ლამაზმანი და ურჩხული: როგორ დაანგრია პაბლო პიკასომ რუსი ბალერინას ოლგა ხოხლოვას ცხოვრება

406

მხატვრების თანამგზავრები ყოველთვის რჩებიან თავიანთი ცნობილი ქმრების ჩრდილში, ხშირად არა მხოლოდ საკუთარ საქმეს, არამედ სიცოცხლესაც სწირავენ. ასეთი სევდიანი ბედი ხვდა პაბლო პიკასოს პირველ მეუღლეს, ოლგა ხოხლოვას.

როგორც ნამდვილ ესპანელს, პიკასოს ხოხლოვა ვნებიანად უყვარდა. როგორც ნამდვილი მხატვარი, მასში ხედავდა შთაგონების წყაროს, რომელიც წლების შემდეგ სხვაზე ადვილად გაცვალა. ოფიციალურად 37 წელი ერთად იყვნენ და მხოლოდ პირველი 10 წელი იცხოვრეს სიყვარულსა და ჰარმონიაში. ოლგას პორტრეტები ამ რთული ურთიერთობის ერთგვარ მატიანედ იქცა: დასაწყისში ქალი ნაზი მუზა და ქალღმერთი იყო, კალის ქორწინების ბოლოს – მეგერა, რომელიც ეჭვიანობით და ჭკუის დარიგებით (და არა უმიზეზოდ) ტანჯავდა. ექსპერტები პიკასოს უწოდებენ უდიდეს გენიოსს, ასევე ხორციელ ეშმაკს, სადისტს და ყოვლისმჭამელ დესპოტს. Vivien–ის მასალის წაკითხვის შემდეგ, თავად გადაწყვიტეთ, ასეა თუ არა.

„მადმუაზელ კოკლოვა“

ოლგა ხოხლოვა 1891 წლის 17 ივნისს დაიბადა, მე-19 საუკუნის ბოლოს კლასიკური რუსი ქალი იყო. უყვარდა მეჯლისები, ლამაზი კაბები, ჩაი, ხიზილალა და ფუნთუშა. ზომიერად წარმატებული მოცეკვავე იყო. მისით თავად სერგეი დიაგილევი იყო დაინტერესებული. „რუსული სეზონების“ შემქმნელმა მთავარი პარტია არ ანდო, მაგრამ კორდებალეტის პირველ შემადგენლობაში ჩასვა. იმის ცოდნით, რომ სერგეი საშუალო დონის ხალხთან არ ურთიერთობდა და მით უფრო არ მუშაობდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოლგას მთავარ გუნდში გადასვლა შეეძლო. მაგრამ მალე მის ცხოვრებაში პაბლო პიკასო გამოჩნდა. 1917 წელს დიაგილევმა მხატვარი მიიწვია ბალეტის „პარადის“ კოსტიუმების და დეკორაციების შესაქმნელად. ცნობილმა ესპანელმა მაშინვე ყურადღება მიაქცია მოკრძალებულ ოლგას, რომლის გვარიც შეცდომით წარმოთქვა და მას „მადმუაზელ კოკლოვა“ უწოდა

მექალთანე და დამფრთხალი ქალწული

იმ დროს ცნობილი მხატვარი, დაუღალავი ექსპერიმენტატორი და ანდალუსიელი მაჩო იმდენად იყო მაძღარი მის საწოლში გავლილი ქალების ნაკადით, რომ მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა – მშვიდი ოჯახური ცხოვრება თვინიერ ლამაზმანთან. სწორედ ასეთი დაინახა ოლგა ხოხლოვა. ეს ორი არა თუ სხვადასხვა პლანეტიდან, არამედ სხვადასხვა გალაქტიკიდან იყო. მას 14 წლიდან ბევრი საყვარელი ჰყავდა, 26 წლის ქალი მფრთხალ ქალწულად რჩებოდა. „სახელს მიტეხავთ“ – ეუბნებოდა აწითლებული მოცეკვავე ესპანელს, რომელიც პარიზული ბინის ზღურბლზე მხოლოდ შორტით ხვდებოდა. სერგეი დიაგილევმა, რომელიც ამ რომანის მოწმე გახდა, მაშინვე უთხრა მხატვარს, რომ მის ბალერინასთან უბრალო ინტრიგა არ გამოუვიდოდა.

