–რაო, გთხოვა ბებერმა დარჩენა? – დაცინვით იკითხა რენამ, როცა თომა ჩემოდნებით მივიდა.
–წარმოგიდგენია, მღალატობს, – თქვა თომამ, რენას კითხვას არ უპასუხა.
–ვის სჭირდება? – გაეცინა რენას. – ის ხომ ბებერია!
–მისი მჯეროდა, – გააგრძელა თომამ, რენას არ უსმენდა.
–კარგი, გეყოფა. – ქალმა მუხლზე ხელი დაადო. – იტყუება. სპეციალურად გითხრა, რომ იეჭვიანო და დაუბრუნდე. კაცები ხომ მესაკუთრეები ხართ. ნებისმიერ შესაძლებლობას ეჭიდება, რომ არ წახვიდე.
–ვითომ? – იმედით იკითხა თომამ, – ასე ფიქრობ?
–დარწმუნებული ვარ. – მხიარულად უპასუხა რენამ, – იმიტომ, რომ შენ ხარ საუკეთესო მამაკაცი მსოფლიოში.
რენა თომას აქებდა და თამილაზე დამამცირებლად ლაპარაკობდა. თომა უსმენდა და იღიმოდა. ძალიან სიამოვნებდა მოსმენა, რომ საუკეთესო იყო. რენას ინტერესებში იყო ისე გაეკეთებინა ყველაფერი, რომ თომას ყოფილ ცოლზე ეჭვიანობა შეეწყვიტა.
ამასობაში თამილამ აიღო კალამი, ფურცელი და დაიწყო ჩამოწერა ყველა იმ სურვილის, რომელიც ადრე აუხდენელი იყო, რადგან თომა ხელს უშლიდა.
–ბედმა შანსი მომცა ოცნებების ასახდენად, – გაეღიმა და ჩაწერა პირველი სურვილი: „მანქანის ტარების სწავლა და მართვის მოწმობის აღება“.
თამილა ყოველთვის ოცნებობდა მანქანის ტარებაზე, მაგრამ თომა კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ვინაიდან მანქანას, რომელიც იყიდეს, თავისად თვლიდა. ხოლო მეორეს საყიდლად ფული ენანებოდა. ზოგადად, ცოლისთვის ფულის მიცემა ყოველთვის უჭირდა, რადგან ცოლი მასზე ნაკლებს გამოიმუშავებდა და „თავისი ეგოისტური სურვილების უფლება არ ჰქონდა“. მისი თქმით. ასე თამილას ოცნება ოცნებად დარჩა. როგორც ზღვაზე დასვენება, ლათინური ცეკვები, თეატრი, გამოფენები. და ბევრი რამ.
–სალიკო, მე და მამამ განქორწინება გადავწყვიტეთ, – თამილამ ქალიშვილთან საუბარი ფრთხილად დაიწყო, – უფრო სწორად, წავიდა.
–დედიკო, ოღონდ არ ინერვიულო, – ქალიშვილმა მისი დამშვიდება სცადა, – ცხოვრება ამით არ მთავრდება.
–არ ვნერვიულობ – მშვიდად უპასუხა თამილამ. – იცი, როგორ მეშინოდა ამ დღის და აღმოჩნდა, რომ საშიში არაფერია. რაღაც შვებაც ვიგრძენი. თითქოს ბრმა ნაწლავი მოვიშორე.
–ასეთი შედარება ნორმალურია – გაეცინა სალომეს.
თამილამ ქალიშვილს თავისი გეგმები გაუზიარა და სალომეს გაუხარდა, რომ დედამ ახალი ცხოვრების დასაწყებად ძალა იპოვა.
6 თვის შემდეგ თამილას ნანატრი მართვის მოწმობა ხელში ეჭირა და ბედნიერი იყო, რომ მისი პირველი სურვილი ახდა. ვინაიდან პირველი სურვილი ახდა, დროა დანარჩენიც აისრულოს. მიხვდა, რომ მისი ხელფასი საკმარისია, რომ არა მხოლოდ ოცნება, არამედ მისი განხორციელებაც შეძლოს.
