საზაფხულო ბოსტნეულის კალათა პომიდვრის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. სწორედ პომიდვრით კეთდება არაჩვეულებრივი სალათები, პიცა, სოუსები და სხვა კერძები. პომიდვრის დარგვა და მოვლა ბევრს ძალიან რთულ საქმედ ეჩვენება. და ეს ამაოდ, რადგან პომიდვრის სასუქად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენთვის ნაცნობი და უსაფრთხო პროდუქტები. მაგალითად, შვრიის სასუქი პომიდვრისთვის შესანიშნავ შედეგს იძლევა.
როგორც კი მე და ჩემმა ოჯახმა აგარაკი შევიძინეთ, მიზნად დავისახე – პომიდვრის მოსავლის აღება საკუთარი ბოსტნიდან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პომიდორს განსაკუთრებული მოვლა და სასუქები სჭირდება, რაც მარტივად შეიძლება, რომ ზედმეტი მოგვივიდეს და მთელი მოსავალი გავაფუჭოთ. მეზობელმა მირჩია სასუქი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ავნებს ნერგებს. სასუქი ეფექტური აღმოჩნდა! ახლა პომიდვრის მოსავალს ყოველწლიურად ვიღებ.
შვრიის სასუქი პომიდვრისთვის: სახლური საშუალების სარგებელი
შვრიის ფანტელებისგან დამზადებულ სასუქს გააჩნია მრავალი უპირატესობა, რაც მისი აქტიურად გამოყენების საშუალებას იძლევა სხვადასხვა ბოსტნეულისთვის. თუმცა მებოსტნეები ამტკიცებენ, რომ შვრიის სასუქი ყველაზე მეტად შესაფერისია ბადრიჯნის, წიწაკის და პომიდვრისთვის.
შვრიის ფანტელი შეიცავს უამრავ ვიტამინს და მიკროელემენტს, რომელსაც შეუძლია სარგებლის მოტანა არა მხოლოდ თქვენი რაციონისთვის, არამედ პომიდვრის გაზრდისა და კარგი მოსავლის მიღებისთვის. მაგალითად, შვრიის ფაფაში არსებული მაგნიუმი ხელს შეუწყობს ფესვთა სისტემის აქტიურ განვითარებას და გაძლიერებას. პომიდვრის ყვავილობისას გააქტიურდება ფოსფორი, რომელსაც შეიცავს შვრიის ფანტელი. კალციუმი კი უზრუნველყოფს ძლიერი და მდგრადი ყლორტების ფორმირებას.
შვრიის ფანტელის სასუქი გაზრდის მცენარის მედეგობას ცუდი ამინდის მიმართ. გარდა ამისა, ამ მარცვლის ნიადაგში დამატება ზრდის მასში ჭიების რაოდენობას. ისინი, თავის მხრივ, აფხვიერებენ ნიადაგს, რაც საშუალებას აძლევს ჰაერს უკეთ იმოძრაოს ნიადაგის შიგნით. ეს ასევე დადებითად მოქმედებს მომავალ მოსავალზე. შვრიის სასუქი ასევე იცავს მცენარეებს სოკოს გაჩენისგან და ლპობისგან.
შვრიის სასუქის რეცეპტი
პომიდვრისთვის უმჯობესია გამოიყენოთ სასუქი შვრიის რძის სახით. მის მოსამზადებლად ბლენდერში ან სანაყში დააქუცმაცეთ 3 ს/კ შვრიის ფანტელი. გამოდგება ყველაზე იაფიანიც. დაასხით 1 ლიტრი წყალი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, დროდადრო ურიეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და გააზავეთ წყლით თანაბარი პროპორციებით. მზა ნარევით უნდა მორწყოთ მცენარე ფესვებთან, ყოველ მეორე დღეს.
შესაძლებელია უფრო ინტენსიური სასუქის მომზადებაც, რომელიც უფრო იშვიათად უნდა გამოიყენოთ. ამისთვის, 0,5 კგ შვრიის ფანტელს დაასხით 10 ლიტრი თბილი წყალი და დააყოვნეთ 2 კვირის განმავლობაში. თითოეული მცენარის ქვეშ უნდა დაასხათ დაახლოებით 500 მლ შვრიის სასუქი.
სხვათა შორის, შვრიის ფანტელის გამოყენება მშრალი სახითაც შეიძლება, თუ ხსნარის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ. ამისათვის, უნდა დაყაროთ დაქუცმაცებული შვრიის ფანტელები მიწაზე პომიდვრის ბუჩქების გარშემო. ამის შემდეგ, მსუბუქად უნდა გააფხვიეროთ ნიადაგი, რათა მიწა შეერიოს შვრიის ფანტელს. და არ დაგავიწყდეთ მორწყვა. შვრიის ნებისმიერი სასუქის შეტანიდან რამდენიმე კვირაში მიიღებთ თვალსაჩინო შედეგს.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები პომიდვრის უხვი მოსავლის აღებაში დაგეხმარებათ.