შპარგალკა პიცის სახლში გამოსაცხობად

3242

პიცა, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კერძია. მას მშობლიურ ქვეყანაში, იტალიაში აღმერთებენ, მის გარეშე ამერიკაში ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, ის შვეიცარიაში, ღარიბ ინდოეთსა და საქართველოშიც კი მოთხოვნადია.

ჩვენს ქვეყანაში ეს კერძი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ ძალიან მალე თითოეული ოჯახის საყვარელი კერძი გახდა. პიცის მოსამზადებლად განსაკუთრებული ოსტატობა საჭირო არაა, ამასთან ინგრედიენტებზე შეგიძლიათ მუდმივად ექსპერიმენტები ჩაატაროთ.

საკუთარი ხელით მომზადებული პიცა პიცერიაში მომზადებულს არაფრით ჩამოუვარდება. მთავარია პროპორცია დაიცვათ, ინგრედიენტების შეთავსებაზე იზრუნოთ და ჩვენი რეცეპტები გამოიყენოთ.

პიცის შიგთავსი სახლის პირობებში

ნამდვილად გემრიელი პიცა რომ გამოგივიდეთ, ნებისმიერი შიგთავსის შემთხვევაში რიგი წესი უნდა დაიცვათ.

როგორ გამოვაცხოთ გემრიელი პიცა

  1. პიცა ძალიან დიდხანს არ აცხოთ. საკმარისია, თხელი ცომი შეწითლდეს, ხოლო ზემოდან დადებული ყველი გადნეს.
  2. თუ ხრაშუნა ქერქი გსურთ, პიცას ყველი ღუმელში ჩადებამდე მოაყარეთ. თუ რბილი ქერქი გსურთ – 15 წუთით აცხვეთ, შემდეგ ყველი მოაყარეთ და ღუმელში კიდევ 5 წუთით გააჩერეთ.
  3. პიცის ცომი მაიონეზით, კეტჩუპით ან სპეციალურად მომზადებული სოუსით აუცილებლად გაჟღინთეთ.
  4. კომპონენტები თანაბრად გადაანაწილეთ და სუფრაზე ცხელი სახით გაიტანეთ.
  5. ნებისმიერი შიგთავსის შემთხვევაში კარგი ყველის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. პარმეზანი, მოცარელა, გაუდა ან რაღაც ამის მსგავსი.

პიცა „მარგარიტა“

ცნობილი იტალიური პიცა „მარგარიტას“ სახელი ალბათ გსმენიათ. მისი ისტორია 1889 წელს დაიწყო, როცა იტალიის მეფე უმბერტო პირველი და დედოფალი მარგარიტა ნეაპოლს ესტუმრნენ.

დედოფალს ცნობილი პიცის მცხობელის, რაფაელო ესპოზიტოს პიცის გასინჯვა მოუნდა. ყველა შემოთავაზებული ვარიანტიდან დედოფალს ყველაზე მეტად მოეწონა პიცა, რომელი იტალიის სამფერ დროშას შეეფერებოდა: პომიდვრით, მოცარელით და ბაზილიკით.

როცა მარგარიტამ რაფაელოს ჰკითხა, თუ რა ეწოდება პიცას, ის არ დაიბნა და უპასუხა, რომ მას დედოფლის საპატივცემულოდ მარგარიტა ეწოდება. ამის შემდეგ დედოფლის სახელობის პიცა მთელ იტალიაში და მის საზღვრებს გარეთ პოპულარული გახდა.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ყველი მოცარელა
  • 4 ს/კ პომიდვრის სოუსი
  • ახალი ბაზილიკი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. მზა პიცის ცომს პომიდვრის სოუსი უხვად წაუსვით.
  2. მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
  3. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ ან თხელ რგოლებად დაჭრილი ყველი თანაბრად გადაანაწილეთ.
  4. 250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.
  5. პიცა ღუმელიდან გამოიღეთ, ბაზილიკი მოაყარეთ და კვლავ რამდენიმე წუთით ღუმელში შედგით.

შინაურული პიცა „მარგარიტა“ ყველაზე მარტივი შიგთავსის ვარიანტია. ჩვეულებრივ, ნებისმიერ დიასახლისს პირველივე ცდაზე გამოსდის.

