ეს ისტორია გაგვიზიარა გოგონამ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. მისი მონაყოლი ეხება მისი ბავშვობის მთავარ მოგონებებსა და მისი ცხოვრების მთავარ არჩევანს. ადამიანის არჩევანს, დედის არჩევანს.
კარგად მახსოვს ზამთრის ის ცივი დღე. მე და ჩემი მეგობარი სკოლიდან გამოვედით და ბევრს ვლაპარაკობდით და უცებ წამომცდა: „ავად თუ გავხდები, იქნებ მაშინ მაინც მომაქციოს ყურადღება დედაჩემმა“. ამის შემდეგ ძალიან ბევრი თოვლი შევჭამეთ და მე ავად გავხდი.
ძალიან ცუდად ვიყავი, ეს იყო გრიპი.
გამოჯანმრთელების შემდეგ, სკოლაში წავედი, ორ გაკვეთილს დავესწარი და მესამეზე გონება დავკარგე და კომაში ჩავვარდი. კომაში 5 დღე ვიყავი. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება. ახლა შშმ პირი ვარ. მეორე ჯგუფი მაქვს მონიჭებული. ბევრი რამ ფრაგმენტებად მახსენდება, მაგრამ ის, რაც ბავშვობიდან მახსენდება, ჩემთვის დღემდე მტკივნეულია.
კომის შემდეგ დედამ ნამდვილად მომაქცია ყურადღება. იმ მომენტისთვის, როგორც სერიალში, მამინაცვალთან ერთად ვცხოვრობდით. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ მე მყავდა და, რომელიც სამი წლით იყო ჩემზე უფროსი. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩვენ ერთი მამა არ გვყავდა. ვფიქრობ, დედაჩემს რაღაცის გამო ძალიან სძულდა მამაჩემი და მოგვიანებით ეს სიძულვილი ჩემზე გადმოვიდა.
თითქოს, ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი. დედა მცემდა არასწორ ადგილას დადებული ჭიქის გამო, ცუდად გარეცხილი თეფშის გამო. ცუდად მოწმენდილი იატაკის გამო – მსჯიდა ნებისმიერი წვრილმანის გამო.
თუ მშობლიურ ენაში სამიანს მივიღებდი – მცემდა, ოთხიანს თუ მივიღებდი – უბრალოდ მსჯიდა, რვეულს თუ ცუდად დავდებდი – მთელ რვეულებს ყრიდა მაგიდიდან და მაიძულებდა, რომ ლამაზად დამელაგებინა. ხუთი წუთითაც რომ დამეგვიანებინა სეირნობიდან დაბრუნება, სადილის, ვახშმის და საუზმის გარეშე ვრჩებოდი. შეიძლება, ორი დღე მეშიმშილა.
ამავდროულად, ჩემს დას ყველაფერი ჰქონდა. მას შეეძლო ეჭამა არომატული ფუნთუშა, კანფეტები, ყველაფერი, რასაც მოისურვებდა და დაეცინა, რომ მე დასჯილი ვიყავი. მამინაცვალი ცდილობდა ჩემ დაცვას, მაგრამ მოგვიანებით დედა სწორედ ამ მიზეზით დაშორდა მას.
რამდენიმე ხნის შემდეგ შშმ პირის სტატუსი მომცეს, ამის მიხედვით მეკუთვნოდა საგზური ზღვაზე. ერთხელ დედამ თან წამიყვანა, ხალხის თვალის ასახვევად. მზეზე ძლიერ დავიწვი, რადგან არ ვიცოდი, რომ ასეთი მგრძნობიარე კანი მქონდა. დედამ დამწვარ კანზე მირტყა. ძალიან მტკივნეული იყო. იქიდან რომ დავბრუნდით, ის დამემუქრა, რომ ზღვაზე ვეღარასოდეს წავიდოდი. მე არც მინდოდა ასეთი ზღვაზე წასვლა.
მოგვიანებით, როდესაც უკვე ახალი მამინაცვალი მყავდა, დედა ისე მცემდა, რომ შეტევები მემართებოდა, რის შემდეგაც სასწრაფოს საავადმყოფოში მივყავდი ერთი თვით, დედა კი დასთან ერთად ჩემი საგზურით ზღვაზე მიდიოდა, სანამ მე პალატაში ვიწექი.
პირველად, „ შენ ჩემი შვილი არ ხარ, წადი აქედან“ – დედისგან 12 წლის ასაკში მოვისმინე. 14 წლისამ ვცადე გაქცევა, მორიგი საუბრის შემდეგ, მაგრამ მან 2 საათში მიპოვა. მოგვიანებით, როდესაც შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიცეუმი დავამთავრე, მუშაობა დავიწყე, ბინა ვიქირავე და გადავედი.
2011 წელს დავფეხმძიმდი და 5,5 თვე ვმალავდი ორსულობას, დედისთვის სიტყვაც არ მითქვამს.
როგორც კი გაიგო, მაშინვე მითხრა: „აბორტი გაიკეთე“, მაგრამ პასუხად მოისმინა, რომ უკვე დაგვიანებული იყო. მაშინ მე ჩემი მთავარი არჩევანი გავაკეთე. 24 წლის ასაკში ვაჟი გავაჩინე, ჩემთვის. მინდოდა, რომ გვერდით ახლობელი და საყვარელი ადამიანი მყოლოდა. ის ვისაც ვეყვარებოდი და ვისთვისაც შევძლებდი ჩემი სიყვარულის ჩუქებას, ვის გამოც ვიცოცხლებდი.
ახლა ჩემი ვაჟი თითქმის 10 წლისაა. როდესაც ერთად ვარ, ბევრი რამ აღარ მახსოვს, მავიწყდება. რჩება მხოლოდ ჩვენი სიხარული. ერთად ვაცხობთ ღვეზლებს, ტორტებს ვაკეთებთ – მას ძალიან უყვარს ტკბილეული! ერთად ვხატავთ, რაღაცას ვაფერადებთ.
და ყველაზე საოცარი: ბევრი რამ გახდა შესაძლებელი იმის წყალობით, რომ ახლა ახალი ოჯახი მყავს.
რამდენიმე წლის წინ ავტობუსში ერთი გოგონა გავიცანი, ჩემი ისტორია გავანდე და თითქოს და შევიძინე. მისი ოჯახი – ჩემი ოჯახი გახდა, დედამისი კი – დედაჩემი. ახლა ერთად ვართ ნებისმიერ, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი.
დედაჩემი უკვე 5 წელიწადზე მეტია არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ წარსული დროდადრო მახსენებს თავს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს მივცემ უფლებას ჩემს თავს, რომ ჩემმა შვილმა განიცადოს ის ტკივილი, რომელსაც მე განვიცდიდი.