რჩევები და ინსტრუქცია, როგორ მოიქცეთ თუ გველმა გიკბინათ

446

ყველა ქვეწარმავალი შხამიანი არაა, თუმცა ამ ცხოველებთან ნებისმიერი კონტაქტი ამა თუ იმ საფრთხეს შეიცავს. ყოველწლიურად მსოფლიოში გველის მსხვერპლი ხდება დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 125 ათასი იღუპება. ამავდროულად, ცოტამ თუ იცის, რა გააკეთოს გველის ნაკბენზე და როგორ იმოქმედოს პირველ წუთებში.

მაქსიმალური ინფორმაცია, რაც საშუალო სტატისტიკურ ადამიანს აქვს, ისაა, რომ შხამი ჭრილობიდან უნდა ამოწოვოს. საკმარისია ეს პირველი სამედიცინო დახმარებისთვის? სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი მოქმედება საზიანოც შეიძლება იყოს. Vivien გიამბობთ, როგორ გადაარჩინოთ საკუთარი თავი და ახლობლები გველის თავდასხმის დროს.

როგორი სახეობის გველები გვხვდება და სად ბინადრობენ?

საქართველოში გავრცელებულია გველების 20 სახეობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 4 ოჯახში: გველბრუცასებრნი – 1 სახეობა, მახრჩობელასებრნი – 1 სახეობა, ანკარასებრნი – 14 სახეობა, გველგესლასებრნი – 4 სახეობა. თუ ვსაუბრობთ შხამიან გველებზე, ჩვენთან ყველაზე ხშირად გვხვდება ველის გველგესლა  და ჩვეულებრივი გველგესლა. არის კიდევ 2 ქვეწარმავალი, რომლებიც ადამიანისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან უშხამოა, ესაა გრძელი მცურავი და კასპიური მცურავი.

როგორც წესი, გველი ბინადრობს ჭაობთან ახლოს, ტყეში, მთასა და მდელოში. ამა თუ იმ ადგილას მისი ბინადრობის მნიშვნელოვანი პირობაა ღია ადგილები მზის აბაზანის მისაღებად (ბუდიდან 100 მეტრში). აღსანიშნავია, რომ მისი აქტიურობა მკვეთრად მცირდება, როცა ჰაერის ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელს (23 გრადუსი) აჭარბებს. გველი უსიცოცხლო და უმოქმედო ხდება. თუ სიცხეში გველმა გიკბინათ, სავარაუდოდ, დააბიჯეთ, დააწექით ან დააჯექით. როგორ დაიცვათ თავი გველის თავდასხმისგან? ამას დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ.

არ იმოძრაოთ

თუ დაინახეთ გველი, მკვეთრ მოძრაობას მოერიდეთ. დაელოდეთ, სანამ გასრიალდება. როგორც წესი, გველი უმოძრაო ობიექტებს ვერ ამჩნევს.

სათანადოდ ჩაიცვით

თუ მიდიხართ ისეთ ადგილას, სადაც თეორიულად გველი ბინადრობს, სათანადო ტანსაცმელი შეარჩიეთ. ესაა მაღალი ფეხსაცმელი, სქელი ქსოვილისგან შეკერილი გრძელი შარვალი, გრძელმკლავიანი მაისური. შარვალი ფეხსაცმელში უნდა ჩაიკეცოთ.

დასასვენებელი ადგილი შეამოწმეთ

გველი რომ შეაშინოთ, ქვაზე, თივის გროვაზე, კუნძზე ან ბალახზე დაჯდომამდე, მომავალ დასასვენებელ ადგილზე ჯოხით დააკაკუნეთ, იხმაურეთ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ გველმა გიკბინათ?

პირველ რიგში, რაც შეიძლება მალე საავადმყოფოში უნდა მოხვდეთ. მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს შეუძლია საჭირო დახმარების გაწევა. თუმცა გველის ნაკბენი სწრაფი სამედიცინო ჩარევის გარეშეც სიკვდილს იშვიათად იწვევს. თუ უახლოესი სამედიცინო პუნქტი შორსაა, დაზარალებულს პირველადი დახმარება თავად გაუწიეთ. დაიცავით შემდეგი წესები:

  • მოძრაობა მინიმუმამდე შეამცირეთ, სიმშვიდე უზრუნველყავით.
  • ნაკბენი ადგილი ანტისეპტიკით დაამუშავეთ.
  • დაზიანებული კიდურიდან ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ფრთხილად გახადეთ.
  • ალერგიის საწინააღმდეგო 2 აბი მიეცით (თუ გაქვთ).
  • ჭრილობას ქსოვილში გახვეული ყინული დაადეთ.
  • ჭრილობას რაიმე მწველი არ დაადოთ.
  • ალკოჰოლის დალევა არ შეიძლება.
  • გველს ფოტო გადაუღეთ (მომავალი მკურნალობისთვის).