ჰავაური პიცა

ამერიკული „ჰავაური პიცა“ ბეკონით, ანანასით და ყველი მოცარელათი მზადდება. ეს ვარიანტი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, ასევე ავსტრალიასა და კანადაში განსაკუთრებით პოპულარულია, მაგრამ არა ჰავაის კუნძულებზე.

ინგრედიენტები:

  • 50 გრ დაკონსერვებული ანანასი
  • 100 გრ ლორი
  • 50 გრ მოცარელა
  • 3 ს/კ პომიდვრის სოუსი
  • ბაზილიკი, თავშავა, მარილი, დაფქული შავი წიწაკა

მომზადება:

  1. თხლად გაბრტყელებულ ცომს პომიდვრის სოუსი წაუსვით.
  2. ზემოდან სანელებლები მოაყარეთ.
  3. გახეხილი ყველი უხვად მოაყარეთ.
  4. ზემოდან ლორის და ანანასის ნაჭრები დაადეთ.
  5. 10 წუთით აცხვეთ.

რეცეპტში ხშირად დაკონსერვებულ სიმინდს ამატებენ, თუმცა ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

მექსიკური პიცა

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ხორცის ფარში (ღორი/ძროხა)
  • ½ ბულგარული წიწაკა
  • ½ ცხარე წიწაკა
  • 1/3 საშუალო ზომის ხახვი
  • 100 გრ გახეხილი ყველი
  • 2 ს/კ ცხარე პომიდვრის სოუსი
  • 10 ზეთისხილი კურკების გარეშე
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ხახვი წვრილად დაჭერით.
  2. გახურებულ მცენარეულ ზეთში გამჭვირვალობამდე თუშეთ.
  3. ფარში დაუმატეთ და მომზადებამდე შეწვით. მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
  4. წიწაკა თხელ რგოლებად დაჭერით.
  5. ცომს სოუსი წაუსვით, ფარში და წიწაკა მოათავსეთ.
  6. ზემოდან ყველი მოაყარეთ და 20 წუთით აცხვეთ.
  7. ზეთისხილით მორთეთ.
  8. გემრიელად მიირთვით.

სოკოს პიცა

ინგრედიენტები:

  • 100 გრ ქამა სოკო
  • 150 გრ ლორი
  • 180 გრ მოცარელა
  • 100 გრ ნებისმიერი ხმელი ყველი
  • 4 ს/კ კეტჩუპი
  • 3 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 პომიდორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. კეტჩუპი, არაჟანი და ზეითუნის ზეთი აურიეთ. მარილი და სანელებლები დაუმატეთ.
  2. მიღებული სოუსი პიცის ცომს წაუსვით.
  3. გახეხილი ხმელი ყველის ნახევარი მოაყარეთ.
  4. ყველზე ზემოდან ლორის თხელი ნაჭრების ნახევარი ნაწილი მოათავსეთ.
  5. შემდეგ ქამა სოკოს ფირფიტები დაუმატეთ.
  6. ამის შემდეგ ლორის დარჩენილი ნაწილი და მოცარელას კუბები დაუმატეთ.
  7. ზემოდან დარჩენილი გახეხილი ყველი მოაყარეთ.
  8. მაქსიმალურად გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.
  9. გემრიელად მიირთვით.

ბოსტნეულის პიცა

მათთვის, ვინც ხორცს არ ჭამს, ბოსტნეულის შიგთავსს ვთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • 50 გრ ბადრიჯანი
  • 50 გრ ტკბილი წიწაკა
  • 1 ხახვი
  • 1 პატარა ზომის პომიდორი
  • 10 ზეთისხილი კურკების გარეშე
  • 3 ს/კ პომიდვრის სოუსი
  • 100 გრ მოცარელა
  • ზეითუნის ზეთი შესაწვავად
  • თავშავა, მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

ამ რეცეპტის ხიბლი შემწვარი და ახალი ბოსტნეულის კომბინაცია წარმოადგენს. ბადრიჯანი თხელ რგოლებად დაჭერით. ხახვი წვრილად დაჭერით.

  1. ხახვი და ბადრიჯანი ტაფაზე ზეთში შეწვით. მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
  2. ტკბილი წიწაკა, პომიდორი და ზეთისხილი რგოლებად დაჭერით.
  3. პიცის ცომს სოუსი წაუსვით, თავშავა, შემდეგ გახეხილი ყველი მოაყარეთ.
  4. ზემოდან ახალი წიწაკა, ზეთისხილი, ბადრიჯანი და პომიდორი მოაყარეთ.
  5. 250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.

