შორეულ 1970 წელს სამხედრო მოსამსახურის ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ისტორია ნახევარი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდებოდა.
1970 წლის ზამთარი. მზიანი ავსტრალია. ქვეყნის უდიდესი ქალაქი ვულონგონგი, სადაც 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მათ შორის იყო გრიმერების ოჯახიც. 24 წლის ვინსი სამხედრო მოსამსახურე იყო, ხოლო მისი 26 წლის ცოლი, კეროლი – დიასახლისი. ახალგაზრდა წყვილი ოთხ შვილს ზრდიდა: სამი ბიჭი – ოთხიდან შვიდ წლამდე და სამი წლის გოგონა – შერილი.
ოჯახი, არც ისე დიდი ხნის წინ, ცივი ინგლისიდან უფრო კომფორტულ კლიმატში გადავიდა საცხოვრებლად. ვინსი ავსტრალიაში გაგზავნეს და მისი ოჯახი ახლახან იწყებდა ახალ ადგილას დასახლებას. ისინი განათავსეს საერთო საცხოვრებელში, რომლიდანაც ორას მეტრში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლაჟი მდებარეობდა. იქ რეგულარულად იკრიბებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებსაც ცხელ დღეებში ცოტა გაგრილება სურდათ.
12 იანვარი არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენი დღეებისაგან. კეროლი, როგორც ყოველთვის, შვილებთან ერთად ატარებდა დროს ტასმანის ზღვის სანაპიროზე. ცოტა ხანში ამინდი გაუარესდა და ქალი და მისი შვილები სახლში წასასვლელად მოემზადნენ. სანამ კეროლი ნივთებს აწყობდა, ბავშვები საშხაპეებისკენ წავიდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ რიკი, ოჯახის უფროსი შვილი, სირბილით დაბრუნდა. ის შოკურ მდგომარეობაში მყოფი უყვებოდა დედას იმის შესახებ, რომ ისინი ერთად შევიდნენ საშხაპეში, შემდეგ კი – სხვადასხვა კაბინებში შევიდნენ და გარეთ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ შერილი არ გამოჩნდა.
შეშფოთებულმა დედამ მაშინვე პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მივიდნენ და მოწმეების გამოკითხვა დაიწყეს. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გარბოდა და ხელში პირსახოცში გახვეული გოგონა ეჭირა. ისინი მის კვალზე ვერ გავიდნენ და ამიტომ მეორე დღეს პოლიციამ მომხდარის სამი ძირითადი ვერსიის შემუშავება დაიწყო.
პირველის მიხედვით, შერილმა გადაწყვიტა, ძმებთან დამალობანა ეთამაშა, მათი გაფრთხილების გარეშე. იგი ძალიან შორს დაიმალა, დაიკარგა და უცნობებმა წაიყვანეს. მეორის მიხედვით, იგი ჩუმად გამოვიდა საშხაპიდან, ისევ საცურაოდ წავიდა და დაიხრჩო. მესამე ვერსია ყველაზე საშინელი იყო – ალბათ ბავშვი გაიტაცეს. სხვათა შორის, სწორედ მას განიხილავდნენ ყველაზე აქტიურად, რადგან მოწმის ჩვენება ერთადერთი ხელჩასაჭიდი იყო.
სამი დღის შემდეგ, უკანასკნელი ვერსია ფაქტობრივად დადასტურდა. ვიღაცამ გრიმერის ოჯახს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შერილს სახლში დააბრუნებდნენ იმ პირობით, თუ მას ათ ათას დოლარს გადაუხდიდნენ. ვინსმა და კეროლმა სასწრაფოდ შეაგროვეს საჭირო თანხა და განსაზღვრულ დროს მიიტანეს მითითებულ მისამართზე. მათ სჯეროდათ, რომ სახლში სამნი დაბრუნდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, გამტაცებლები შეხვედრაზე არ მივიდნენ.
პირველი ეჭვმიტანილის დასაკავებლად პოლიციას წელიწადნახევარი დასჭირდა. ის მდიდარი ვაჭრის 17 წლის ვაჟი აღმოჩნდა, რომელიც გრიმერის ოჯახიდან არც თუ ისე შორს ცხოვრობდა. ბიჭმა, რომლის სახელის გაჟღერება კანონით არ შეიძლებოდა, მაშინვე მისცა აღიარებითი ჩვენება, მაგრამ უარყო, რომ მან გაგზავნა წერილი გამოსასყიდის პირობებით. მხოლოდ მოგვიანებით გამოიკვეთა გამოძიების მიერ, რომ ეს თაღლითობა განახორციელა ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომელმაც იცოდა საქმის მიმდინარეობის შესახებ და გადაწყვიტა ესარგებლა დამწუხრებული მშობლების მდგომარეობით.
