გერმანელმა მეცნიერებმა დაასახელეს ზამთარში იმუნური სისტემის 6 მთავარი მტერი

2945
photo by Pixabay on pexels

არასწორი კვება, ცივი ფეხები და ძილის უკმარისობა იმ ფაქტორთა სიაში აღმოჩნდა, რომლებიც ზამთრის პერიოდში ადამიანის ჯანმრთელობაზე ნამდვილი მტერივით მოქმედებს. საერთო ჯამში, გერმანელმა მეცნიერებმა 6 ასეთი “იმუნური მკვლელი” გამოავლინეს.

არასწორი კვება

რაციონში დიდი რაოდენობით კარტოფილი ფრი, ჩიფსი და შოკოლადი ნიშნავს, რომ ორგანიზმი ვერ იღებს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს საკმარისი რაოდენობით. ბონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად, ადამიანის იმუნური სისტემა მუდმივ მაღალკალორიულ კვებაზე ისე რეაგირებს, როგორც ბაქტერიულ ინფექციაზე. შედეგად, შეიძლება გაჩნდეს იმუნური სისტემის აგრესიული რეაქცია, რომელიც მნიშვნელოვნად ააჩქარებს სისხლძარღვთა დაავადებების ან მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას.

ცივი ფეხები

გარკვეული კავშირი არსებობს ცივ ფეხებსა და დასუსტებულ იმუნიტეტს შორის. როცა სხეული ფეხების გაგრილებას გრძნობს, იგი რთავს მექანიზმებს, რომ შეწყვიტოს ფეხების გაყინვა, და ავიწროვებს ყველა სისხლძარღვს. იმუნური სისტემისთვის ეს ცუდია, რადგან ლორწოვანი გარსები ცუდად მარაგდება სისხლით. ცივი და მშრალი ლორწოვანი გარსი კი, თავის მხრივ, გაციების ვირუსებს უფრო მარტივად უშვებს ორგანიზმში.

ძილის უკმარისობა

მნიშვნელოვანია საკმარისად გამოძინება, რადგან იმუნური სისტემა სრული სიმძლავრით მუშაობს ძილის დროს, ათავისუფლებს ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმსა და ჯანმრთელობას. წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ მუდმივად გამოუძინებელი ადამიანებს ანტისხეულების გამომუშავების დონე დაქვეითებული აქვთ. ინფექციებთან ეფექტური ბრძოლისთვის საჭიროა დღეში 8-საათიანი ძილი.

მოწევა

მწევლებს უზიანდებათ ბრონქების წამწამები, რაც შეიძლება სასიკვდილოც იყოს, რადგან ისინი ფილტვებიდან ჭუჭყის მოშორების ფუნქციას ასრულებენ.

სტრესი

სტრესის დროს შეიძლება გაჩნდეს ჰერპესი, რომელსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუნური სისტემა გააკონტროლებდა. გარდა ამისა, უფრო ნელა ხორცდება ჭრილობები, ხოლო აცრები უარესად მოქმედებს. სწრაფი და ხანმოკლე სტრესი სასარგებლოც კია, თუმცა, მუდმივი სტრესი მოქმედებს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან დაცვის მექანიზმზე – უჯრედ-მკვლელებზე, რომლებიც სისხლში ბინადრობენ და ებრძვიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და სოკოებს. ხანგრძლივი სტრესი ამ უჯრედების აქტიურობას აქვეითებს. ექიმები გვირჩევენ, არ ვიარსებოთ მუდმივი სამუშაო რეჟიმით და რეგულარულად დავისვენოთ.

ალკოჰოლი

მისი მოხმარება ამცირებს ორგანიზმის უნარს, შეეწინააღმდეგოს ინფექციებს. კვლევები გვიჩვენებს, რომ ალკოჰოლი ორგანიზმში ამცირებს იმ იმუნური უჯრედების აქტიურობას, რომლებიც გრიპის ვირუსებს ებრძვის.