თუ საჭიროა, იყოს. 1918 წლის 12 ივლისს პარიზის მე-7 ოლქის მერიაში რეგისტრაცია შედგა. ამას მოჰყვა ჯვრისწერა ალექსანდრე ნეველის ტაძარში დარუს ქუჩაზე. თაფლობის თვემდე პიკასომ და ხოხლოვამ ხელი მოაწერეს საქორწინო კონტრაქტს, რომლის მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში, მეუღლეების მთელი ქონება, მათ შორის ხელოვნების ნიმუშები, შუაზე გაიყოფოდა. მომავალში მხატვარმა ეს არაერთხელ ინანა.

არა ცხოვრება, არამედ ზღაპარი

პარიზში დაბრუნებისთანავე მათი ოჯახური ცხოვრება დაიწყო ლამაზ ოროთახიან ბინაში და საზოგადოებაში სავალდებულო გასვლებით, სადაც ოლგა ყოველთვის ბრწყინავდა, ყურადღების ცენტრში იყო. ხოხლოვას ძალიან მოსწონდა „მადამ პიკასოდ“ ყოფნა. მისთვის ასეთი ცხოვრების წესი ახალი იყო, ამიტომ პიკასო ყველაფრისადმი გულწრფელ ინტერესს გამოხატავდა. მხატვრის მეგობრები თვალებს არ უჯერებდნენ: დაქორწინებულმა კაცმა სხვა ქალების არსებობა დაივიწყა! მის სამყაროში იყო მხოლოდ ოლგა. ცოლს ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდა, ყველა მის შენაძენს იხდიდა (მას კი შოპინგი უყვარდა), შამპანურსა და შავ ხიზილალაზე დახარჯულ ფულს არ ითვლიდა (თუმცა თავად ერჩივნა კატალონიური ძეხვი ლობიოთი) და, რა თქმა უნდა, მთავარ მუზას შეუსვენებლად ხატავდა. 1921 წლის 4 თებერვალს შვილის დაბადებამ ამ ზღაპარში ახალი თავი გახსნა. თითქოს ოლგას მთავარი ოცნება ახდა: ოჯახში იდილია სუფევდა, ქმარი მდიდარი და მოთხოვნადი იყო, ის უყვარდათ.

მიზიდულობა აღარაა

ქორწილის 10 წლის იუბილეს აღნიშვნამდე ცოტა ხნით ადრე პაბლო პიკასო მიხვდა, რომ საკუთარი ცოლი აღარ იზიდავდა და შთააგონებდა. „ქალები და სამსახური ახალგაზრდობას ახანგრძლივებს“ – იმეორებდა ის და ქალებზე მრავლობით რიცხვში შემთხვევით არ საუბრობდა.

წინანდელი პიკასო, ქალების მოყვარული და ნამდვილი სექს გიგანტი, დაბრუნდა!

ოჯახური კავშირი თავის აშვებაში ხელს უშლიდა (სინდისი მაინც ჰქონდა), თუმცა განქორწინებაზე არ ფიქრობდა. ქონების და ნახატების ნახევრის დაკარგვა არ შეეძლო. 1927 წელს 46 წლის მხატვარი 17 წლის ფრანგი მარი-ტერეზა ვალტერით დაინტერესდა და თავის 36 წლის ცოლს მიახვედრა, რომ მის გულში მისი ადგილი აღარ იყო. მეუღლეები ერთ სახლში ცხოვრებას აგრძელებდნენ, მაგრამ პაბლო ოლგას საერთოდ ვერ ამჩნევდა. მეორე სართულზე სახელოსნოში გადავიდა. აქ ახალგაზრდა საყვარელთან ვნებიან დღეებს და ღამეებს ატარებდა. მალე გაიგო, რომ საყვარელი ორსულად იყო. 1935 წლის 5 სექტემბერს დაიბადა გოგონა, სახელად მარია დე ლა კონსეპსიონი, მხატვრის დის პატივსაცემად, რომელიც დიფტერიით გარდაიცვალა. ხოხლოვა ამას არ მოელოდა. ერთ დროს საყვარელი მამაკაცის ღალატით დამცირებულმა და შეურაცხყოფილმა თავისი ნივთები შეაგროვა და ვაჟთან ერთად წავიდა. თუმცა ჯერ კიდევ კანონიერი მეუღლის დაბრუნების მცდელობა არ მიუტოვებია. მასთან ურთიერთობა არ შეეძლო, ამიტომ წერილებს წერდა. ასზე მეტი წერილი ინახება პიკასოს მუზეუმში პარიზში. პაბლო ცოლს ღიად უგულებელყოფდა, მისი მუდმივი ისტერიკებით გამოწვეულ ბრაზს ნახატებში აფრქვევდა. მხატვრის თვალში მშვენიერი ქალღმერთი გადაიქცა ჯერ სალონურ კეკლუცად, სამოსებით შეპყრობილად, შემდეგ მეგერად დამახინჯებული ნაკვთებით. პაბლოს შემოქმედებაში სიურეალიზმის პერიოდი დაიწყო.