დაკავებულმა მოზარდმა თქვა, რომ გოგონა საშხაპესთან შეამჩნია და როგორც კი ძმები წავიდნენ, მაშინვე ხელში აიყვანა, სანაპიროდან გაიქცა და იქვე ბუჩქებში მიიმალა. მისი თქმით, შერილს არ უყვირია და არც დასახმარებლად დაძახება უცდია, მაგრამ პირი მაინც აუკრა, რომ არ ეტირა. მხოლოდ მან არასწორად გათვალა თავისი ძალა და ბავშვი შემთხვევით დაახრჩო. შეშინებულმა ცხედარი ბუჩქებში დამალა, შემდეგ ამოთხარა ორმო და დამარხა. მტკიცებულებად მან აღნიშნა, რომ გოგონას ლურჯი საცურაო კოსტიუმი ეცვა და თეთრი პირსახოცი ეხვია. ეს დეტალი არც ერთ მედიაში არ გამოქვეყნებულა და ამიტომ ამის შესახებ მხოლოდ დამნაშავეს შეეძლო სცოდნოდა.
მიუხედავად ამისა, დაკავებულმა გოგონას დაკრძალვის ადგილი ვერ იპოვა, რითაც ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი ბრალეულობა. 1971 წელს ახალგაზრდა მამაკაცის ფსიქიკურმა დაავადებამ პროგრესირება დაიწყო. მამის მიერ დაქირავებული გავლენიანი ადვოკატების წყალობით, ბიჭი გაათავისუფლეს და შერილის საქმე თაროზე შემოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენჯერმე დაუბრუნდნენ, დეტექტივების ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა მისი მკვდარი წერტილიდან დაძვრა.
ამ ამბავმა ახალი ელფერი მიიღო მხოლოდ 2017 წელს – ტრაგედიიდან 47 წლის შემდეგ. გაუხსნელი საქმეების ერთ-ერთი რევიზიის დროს, ახალმა გამომძიებელმა გადაწყვიტა დაკავების ორდერი გაეცა იმ ერთადერთ ეჭვმიტანილზე, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე 63 წლის იყო.
მამაკაცი კვლავ დაიბარეს დაკითხვაზე, სადაც მან გაიმეორა ის, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ თქვა და აღიარა ბავშვზე ძალადობის წარუმატებელი მცდელობა. ამჯერად დაკავებულმა, რომლის სახელიც კვლავ გასაიდუმლოებულია, გადაწყვიტა ბავშვის დაკრძალვის ადგილი ეჩვენებინა, მაგრამ ადგილზე მისვლისთანავე აღმოჩნდა, რომ მრავალი სამშენებლო სამუშაოების შემდეგ საფლავის პოვნა უბრალოდ შეუძლებელი იყო.
2017 წლის დასაწყისში, მსოფლიოს ყველა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული და ძველი დანაშაული საბოლოოდ გახსნილია, მაგრამ სასამართლო პროცესმა, რომელიც სექტემბერში გაიმართა, კვლავ გაამართლა მამაკაცი. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მხოლოდ აღიარებითი ჩვენება საკმარისი არ არის, ისევე როგორც საცურაო კოსტუმის დეტალების ხსენება, რომელთა შესახებაც გამომძიებლებს შეეძლოთ ეთქვათ მისთვის. გარდა ამისა, განაჩენის გამოტანამდე ერთადერთმა ეჭვმიტანილმა კატეგორიულად უარყო თავისი სიტყვები ადვოკატების დავალებით. საბოლოოდ, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს.
ამ საქმის ხელმძღვანელ დეტექტივებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სწორედ ეს მამაკაცია შერილის მკვლელი. შესაძლოა, ერთ დღესაც შესაძლებელი გახდეს მისი დანაშაულის დამტკიცება, მაგრამ გოგონას მშობლები ამის შესახებ არასოდეს გაიგებენ. ვინსი და კეროლი დიდი ხანია გარდაიცვალნენ, მათი შვილები კი – პლანეტის სხვადასხვა წერტილებში გაემგზავრნენ.