ შვილს ჩიტის რძესაც არ ვაკლებდი. უბედურება მაინც არ აგვცდა – ექვსი წლის იყო, ხელებზე გამონაყარი პირველად რომ გაუჩნდა. ექიმიდან ექიმთან დავატარებდით, ვიდრე ერთ – ერთმა ფსორიაზი არ იეჭვა. რამდნეიმე ხანში ეჭვი გამართლდა. ამ დაავადების სამკურნალო თუ რამ არსებობდა, არაფერი დაგვიკლია და რამდენიმე თვეში გამონაყარმაც გაუარა.
იმ ზაფხულს მთაში ვისვენებდით. ერთ დღეს იქაურმა ბიჭებმა მიტოვებულ ნასახლარის დასათვალიერებლად წაიყვანეს. მოუვლელ ეზოში, მაღალ ბალახში, გველი დაუნახავს და ძალიან შეშინებია.
მეორე დილას ხელებზე ისევ გამოაყარა, თანაც უფრო მეტად, ვიდრე მკურნალობამდე ჰქონდა. შევწუხდით. დიასახლისმა, 80 წლის ქალბატონმა, შეგვატყო უგუნებობა, ბავშვის ხელები მაჩვენეთო, გვითხრა, შემდეგ დაგვამშვიდა და ეს წამალი გვასწავლა:
მკურნალობის წესი ასეთია:
ვიღებთ 100 გრ მოცვის ნაყოფს, ვასხამთ 500 მლ წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და წამოვადუღებთ. 5 წუთის შემდეგ ცეცხლს ვაქრობთ და ჭურჭელს ვფუთავთ, 5 – 7 საათის შემდეგ კი გადავწურავთ. ფსორიაზის გამწვავებისას ნახარშში ვასველებთ დოლბანდს და დილა – საღამოს ვიფენთ დაზიანებულ კანზე. დღეს ჩემი ვაჟი 34 წლისაა. საკმარისია, გამონაყარმა თავი იჩინოს, რომ უმალვე მოცვის საფენებს იკეთებს და კანიც ეწმინდება.
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რეცეპტს:
- დაზიანების კერებზე წაისვით ქრისტესისხლას წვენი. ის აშორებს ფუფხს და გამონაყარს სწრაფად აცხრობს.
- დამაამებელი უნარი აქვს ფარსმანდუკის აბაზანასაც: ფარსმანდუკი ცხელ წყალში უნდა ჩაყაროთ და შემდეგ ამ წყლის აბაზანა მიიღოთ.
- ეგზემური და ფსორიაზული გამონაყარის ჩასაცხრობად ძალიან კარგია არყის ხის კვირტების 10 – 30 – პროცენტიანი მალამო.