მრავალშვილიანი მამა

სამოციან წლებში პიკასო ახალი შემოქმედებითი წყაროს ძიებაში დაინტერესდა მხატვარი სტუდენტით, ფრანსუაზა ჟილოთი, ჭკვიანი, ნათელი, ენერგიული ქალით. ჭაღარათმიანი მოხუცის გვერდით ახალგაზრდა ქალი უფრო მის შვილიშვილს ჰგავდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალათ, ერთად 10 წელი ეცხოვრათ. ამ კავშირის შედეგად დაიბადა ორი შვილი, ვაჟი კლოდი და ქალიშვილი პალომა. სწორედ ეს უკანასკნელია ყველაზე ცნობილი დიდი ხელოვანის შთამომავლებს შორის. მამისგან მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ შემოქმედებითი ნიჭი და გარკვეული ექსცენტრიულობა (ეროტიკულ ფილმებში ითამაშა), არამედ მასიური ცხვირი, რაც არასოდეს აწუხებდა. გენიოსის უკანონო ქალიშვილი შემოქმედებით კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ მამასთან შედარების თავიდან არიდება სურდა. ეს მოახერხა: პალომა გახდა ცნობილი იუველირი და სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ სახლებთან, როგორიცაა Tiffany&Co და Yves Saint Laurent. გარდა ამისა, კომერციულად წარმატებული რამდენიმე პარფიუმი გამოუშვა.

სევდიანი დასასრული

რაც შეეხება ოლგა ხოხლოვას, მისი ცხოვრება დაღმართისკენ მიექანებოდა. სიცოცხლის ბოლო წლები საკმაოდ სევდიანი იყო. ერთ დროს პატივსაცემი და მაღალი წრის ქალი არავინ და არაფერი გახდა. ბევრმა „მეგობარმა“ ზურგი შეაქცია. დეპრესიით და ნერვული შეტევებით გატანჯულმა ექსბალერინამ სილამაზე დაკარგა და არავის დანახვა სურდა.

ოლგამ არა მხოლოდ ყველა მეგობარი, არამედ საკუთარი ვაჟიც დაკარგა.

მისი ქალიშვილის, მარინას მოგონებების თანახმად, პაულო მამის გავლენის ქვეშ მოექცა და მის სასარგებლოდ არჩევანი გააკეთა, დედაზე უარი თქვა. „მაშინაც კი, როცა ბებია სიმსივნით დაავადდა, მის უგულებელყოფას აგრძელებდა, არასდროს ნახულობდა, აშკარაა, პიკასოს გაბრაზების ეშინოდა. ძალიან მარტოხელა გარდაიცვალა“. ოლგა ხოხლოვა 1955 წლის 11 თებერვალს კანის საქალაქო საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოღალატე ქმარი ცოლის დაკრძალვას არ დასწრებია. პიკასოს მის სამახსოვროდ დარჩა 44 პორტრეტი და „გზაზე“ ჯდომის ჩვევა.

გენიოსის მსხვერპლნი

პიკასომ ცოლის გარდაცვალებიდან კიდევ 18 წელი იცხოვრა. მხატვრის გარდაცვალებამ მთელი რიგი ფატალური შედეგები გამოიწვია. იმავე მარინა პიკასოს მოგონებების მიხედვით, მისმა ძმამ პაბლიტომ ბაბუის გარდაცვალებისთანავე თავი მოიკლა. მათი მამა 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა. მალე გარდაიცვალა მარია–ტერეზე ვალტერი, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ თავად ჟაკლინ როკი, რომელზეც მხატვარი პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა. პაბლო პიკასოს ამჟამინდელი შთამომავლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მიმოფანტულნი არიან, ერთმანეთთს არ უკავშირდებიან.