ვივიენის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას მკითხველი გვიზიარებს. ზოგადად, საკუთარ ბავშვობაზე ვერ ვიწუწუნებ. ღარიბულად ვცხოვრობდით, მაგრამ ამაზე არასდროს მიფიქრია, ვსწავლობდი, ვმეგობრობდი – როგორც ყველა. ყოველთვის მორცხვი ბავშვი ვიყავი, მრცხვენოდა, მეშინოდა სადმე წინ გამოწევის. ყოველთვის სხვას ვუთმობდი, თუ ვინმეს იგივე სურდა, რაც მე. ძალიან ხშირად ვეხმარებოდი ყველას, სანაცვლოდ რაიმეს თხოვნის გარეშე. შემეძლო ერთი თვე სხვისი საქმის კეთებაში გაეტარებინა და არ გავბრაზებულიყავი, თუ ადამიანი მთელ შესრულებულ სამუშაოს საკუთარ თავს მიაწერდა.
სულ ახლახან გავიგე, რომ ცხოვრებაში მაინცდამაინც არავის ვყვარებივარ. მყავს და, ერთი წლით უფროსი. მივხვდი, რომ მას სხვანაირად ეპყრობოდნენ. ერთ მაგალითს მოგიყვებით. ბავშვობაში ვხატავდი, ხატვაზე დავდიოდი, ნახატები ვატმენის ქაღალდზე იყო დახვეული დიდ რულონში. არც ისე დიდი ხნის წინ, გადავწყვიტე ნივთების დალაგება, მინდოდა ჩემი ნახატები მეპოვა, მაგრამ მათ ნაცვლად ჩემი დის უამრავი რვეული, მისი ესეები და დღიურები ვიპოვე.
მინდოდა მისთვის მიმეცა, მაგრამ დედამ მითხრა, რომ ჩემს დას ისინი არ სჭირდებოდა. გადაგდება შევთავაზე. დედამ ამაყად მიპასუხა: „დედები ზრუნავენ შვილების ნივთებზე. არ იცოდი?” ვკითხე: „და სად არის ჩემი ნახატები?“ აღმოჩნდა, რომ ყველა ნახატი გადააგდეს. და ასე იყო ყოველთვის. დედა ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობს ჩემს დაზე, ის მზადაა შეაქოს მისი თუნდაც უბრალო წვნიანი, რომელიც მან მოამზადა. მე თუ ვკითხავ აზრს ჩემი კერძის შესახებ, ის ჩვეულებრივ მპასუხობს: „ნორმალურია”.
ჩემს დას დალევა უყვარს. როგორც კი იღვიძებს ნაბახუსევზე, დედა მასთან გარბის: „მე უკვე მოგიმზადე საუზმე. დღეს რთული დღე გაქვს.“ და თუ მე სამსახურიდან გვიან ვბრუნდები, მესმის: „წადი და მოამზადე შენთვის რაიმე, სხვათა შორის, ძალიან დავიღალე”. ჩემი ორსული და, რომელიც უკვე აღარ იყო ურთიერთობაში, გამუდმებით მიმტკიცებდა, რომ ცხოვრებაში ჩემგან კარგი არაფერი გამოვიდოდა. ძალიან გულდასაწყვეტი იყო. დედა კი ამბობდა: „ამ გზით ის შენს დაცვას ცდილობს რაიმე ცუდისგან, ის შენზე ღელავს”.
როგორ ფიქრობთ, ჩემი ხასიათი და დედაჩემის საქციელი ურთიერთკავშირშია? მე მამაჩემის ჯიშის ვარ, ჩემი და კი – დედაჩემის. ასე რომ, ბავშვობაში ნებისმიერ ჩხუბში, ჩემს დასთან დამნაშავე ყოველთვის მე ვიყავი. ადრეული ბავშვობიდან მომაწერეს ისეთი თვისებები, როგორიცაა ეგოიზმი, სიძუნწე, ეშმაკობა, უზნეობა, სიზარმაცე და სისასტიკე. ჩემი და ყოველთვის „წმინდანი“ იყო.
უკვე ზრდასრულ ასაკში, როცა ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრება ჩიხში შევიდა, დავიწყე იმის გაანალიზება, თუ რა შეცდომებმა გამოიწვია ეს პრობლემები და რატომ დავუშვი ეს შეცდომები? და როგორც არ უნდა შეხედო, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ეს შეცდომები თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო დავუშვი. რატომ მაკლდა თავდაჯერებულობა? მართალია, ეს იყო ჩემი ოჯახის ბრალი. ჩემი სულელური სურვილის გამო, რომ დამემტკიცებინა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის, რომ არ ვიყავი ეგოისტი ან სასტიკი, სხვებთან დათმობებზე მივდიოდი.
იმისთვის, რომ დამემტკიცებინა, რომ არ ვარ ცბიერი და ბოროტი, ბევრი რამ გავაკეთე, რაც ახლა სისულელედ მიმაჩნია. მსურდა დამემტკიცებინა, რომ არ ვიყავი ხარბი და ამიტომ მეორე პლანზე გადავწიე ფინანსური საკითხები და დრო არ დავუთმე კარიერის შენებას და მდიდარი მამაკაცების ძებნას. იმის დასამტკიცებლად, რომ არ ვიყავი ზარმაცი, ვმუშაობდი საძულველ სამსახურში, რის გამოც ჯანმრთელობა მთლიანად გავაფუჭე. გამოდის, რომ საკუთარ ცხოვრებას თავად ვიფუჭებდი, რადგან არავის ვუყვარდი?
სამაგიეროდ, ჩემმა „წმინდანმა“ დამ წარმატებით აირჩია ქმარი, თუმცა შეუხედავი, მაგრამ საკუთარი სახლით და კარგი თანამდებობით. მშობლებთან ყოველთვის წუწუნებდა და სთხოვდა მათ ფულს თავისი ახირების დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, არ ავიწყდებოდა საყვედურის თქმა, რომ ისინი საკმარისად არ ეხმარებოდნენ. მაგრამ ყველაზე „სასაცილო” ის არის, რომ დედაჩემი ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ ჩვენს ოჯახში სწორედ მე ვარ მთავარი ეგოისტი. არ ვიცი, როგორ მივხედო ჩემს ცხოვრებას…