-დიახ დედა. არა, დედა. რა თქმა უნდა, არ შეგიძლია, დედა. დედა, უბრალოდ არ გააკეთო ეს. ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ!
დაახლოებით ასეთი იყო ვიტალისა და დედამისის ყველა დიალოგი ბოლო ექვსი თვის მანძილზე.
მას შემდეგ, რაც შვილმა გადაწყვიტა, რომ დედამისი იპოთეკით შეძენილ ბინაში გადაეყვანა საცხოვრებლად, ვიტალის ცხოვრება ცოტათი უფრო გართულდა.
დედას გამუდმებით სურდა რაიმეს გაუმჯობესება, ხელახლა გადაღებვა, შეცვლა ან თუნდაც შპალერის გამოცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ მას არავინ სთხოვდა ამის გაკეთებას.
აი დღესაც, ვიტალიმ თავისი სამუშაო დროის 10 წუთი დახარჯა, რათა აეხსნა, რომ დედამ არც უნდა იფიქროს კედლის გალესვაზე, საიდანაც “საშინლად მოსჩანს აგურები”.
შვილს არც სურვილი ჰქონდა და არც დრო, რომ მისთვის აეხსნა, რომ ასე იყო გამიზნული. ის უბრალოდ უკრძალავდა რაიმეს შეცვლას.
უცებ ზარები შეწყდა. საერთოდ. ვიტალიმ თავისუფლად ამოისუნთქა. ახლა დედასთან კომუნიკაცია იყო ისევ ისეთი, როგორც ადრე – კვირაში ერთხელ რამდენიმე წუთით, თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ ხდებოდა დედის გარემოცვაში, კარგი ან ცუდი.
მეორე მხრივ, ვიტალიმ თავად შესთავაზა დედამისს, რომ მის ბინაში გადასულიყო საცხოვრებლად.
სანამ ის სამწლიან მივლინებაში იმყოფებოდა ობიექტების ასაშენებლად, მის ბინას – თანამედროვე სტუდიას – მიხედვა სჭირდებოდა.
დედამისის გარდა ამას ვერავინ გაუმკლავდებოდა.
ყოფილ ცოლს ხომ არ ანდობდა?!
ამიტომ დედა მისი ოროთახიანი, მაგრამ პატარა ბინიდან შვილის ბინაში გადავიდა.
მაგრამ ახლა, როდესაც დედა, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ შვილს ვერ დაარწმუნებდა ბინის გადაკეთების აუცილებლობაში, ვიტალის შეუძლია მშვიდად დაიძინოს.
და შეასრულოს სამუშაო, რომელიც თითქმის სამი თვით ჩამორჩებოდა განრიგს. ინჟინრის თითქმის მთელი დრო ამ სამუშაოს ხმარდებოდა.
ფაქტობრივად, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დედამისის მის ბინაში გადასვლა.
ზარი, დროის სხვაობის გამო, თითქმის შუაღამისას გაისმა.
-გამარჯობა, ვიტალი ბრძანდებით?
-დიახ, – დაიძაბა ვიტალი. – ვინ მკითხულობს?
-უბნის პოლიციის თანამშრომელი გაწუხებთ.
-რა მოხდა? – ვიტალის ოფლმა დაასხა. გაიფიქრა, რომ ახლავე დედას უნდა დაურეკოს.
-თქვენზე საჩივარია.
-ჩემზე? მაგრამ მე…
-თქვენს ბინაზე. რეგულარული წვეულებები, გინება, ხმამაღალი მუსიკა და ნაგავი სადარბაზოში.
ვიტალი უცებ შინაგანად მოდუნდა. ესე იგი, დედა კარგად არის.
-ალბათ რაღაც გეშლებათ. ჩემს ბინაში დედაჩემი ცხოვრობს. ის თითქმის 60 წლისაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას მოეწყო წვეულებები.
-ბინა 46, თქვენია?
-დიახ, – დაადასტურა ვიტალიმ გაკვირვებულმა.
-მაშინ აუცილებლად უნდა შევხვდეთ. სამი განცხადებაა თქვენი მეზობლებისგან. როგორც გესმით, ასეთ შეტყობინებებს უპასუხოდ ვერ დავტოვებთ.
-მაგრამ… მე ქალაქში არ ვარ. 2000 კილომეტრში ვარ და ვერ მოვალ. მაგრამ დედაჩემი, ის ჩემს ბინაში ცხოვრობს.
-ის თქვენს ბინაშია რეგისტრირებული?
