ვარ დაქორწინებული. ჩემი ცოლი „ნაზი გოგოა“. სანამ ჩვენი ქალიშვილი დაიბადებოდა, ძალიან მომწონდა: ლამაზი, მსუბუქი, უდარდელი, უმწეო და მხიარული. როდესაც ორსულად იყო, ეს ჯერ არ მაწუხებდა. მომწონდა კიდეც მისი მოვლა, დაცვა და მასზე ზრუნვა. ბავშვის დაბადების შემდეგ ძალიან დავიძაბე, რადგან ჩვენს სახლში პრობლემები მხოლოდ მე მაქვს.
ჩემს მეუღლეს არ აქვს ძალა ბავშვის მოვლისთვის, ჩემი ქალიშვილი 2 წლისაა. ის „სუსტი ქალია“ და ვერ იტანს ზედმეტ დატვირთვას ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ეს ჩემმა მეუღლემ მითხრა მას შემდეგ, რაც ვკითხე, როდის აპირებდა ბავშვის მოვლა-პატრონობას. ამიტომ, ჩვენი ქალიშვილის დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ, ჩვენთან ძიძამ დაიწყო მუშაობა. აღმოჩნდა, რომ ძიძა „ოქროს ადამიანია”. დამატებით საფასურის სანაცვლოდ ის გემრიელად ამზადებს და ასუფთავებს სახლს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მას ჩემი ხელფასის თითქმის ნახევარს ვუხდი.
ამ დროს ჩემს ცოლს 11 საათამდე სძინავს. ის ბუა, მას 9 საათიანი ძილი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს კარგად ვერ გრძნობს. ის ცხოვრებაში დინჯია, მისი ადგილიდან დაძვრა ძნელია, აქვს დაბალი ენერგეტიკული პოტენციალი. გაღვიძების შემდეგ ის რამდენიმე საათის განმავლობაში ნებივრობს აბაზანაში და ორი საათი ნიღბებს იკეთებს. ამბობს, რომ ლამაზი უნდა იყოს. კვირაში 6 დღეს სპორტდარბაზში ატარებს. სახლში რომ ბრუნდება, ინტერნეტშია, მეგობარ გოგოებს სწერს და შემდეგ ისევ აბაზანაში წვება.
ქალიშვილს რამდენიმე საათი ხედავს დაძინებამდე. ამ დროისთვის ძიძა უკვე მიდის, მე კი სამსახურიდან ვერ ვასწრებ დაბრუნებას. დამატებით, ჩემი მეუღლე სწავლობს უნივერსიტეტში. მე არასოდეს მინახავს, რომ სახლში იმეცადინოს, მხოლოდ სესიებზე დადის. სწავლობს „თავისთვის”, მუშაობა არ შეუძლია, რადგან ეს მისთვის რთულია. როცა ძიძას დასვენების დღე აქვს, ცოლი ისტერიკაშია და ტირის. მან არ იცის, როგორ მოექცეს ბავშვს. მისთვის რთულია ქალიშვილთან ერთად ოც წუთზე მეტ ხანს სეირნობა.
ემოციურად არასტაბილურია. თუ ბავშვი ჭირვეულობს და ვერ ამშვიდებს, თვითონაც იწყებს ტირილს. ბავშვი აქტიურია, მისთვის რთულია. რა მომავალი ელის ჩვენს ოჯახს? ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. მე არ მყავს ცხოვრების მეგზური, სანდო პარტნიორი, მყავს „ორი ქალიშვილი” და უფროსი ყველაზე ჭირვეული და პრობლემატურია. მე რომ ავად გავხდე, რას იზამს ჩემი ცოლი? რომ მოვკვდე, შეძლებს ის ჩემი შვილის ღირსეულ ადამიანად აღზრდას?
იცოცხლებს თუ არა ჩემი ქალიშვილი სრულწლოვანებამდე? მდიდარი არ ვარ, მხოლოდ სამოთახიანი ბინა მაქვს მშობლებისგან და კარგი მანქანა. მაქვს გარკვეული დანაზოგი. მესმის, რომ ყოველთვის არ უნდა განიხილო ყველაზე უარესი სცენარი ცხოვრებაში, მაგრამ მე თუ არ ვიქნები, როგორ არჩენს ჩემი ცოლი შვილს? ის ხომ ვერ შეძლებს მუშაობას. ამაზე ვფიქრობ ყოველ დღე…