პირველი სამედიცინო დახმარების წესები გველის ნაკბენზე

პირველ რიგში, საკუთარი თავი და დაზარალებული უნდა დაიცვათ. გახსოვდეთ, თუ გველი არ გასრიალდა, კიდევ ერთხელ თავს შეიძლება დაგესხათ. სწორედ ამიტომ, თავიდან უნდა მოიშოროთ ან მოკლათ ნებისმიერი მეთოდით (ჯოხი, ნიჩაბი, ქვა).

  1. დაზარალებული კომფორტულად მოაწყვეთ და სრული უმოძრაობა უზრუნველყავით. კუნთების შეკუმშვა სისხლდენას აძლიერებს: ასე შხამი სისხლში სწრაფად ხვდება. სწორედ ამიტომ, დაზიანებულ კიდურს არტახით კრავენ. ჭრილობის ოდნავ ზემოთ მჭიდრო სახვევი იდება. ასე ლიმფური და ვენური გადინება იბლოკება, რაც შხამის გავრცელებას აფერხებს. მნიშვნელოვანია, რომ ქსოვილსა და კანს შორის ერთი თითი გადიოდეს.
  2. ადამიანს გახადეთ ყველაფერი, რაც შეიძლება აწვებოდეს. გველის ნაკბენმა ძლიერი შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს. პირველ რიგში, მოხსენით ბეჭედი, საათი და სამაჯური. კანში მტკივნეულად შეიძლება შეიჭრას. ვიწრო ტანსაცმელი გახსენით, რომ არ დააწვეს, მაგრამ არ გახადოთ (ზედმეტ მოძრაობას მოერიდეთ).
  3. ჭრილობიდან შხამის ამოღება ძირითადი მეთოდია, რომელიც შხამიანი ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრას ამცირებს. დღეს აქტიურად განიხილება თემა, შეიძლება თუ არა შხამის ამოწოვა პირით. ბევრი თვლის, რომ ასე მაშველი თავად იწამლება. თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი შემთხვევა იშვიათად ხდება და პირის ღრუს დაზიანებას უკავშირდება. შხამი შემთხვევით რომც გადაყლაპოთ, უსაფრთხო იქნება. გველის შხამი ცილებისგან შედგება და კუჭის წვენის მჟავების და ფერმენტების მოქმედებით მაშინვე ნადგურდება. სასურველია, შხამი ამოიღოთ ნებისმიერი ვაკუუმური მოწყობილობით (რეზინის ოყნა ან შპრიცი). უკიდურეს შემთხვევაში, ეს პირით შეგიძლიათ გააკეთოთ. მაშველისთვის საფრთხის რისკი გაცილებით დაბალია, ვიდრე მსხვერპლისთვის.
  4. შხამის ამოწოვის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 15 წუთს წაგართმევთ, ჭრილობა უალკოჰოლო ანტისეპტიკით დაამუშავეთ, პლასტირი დაადეთ ან ბინტით დაახვიეთ. შემდეგ კუნთში შეჰყავთ ანტიჰისტამინური პრეპარატი, არსებობის შემთხვევაში – ჰორმონები (დექსტამეტაზონი, პრედნიზოლონი).
  5. დაზარალებული უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიიყვანოთ. აქ სპეციალურ შრატს გაუკეთებენ. პრეპარატი შხამს ბლოკავს და ორგანიზმიდან გამოდევნის. დროული სამედიცინო ჩარევით გადარჩენის შანსი მკვეთრად იზრდება. მთავარია, პანიკას არ აჰყვეთ და ცივი გონებით იმოქმედოთ.
  6. ექიმს ჩანაწერი დაუტოვეთ. ეს პუნქტი მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საავადმყოფოდან შორსაა და სამედიცინო დახმარების სწრაფად მიღება არ შეუძლია. ჩაწერეთ კბენის თარიღი და დრო, დააფიქსირეთ სიწითლის ზომა და ყველა არსებული სიმპტომი. შესაძლებლობის მიხედვით, კბენის ადგილის ზემოთ და ქვემოთ კიდურის გარშემოწერილობა გაზომეთ.

გველების უმეტესობა აგრესიული არაა, მაგრამ თუ გამოიწვევთ, თავს დაგესხმებათ. ბუნებაში მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, ფეხქვეშ იყურეთ, დახურული ფეხსაცმელი და სათანადო ტანსაცმელი ჩაიცვით. თუ დაინახეთ ცხოველი, მაშინვე ნელ–ნელა გვერდი აუარეთ. ვინაიდან დროული დახმარებაც ყოველთვის ვერ გიშველით.