ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ ოთხი ადამიანი: პირველი ჯგუფის შშმ პირი – დედაჩემი, მე პატარა ბავშვთან ერთად და ბებიაჩემი, რომელიც 87 წლისაა და ახლახან გაუკეთდა ოპერაცია. დედაჩემს არ აქვს მხედველობა, აქვს ბევრი თანმხლები დაავადებაა, ბებია კი 2 წელზე მეტია არ დადის. შვილს მარტო ვზრდი, მეუღლე გარდამეცვალა.
ბებიას ჰყავს ვაჟი (დედაჩემის ძმა), რომელიც ცოლთან ერთად ცალკე ცხოვრობს. მათი შვილები უკვე დიდები არიან, შვილიშვილები კი ზრდასრულები. მთელი პრობლემა ისაა, რომ ახლა მხოლოდ მე ვზრუნავ ბებიაზე. უნდა ავწიო, დავსვა, ერთი მხრიდან მეორეზე გადავაწვინო. გამოდის, რომ ყველაზე რთული საქმე ჩემზეა, მიუხედავად იმისა, რომ ვაჟი ჰყავს.
ბიძაჩემი ბებიას ურეკავს და აქ მთავრდება მისი დახმარება. საავადმყოფოში მის სანახავად მხოლოდ ოპერაციის დროს მივიდა. ისინი ნაჩხუბრები არ არიან, უბრალოდ ცოლი განაწყობს ასე, რომ თითქოს ბებიაზე მხოლოდ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. მაშინაც კი, როცა ბებიამ საავადმყოფოდან დაურეკა და მისვლა სთხოვა, ამის გამო ცოლმა ძალიან დიდი სკანდალი მოაწყო. თვეში ერთხელ მათი უფროსი ქალიშვილი მოდის, მაგრამ არ სურს „ბინძური“ საქმის კეთება. ბიძაჩემის გარდა კაცები არ გვყავს. მამაჩემი არ მახსოვს, მამინაცვალი არ მყოლია. პაპაჩემი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც დედაჩემი 18 წლის იყო.
არ ვიცი, როგორ დავარწმუნო მისი შვილი, რომ ცოტა ხნით მაინც წაიყვანოს დედა და დაეხმაროს. ის აბსოლუტურად ჯანმრთელია, ისევე როგორც მისი ცოლი, ისინიც ოროთახიან ბინაში ცხოვრობენ. ბებიაჩემის სპეციალურ დაწესებულებაში განთავსება შეუძლებელია. რიგის ლოდინის გარდა, აუცილებელია დიაგნოზის დადასტურებაც. მაგრამ იმისთვის, რომ ის ექიმებმა გამოიკვლიონ და გასინჯონ, თავად ბებიის თანხმობაა საჭირო, რომელიც ყველაფერზე უარს ამბობს.
მომვლელის აყვანაზე უკვე ვიფიქრეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბინაში ადგილი აღარ გვექნება. მოგვიწევს ბინის დაქირავება. მაგრამ თუ ბინას ვიქირავებ და ბებიაჩემის მთელ პენსიას მომვლელს გადავუხდი, მაშინ სად ვიშოვი ფულს, რადგან ამის გარდა გვჭირდება საკვების და წამლების ყიდვა. ეს მინიმუმია. ახლა დეკრეტულ შვებულებაში ვარ და ბინის ქირაობის საშუალება ნამდვილად არ მაქვს. მაგრამ დამატებით პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ბებია უარს ამბობს უცნობ ადამიანებზე.
სრულიად შოკირებული ვიყავი ბიძაჩემის ცოტახნის წინანდელი საქციელით. მან დარეკა და მოგვიკითხა. მშვიდად ავუხსენი, რომ მე ამ ყველაფერს ვერ ვუმკლავდებოდი, რაზეც მან მიპასუხა: „კარგი, მიეცი დედას ტელეფონი, მისი ხმის გაგონება მინდა“. მე ვუპასუხე, რომ მას ჭრილობა არ უხორცდება (ნაკერი), გადაბრუნებაა საჭირო, წესიერად ვერ ვატრიალებ, ძნელია. ბებია ძირს სრიალებს და ყვირილს იწყებს. მაგრამ ჩემმა სიტყვებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო, მან არაფერი მიპასუხა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე…