ყველა მშობელი, ამა თუ იმ ხარისხით, მასწავლებელიც არის. ის ერთიმეორის მიყოლებით ცდის სხვადასხვა საგანმანათლებლო მომენტებს, რათა ბავშვთან საერთო ენა გამონახოს. და ხანდახან პოულობს – თავისთვის მოსახერხებელს, მაგრამ სხვებისთვის სრულიად შეუფერებელს. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც შვილი არღვევს ყველა შაბლონს და ყურადღებას იპყრობს? სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ვივიენის დღევანდელ სტატიაში.
ბავშვის აღზრდა
რკინიგზის სადგურის მოსაცდელში ვიჯექი, მატარებლის შემოსვლამდე კიდევ საათნახევარი იყო დარჩენილი. წინ შვებულების მთელი ერთი კვირა მელოდა და შესანიშნავ განწყობაზე ვიყავი. იქვე სკამზე ახალგაზრდა დედა იჯდა, მისი 4 წლის შვილი კი გიჟივით დარბოდა დარბაზში და ხმაურობდა. უფრო სწორედ, გიჟივით ყვიროდა. გოგონა ისე იქცეოდა, თითქოს ის ბავშვი მისი შვილი არ ყოფილიყო. ის საკუთარ ტელეფონში იყურებოდა და პერიოდულად შენიშვნებს აძლევდა თავხედ შვილს. მაგრამ ბავშვმა, როგორც ჩანს, უკვე იცოდა: დედა უფრო სხვების დასანახად ხმაურობს. ყურებს მას არავინ აუწევს.
შემდეგ იმ ბავშვმა მოირბინა ჩემთან, 30 წლის კაცთან. გაჩერდა და ფეხსაცმელზე შემაფურთხა. გაოცებული დავრჩი. რა გააკეთა დედამისმა? მხოლოდ უხალისოდ უთხრა: „ლაშა, ასე არ შეიძლება!“
როგორ ფიქრობთ, მიხვდა თუ არა პატარა „ხულიგანი“ საკუთარ შეცდომას? არა! ერთი წუთის შემდეგ მან კვლავ მოირბინა და ახლა უკვე სახეზე შემაფურთხა. ამჯერად მზად ვიყავი. ფეხზე წამოვდექი და პირდაპირ ქერა შუბლზე მივაფურთხე დიდი სიამოვნებით.
ბიჭს მოულოდნელობისგან ცრემლები წამოუვიდა, მთელი ხმით ატირდა და დედასთან მიირბინა. აცრემლებულმა შესჩივლა ბოროტ ბიძიაზე, რომელმაც შეაფურთხა. დედა, მადლობა ღმერთს, გამოვიდა ანაბიოზიდან და მომხდარს მიაქცია ყურადღება.
„სრულ ჭკუაზე ხართ? რის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს? ის პატარაა და თქვენ? თქვენ უნდა გესმოდეთ, რას აკეთებთ!“- – ისტერიულად წამომიყენა ბრალდება.
ქალბატონს სრული სიმშვიდით ვუპასუხე: „თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ თქვენს შვილს ეს არ მოეწონა, ესე იგი, მას ესმის, რომ ეს ცუდია. მას მშვენივრად ესმის ყველაფერი. თქვენ თვალწინ მან ორჯერ შემაფურთხა, ასე რომ, მე ერთი კიდევ მმართებს. შემიძლია ახლავე დავაბრუნო.
დედა კვლავ აგრძელებდა ჩემთვის ხმამაღლა რაღაცის ახსნას და ხელების ქნევას, მაგრამ მე ისევ ყურსასმენები გავიკეთე და სასიამოვნო შვებულებაზე განვაგრძე ფიქრი. „რა სამწუხაროა, რომ სკოლის შემდეგ პედაგოგიურ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე. ჩემგან შესანიშნავი პედაგოგი დადგებოდა“, – გავიფიქრე მე.
რა ვუყოთ უმართავ ბავშვს?
ამ ისტორიის გმირის საქციელი მოსაწონია თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია, ძვირფასო მკითხველო. ჩვენ კი ამ სტატიაში შევეცდებით გავარკვიოთ, რა უდევს საფუძვლად ბავშვების აგრესიულობას.
