თანამედროვე ბავშვებს უფრო მეტად რძიანი შოკოლადი უყვართ (სასურველია შიგთავსით). და ისე, რომ ტკბილეულს მოჰყვეს სათამაშო ან სტიკერი მაინც. ჩვენი ბავშვობისდროინდელ ტკბილეულს თუ გავიხსენებთ, არც ისე განებივრებულები ვიყავით, მთავარი ის იყო, რომ გემრიელი ყოფილიყო. ახლა ეს ტკბილეული ცოტა მივიწყებულია.
ადამიანებს, რომლებიც წარმოშობით სსრკ-დან არიან, კარგად ახსოვთ საბჭოთა ტკბილეულის გემრიელი გემო, რომელსაც ბევრად ჩამოუვარდება დღევანდელი კანფეტები, ნამცხვრები და სხვა დესერტები. როგორი ტკბილეული უყვარდათ იმ ეპოქის ბავშვებს?
ტკბილეული ბავშვობიდან: 7 პოპულარული საბჭოთა ტკბილეული
თითქმის 90-იან წლებამდე კარგი ხარისხის კანფეტი ისეთივე დეფიციტური იყო, როგორც სხვა ყოველდღიური პროდუქტები. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავიანთი შვილები რაიმე უჩვეულოთი გაეხარებინათ. ვივიენის დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ნოსტალგიური ტკბილეულის ჩამონათვალს, რომლებიც ახლა ძნელი საპოვნელია:
საბჭოთა საღეჭი რეზინი
სადღაც 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა საღეჭი რეზინი საბოლოოდ მიეცა დავიწყებას. არადა რამდენი სახეობა იყო! “ფორთოხლის”, “მარწყვის” და “ჟოლოს”. ესენი უფრო საბავშვო ვარიანტებად ითვლებოდა, ხოლო “ყავის” და “პიტნის” – უფროსებისთვის. საბჭოთა ბავშვებისთვის საღეჭი რეზინი მართლაც ლამაზი ცხოვრების ელემენტი იყო. ამავდროულად, ადგილობრივი წარმოების საღეჭი რეზინი ნაკლები ელასტიურობით და უბრალო გემოთი გამოირჩეოდა, მაგრამ უკეთესის არარსებობის შემთხვევაში, მაინც ფასდებოდა.
კისელი ბრიკეტებში
საბჭოთა პერიოდში კისელი ბრიკეტებში ალბათ ყველაზე ხელმისაწვდომი ტკბილეული იყო ბავშვებისთვის. ალუბალი, მარწყვი, ხილი და კენკრა – გემოები ნამდვილად მრავალფეროვანი იყო. ეს პროდუქტი დღესაც იწარმოება, მაგრამ მის შემადგენლობაში ნატურალური მხოლოდ შაქარი და სახამებელია.
ყველი ტუბებში
მდნარი ყველი ტუბებში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული საბჭოთა პროდუქტი იყო. თუმცა ის ყველა მაღაზიაში არ შეჰქონდათ და მხოლოდ დიდ ქალაქებში იყიდებოდა. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის იყო უნივერმაღების რეკლამებზე. თანამედროვე სუპერმარკეტებში ასეთი ყველის პოვნა რთულია. და გემოც სულ სხვაა!
“მამალო”
ჩუპა-ჩუპსის გამოჩენამდე სკოლის მოსწავლეებს შორის ყველაზე გავრცელებული ტკბილეული იყო ე.წ. “მამალო”. ყველაზე ხშირად მათ ამზადებდნენ მამლის ფორმაში, თუმცა იყო თევზი, კურდღელი და ციყვიც. მას ყიდიდნენ ბაზრებში, გადასასვლელებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახლოს. მისი მომზადება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. ამისათვის მხოლოდ სპეციალური ფორმები და შაქარი დაგჭირდებათ.
ირისი
წელვადი ირისი საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო. სწორედ ეს ტკბილეული იყო კბილის ბჟენის დაკარგვის მთავარი მიზეზი. მაღაზიის თაროებზე შეგეძლოთ გენახათ ირისი, სახელწოდებით “კის-კისი”, “ტუზიკი” და “ოქროს გასაღები”. ირისი დღესაც იყიდება, მაგრამ ისინი, ვისი ბავშვობაც საბჭოთა ეპოქას დაემთხვა, ამტკიცებენ, რომ დღევანდელი ტკბილეულის რეცეპტი საოცრად განსხვავდება საბჭოთა რეცეპტისგან.
ლიმონათი “ბურატინო”
სასმელი “ბურატინო” საბჭოთა ბაზარზე გასული საუკუნის 70-იან წლებში შემოვიდა. ლიმონათი ნახევარ ლიტრიან შუშის ბოთლებში იყიდებოდა. მინის ტარის შემგროვებელ პუნქტში ცარიელი ბოთლების ჩაბარებით შესაძლებელი იყო დახარჯული თანხის ნაწილის ანაზღაურება. ამ ლიმონათის შემადგენლობა მთლიანად ნატურალური იყო, ამიტომ მისი შენახვის ვადა იყო 7 დღე. საბჭოთა ბავშვებს ძალიან უყვარდათ ეს ლიმონათი სიტკბოსა და ციტრუსის უნიკალური არომატის გამო.
ორცხობილა “საიუბილეო” კარაქით
თუ ბებიას ან დედას ვერ ითანხმებდნენ ღვეზელის ან ნამცხვრის გამოცხობაზე, მაშინ ბავშვები იმით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, რაც სახლში ჰქონდათ. ეს შეიძლება ყოფილიყო ორცხობილა “საიუბილეო”. ცოტაოდენი ნაღების კარაქი და შაქარი და მშვენიერი დესერტი მზად არის.
და ბოლოს, გავიხსენოთ ჰალვა. ის სსრკ-ში მხოლოდ რკინის ქილებში იყიდებოდა. ეს ტკბილეული, სხვა მრავალისგან განსხვავებით, ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერ მაღაზიაში.