როგორ შევარჩიოთ სწორი ვარცხნილობა სახის ტიპის მიხედვით 50 წლის შემდეგ

4787

კარგი ვარცხნილობა ნებისმიერ ქალს ამშვენებს და აახალგაზრდავებს. შუა ხნის ასაკის ქალებში გავრცელებულია მოკლე ვარცხნილობები, თუმცა იგი ყველას არ უხდება. ასაკში შესვლისას, მოვლილი გრძელი თმის ქონაც კარგი გადაწყვეტილებაა.

არსებობს თმის ისეთი სიგრძე, რომელიც უხდება თითქმის ყველას, ასაკის, სახის ფორმისა და თმის ტექსტურის მიუხედავად: ნიკაპიდან 3-5 სმ-ს ქვემოთ, თუმცა მხრებს ზემოთ.

იგი მრგვალ სახეს აგრძელებს, გრძელს კი – ათანაბრებს. გარდა ამისა, ასე შეჭრილი თმა ვიზუალურად აქრობს სხვა ნაკლებს: ღაბაბს, კისრის ნაკეცებს…

ვარცხნილობა 50 წლის შემდეგ

1. მრგვალი და კვადრატული ფორმის სახის ქალბატონებს მხრის დონეზე გრძელი თმა უხდებათ. თუ თმის ტექსტურა ამის საშუალებას იძლევა, არაა გამოფიტული და უსიცოცხლო, მაშინ თამამად გაიკეთეთ კასკადი, რომელშიც თმის ყველაზე გრძელი ადგილი ბეჭებს მისწვდება.

2. ოვალური სახის ქალბატონებმა ყურადღება უფრო მოკლე და მხრებამდე ვარცხნილობებზე უნდა გაამახვილონ, მაგალითად, გრძელი ბობი.

3. სქელი, ხვეული თმის მქონე ქალბატონებს შეუძლიათ უფრო მოკლე ვარცხნილობის ტარებაც, რადგან მოკლე თმა მოცულობითად გამოიყურება. თუმცა, ამავდროულად, არ შეიძლება უკიდურესობაში გადასვლა და მამაკაცური ვარცხნილობის გაკეთება, რომელშიც თმას არ სჭირდება დავარცხნა და დალაგება. ასეთი ვარცხნილობა ქალურობას ვერ მოგანიჭებთ.

4. მოკლედ შეჭრილი თმა შუბლზე – შესანიშნავი საშუალებაა რამდენიმე წლით გასაახალგაზრდავებლად. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჩამოშვებული წარბები, დაკიდული ქუთუთოები და შუბლზე ნაოჭები აქვს – ამ ყველაფერს ჩოლკა დაფარავს. ასიმეტრიულად შეჭრილი თმა კი ყურადღებას თმისკენ მიაქცევს.

5. ცალკე უნდა ვისაუბროთ ჭაღარა თმაზეც. თუ ჭაღარა მხოლოდ გაჩენას იწყებს, შეგიძლიათ შეიღებოთ, რათა ერთგვაროვანი იერი მისცეთ. თუმცა, როცა თმა უკვე მთლიანად ჭაღარაა, არაა საჭირო რეგულარულად შეღებვა. მითუმეტეს, ჭაღარა ახლა მოდაშია.

ერთგვაროვანი ფერის თმა, თუნდაც ჭაღარა, ლამაზად გამოიყურება. ასეთი თმის მოვლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შეღებვა. თმა რეგულარულად უნდა დაიტენიანოთ ნიღბებითა და მკვებავი ზეთებით.

ასევე, თუ თმას მაინც იღებავთ, აირჩიეთ ბუნებრივი ფერები, რადგან შუა ხნის ასაკის ქალის კანი იმდენად თეთრი და შეუდარებელი აღარაა, როგორც 20 წლის ასაკში. ნაცრისფერ-შავი, ბორდოსფერი, ყველა მკვეთრი ფერი მის ფონზე არაბუნებრივად და თვალშისაცემად გამოჩნდება. 50 წლის ასაკში, რაც უფრო ნატურალური ხართ, მით უფრო ლამაზად და ჰარმონიულად გამოიყურებით.