-არა, მაგრამ …
-მაშინ ასე არ გამოდგება. თქვენ გვჭირდებით. ასე რომ, მობრძანდით ოთხშაბათს, 11 საათზე.
-ხომ გიხსნით, ობიექტს ვაშენებთ. -დღენახევარი მჭირდება რომ ჩამოვფრინდე, გადასხდომით.
-არაუშავს, ბატონო ვიტალი.
-მაშინ პარასკევისთვის გადავდოთ, თუ შეიძლება.
-კარგი, დილის 9 საათისთვის.
ვიტალიმ ტელეფონი გათიშა და სწრაფად გააანალიზა სიტუაცია. დიდი ალბათობით, ეს შეცდომაა. ის ახლავე გაარკვევს.
დედამ მეორე ზარის შემდეგ უპასუხა:
-ვიტალი, გამარჯობა. დარეკვის გრაფიკი აგერია? თუ დედა მოგენატრა? ან რამე ხომ არ მოხდა?
-დედა, უბნის პოლიციის თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს წინააღმდეგ სამი განცხადებაა შეტანილი. ვითომ ჩემს ბინაში წვეულებები, ხმაური და ხმამაღალი მუსიკაა.
-კარგი რაა! საიდან? – სწრაფად უპასუხა დედამ.
მაგრამ შვილმა დედის სიტყვებში ეჭვი შენიშნა.
-დედა, მოდი თეატრალურ წარმოდგენების გარეშე. წვეულებები გაგიმართავს?
-რა თქმა უნდა, არა. რა წვეულებები!
-მაშინ საიდან გაჩნდა განცხადებები? დედა, სახუმაროდ არ მცალია. რა ხდება?
-იცი რა, დიდი არაფერი.
ვაჟი მოთმინებას კარგავდა:
-დედა შეწყვიტე წუწუნი. რა ხდება ჩემს ბინაში. და რატომ არ მეუბნები ამის შესახებ?
-ვიტალი, ოღონდ არ გაბრაზდე. არ მომწონს შენი ბინა! საერთოდ! ვცდილობდი, რომ შევჩვეოდი, გულწრფელად გეუბნები. მაგრამ ეს რემონტი, თითქოს რემონტს არ ჰგავს… მოკლედ, იქიდან გადმოვედი.
-როგორ თუ გადახვედი? ჩვენ ხომ შევთანხმდით…
-არ შემეძლო იქ ცხოვრება, ამიტომ ჩემს სახლში დავბრუნდი.
ვიტალი ერთხანს ჩაფიქრდა.
-მაშ, ვინ მართავდა წვეულებებს ჩემს ბინაში? -მოიცადე, ჩემი ბინა გააქირავე?
-არა, რას ლაპარაკობ! – უპასუხა გაბრაზებულმა დედამ. – ან როგორ შევძლებდი ამის გაკეთებას? მე არ მაქვს მინდობილობა.
-დედა, ვინ ცხოვრობს ჩემს ბინაში?
პაუზა დიდხანს გაგრძელდა.
-მე… მოკლედ, იქ ნათია ცხოვრობს. ვიტალი, მოიცადე! ნუ მაწყვეტინებ, ყველაფერს აგიხსნი. მან დარეკა და თქვა, რომ მშობლებმა სახლიდან გააძევეს. და მე… შემეცოდა.
ვაჟი სრულიად გაოგნებული იყო.
მას აღარ ესმოდა დედამისის ახალ-ახალი არგუმენტები საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად. არც ის გაუგია, როგორ იხდიდა ბოდიშს და ჰპირდებოდა ყველაფრის გამოსწორებას.
ვიტალის ეს ყველაფერი არ გაუგია.
მხოლოდ ერთი სახელი უტრიალებდა თავში – ნათია.
მისი ყოფილი მეუღლის სახელი. რომლის დავიწყებასაც ის ძალიან ცდილობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ვიტალი სახლში დაბრუნდა და მეზობლებთან ყველა პრობლემა მოაგვარა.
ყოფილი ცოლი მის ბინაში აღარ იმყოფებოდა. ახალი საკეტის დაყენების და ბინაში ყველა კომუნიკაციის გადაკეტვის შემდეგ, ვიტალი სამსახურს დაუბრუნდა.
დედას არ ესტუმრა და არც დაურეკა.
თუ ლაპარაკი უნდა, თავის ყოფილ რძალს დაურეკოს. როგორც ჩანს, ისინი მეგობრები არიან.