ყველის პიცა

პიცა „ოთხი ყველი“ ე.წ. თეთრ პიცას მიეკუთვნება, ანუ მას ჩვეულ პომიდვრის სოუსს არ უმატებენ.

აქ ყველაზე მთავარი ყველი, უფრო ზუსტად მათი კომბინაციაა. კლასიკური რეცეპტი 4 ყველის სახეობას მოიცავს: რბილი ყველი (მოცარელა), ხმელი (პარმეზანი), არომატული (ემენტალი ან მაასდამი) და ცისფერი (გორგონზოლი, დორბლიუ).

ინგრედიენტები:

  • 100 გრ მოცარელა
  • 50 გრ პარმეზანი
  • 100 გრ გორგონზოლი
  • 100 გრ ემენტალი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ ხმელი თავშავა

მომზადება:

  1. პიცის ცომს ზეითუნის ზეთი წაუსვით, თავშავა ან სხვა, თქვენი გემოვნებით შერჩეული სანელებელი დაუმატეთ.
  2. ემენტალი და მოცარელა 5-10 მმ თხელ ფირფიტებად დაჭერით. ყველის გახეხვა საჭირო არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად გადნება, ერთმანეთს დროზე ადრე შეერევა და სხვადასხვა ყველის კომბინაციას ვერ იგრძნობთ.
  3. პარმეზანი შეგიძლიათ გახეხოთ, რადგან მას ყველაზე დიდხანს სჭირდება გადნობა.
  4. გორგონზოლი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ დაფშვენით.
  5. პიცის ცომზე მოცარელა, შემდეგ დაქუცმაცებული ემენტალი, გორგონზოლი და გახეხილი პარმეზანი მოაყარეთ.
  6. 220-250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.
  7. შედეგად ყველის ოთხივე სახეობა უნდა გადნეს, ხოლო ცომი შეწითლდეს.
  8. გემრიელად მიირთვით.

ზღვის პროდუქტების პიცა

რეცეპტი ზღვის პროდუქტების მოყვარულებისთვის. შეგიძლიათ მხოლოდ კრევეტები და „ზღვის კოქტეილის“ გაყინული ნარევი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 150 გრ ზღვის პროდუქტი
  • 100 გრ ყველი მოცარელა
  • 100 გრ ხმელი ყველი
  • 2 ს/კ ცხარე კეტჩუპი
  • 10 ზეთისხილი კურკების გარეშე
  • 1 ჩ/კ ხმელი თავშავა

მომზადება:

  1. ზღვის პროდიუქტები შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით მოხარშეთ.
  2. ხმელი ყველი გახეხეთ, მოცარელა თხელ ნაჭრებად დაჭერით. ზეთისხილი დაჭერით.
  3. ცომს სოუსი წაუსვით და გახეხილი ყველი მოაყარეთ.
  4. ზემოდან ზღვის პროდუქტები, ზეთისხილი, თავშავა და მოცარელა მოათავსეთ.
  5. მაქსიმუმ 15 წუთით აცხვეთ.

„პეპერონი“

თავისი სახელი მთავარი ინგრედიენტის, ცხარე ძეხვი პეპერონის წყალობით მიიღო. სწორედ მას უნდა შეიცავდეს პიცა, რომელსაც მსგავსი სახელი აქვს.

ინგრედიენტები:

  • 120 გრ მოცარელა
  • ½ ცხარე წიწაკა
  • ½ ხახვი (სურვილის მიხედვით)
  • 50 გრ პეპერონი
  • დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • 2-3 ს/კ ცხარე პომიდვრის სოუსი

მომზადება:

  1. პიცის ცომს პომიდვრის სოუსი წაუსვით.
  2. დაჭრილი მოცარელას ფენა მოათავსეთ, შემდეგ პეპერონის თხელი ნაჭრები თანაბრად დააწყვეთ. წიწაკა მოაყარეთ.
  3. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 7 წუთით აცხვეთ.
  4. გემრიელად მიირთვით!

პიცის რეცეპტები ჩვეული ინგრედიენტებით არ შეზღუდოთ, ექსპერიმენტები სცადეთ და ახალი გემო ეძებეთ. ასეთი მარტივი კერძითაც კი უამრავ კულინარიულ აღმოჩენას გააკეთებთ.