ფსიქოლოგები ამას ასე ხსნიან. ბავშვი ბრაზდება და ცუდად იქცევა, როცა ვერ იღებს იმას, რაც სურს. სხვათა შორის, ზრდასრული ადამიანებიც ზუსტად ასე იქცევიან.
ბავშვი განიცდის იმედგაცრუებას და ბრაზს, როცა გზაზე რაიმე დაბრკოლებას ხვდება. კანფეტი უნდოდა, მაგრამ ვაშლი მისცეს. და თუ ამ შეზღუდვას სასჯელიც მოჰყვება, ბავშვი შეიძლება „აფეთქდეს”. ზედმეტად დასჯა ან ცუდი საქციელის სრულიად შეუმჩნევლად დატოვება ნიშნავს აგრესიის შემდგომი გამოვლინებების წახალისებას.
ზოგჯერ ბავშვი უბრალოდ უფროსების რეაქციას იმეორებს: მშობლების ან საბავშვო ბაღის მასწავლებლის რეაქციასაც კი. თუ ოჯახში მამას უყვარს ხმის აწევა ან თუნდაც დედაზე ხელის აწევა, ბავშვი სავარაუდოდ მისგან აკოპირებს უარყოფით ქცევას და სიტყვებს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვების თვალისგან მოშორებით გაარკვიოთ ყველაფერი და არ დაამციროთ თქვენი პარტნიორი ბავშვის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეწყვეტს იმის მოსმენას, ვინც ავტორიტეტულმა ზრდასრულმა ადამიანმა გააუფასურა.
აღმზრდელობითი მომენტი: სიყვარული, ზრუნვა და დროული რეაგირება
პარადოქსულია, მაგრამ ბავშვური აგრესიულობის გამო ყველაზე მეტად თავად ბავშვი იჩაგრება. მისი მშობლები უკმაყოფილონი არიან მისით, მეგობრებს არ სურთ მასთან თამაში. ბავშვი მუდმივ შიშსა და გაღიზიანებულ მდგომარეობაშია, რაც მას უბედურს ხდის.
სიყვარული და კეთილი სიტყვა ზოგჯერ გაბრაზებაზე უკეთ შველის სიტუაციას. აღზრდის პროცესში სრულიად მიუღებელია ფიზიკური ძალადობა. წყნარი, მშვიდი საუბარი ცელქ ბავშვს აჩვენებს: მისი ესმით და მზად არიან მისი პრობლემის გადასაჭრელად. ამავდროულად, მშობელმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება ცუდ საქციელზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ბავშვმა არ უნდა უყუროს ფილმებს და გადაცემებს სისასტიკისა და ძალადობის სცენებით. მის ფსიქიკას არ ძალუძს ასეთი მასალის გადამუშავება.
ბავშვი – მშობლის სარკეა
ბავშვს აუცილებლად სჭირდება ენერგიის დახარჯვა. ნება მიეცით ბავშვს მეგობრებთან ერთად იმხიარულოს და გზა მისცეს საკუთარ ფანტაზიებს სამეცნიერო და სპორტულ კლუბებში.
ბავშვები იმეორებენ მშობლების ქცევას. თუ თავად დედა ან მამა მეგობრული და თავაზიანი ადამიანები არიან ერთმანეთისა და გარშემომყოფების მიმართ, მათი შვილი მათი ქცევის მაგალითს მიიღებს. ასევე მარტივად, ბავშვი გაიმეორებს ბრაზისა და მრისხანების, შურისძიების და შეურაცხყოფის მომენტებს.
თუ დედა თვლის, რომ მისი შვილი „უზრდელია“, ბავშვი აუცილებლად მიხვდება მის უარყოფას და გაუცხოებას. ის მარტოობის განცდაში იქნება ჩაძირული და ეს ბავშვისთვის დამღუპველია. მშობლების ყურადღების მისაქცევად, მისი ქცევა კიდევ უფრო გართულდება.
ბავშვის მიღება ისეთად, როგორიც არის, ნებისმიერი მშობლისთვის რთული მისიაა. მაგრამ ის შობს სინათლეს, რომელიც ანათებს და განკურნავს მთელ მოდგმას. სიყვარულის ძალა კი, როგორც ვიცით, ფასდაუდებელია.