თომა სინანულით იხსენებდა წარსულ ცხოვრებას, მშვიდ ცოლს, სუფთა ბინას და სახლის საჭმელს. რენა სულ სხვანაირი იყო, ვნებიანი, თავხედი და საოჯახო საქმეს მიუჩვეველი. დაუმორჩილებელი ნახევარცოლის მუდმივი „კარნავალით“ დაიღალა. ფიქრები, რომ თამილას სხვა ჰყავდა, არ შორდებოდა. სულ უფრო იჭერდა თავს ფიქრებში, რომ ყოფილ ცოლზე ეჭვიანობდა.
–რა მოსაწყენი ხარ! – აღშფოთდა რენა. – რატომ ვარ ვალდებული რაღაც მოვამზადო, როცა კაფეში შეგვიძლია ვახშმობა?
–მილიონერი არ ვარ, რომ ყოველდღე კაფეში ვისადილო, – ამოიოხრა თომამ. – თან ნორმალური სახლის საჭმელი მინდა.
–მაშინ დარჩენილიყავი შენს ბებერ მზარეულთან – გესლიანად გამოსცრა რენამ. – ახალგაზრდა ვარ და არ ვაპირებ მთელი ცხოვრება სამზარეულოში გავატარო. საერთოდ, უნდა გიხაროდეს, რომ შენთან ვცხოვრობ. თავად გესმის, შენ უკვე.. ახალგაზრდა არ ხარ.
–ანუ, აღარ ვარ მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცი? – იკითხა დაბნეულმა თომამ, თუმცა ესმოდა, რომ არ ახალგაზრდებოდა და ენერგიაც არ ყოფნიდა.
–ცეცხლი გაკლია, – მხრები აიჩეჩა რენამ. – ადრე შენთან მხიარული იყო. ახლა როგორღაც მოიწყინე. მოსაბეზრებელია.
–უჰ, როგორი ხარ! – გაბრაზდა თომა. – რამდენ ფულს ვხარჯავ შენზე და წუწუნს ბედავ!
–უნდა დახარჯო კიდეც! – გაეღიმა რენას. – კაცი ხარ და ვალდებული ხარ საყვარელ ქალზე იზრუნო. სხვათა შორის, ჯერ ჩემი ქმარი არ ხარ და ჩემს ბინაში ცხოვრობ. ასე რომ, ნუ მკარნახობ, რა გავაკეთო და რა არა.
თომამ ტუჩზე იკბინა, კამათი აღარ სურდა, მაგრამ თამილასთან დაბრუნება მოუნდა.
–აი, რა ვიფიქრე! – პირდაპირ კარიდან დაიწყო, როცა მეორე დღეს ყოფილ ცოლთან მივიდა. მე ხომ ბინაში წილი მაქვს. მოდი, შევრიგდეთ და ერთად ცხოვრება გავაგრძელოთ. როგორც ადრე?
–რააა? – თამილა ასეთმა სითავხედემ გააოგნა. – განქორწინებული ვართ. ძველებურად აღარ იქნება და შერიგებას არ ვაპირებ. მხოლოდ ახლა ვიგრძენი თავი ბედნიერად! შენს გარეშე!
–რა, კარგია საყვარელი? – სარკასტულად ჰკითხა თომამ, ეჭვიანობისგან კბილები გააკრაჭუნა.
–შენ არ გეხება, – მკვახედ მოუჭრა თამილამ.
–მაშინ ჩემი წილი მომეცი, – დაიყვირა თომამ. – თავად შეგეძლო შემოგეთავაზებინა, მე არ უნდა შეგახსენო.
–რამდენი? – მშვიდად ჰკითხა ყოფილმა ცოლმა.
–ბევრი! – ისტერიულად იყვირა თომამ. – ჩემი ბევრი გმართებს. ცხოვრება გამინადგურე!
–შეწყვიტე ისტერიკა! – გააწყვეტინა თამილამ. – საქმეს მივხედოთ. ახლა ჩვენი ბინა 240 ათასი ლარი ღირს, მანქანა 35 ათასი ლარი. გამოდის 275 ათასი ლარი სამზე. თითოს 91 666 ლარი და 67 თეთრი შეხვდება. ვინაიდან მანქანა შენ გრჩება, 56 666 ლარს და 67 თეთრს დაგიმატებ და გასწორებული ვიქნებით. ბინა მე და სალომეს დაგვრჩება.
თომა დაფიქრდა და შემდეგ თქვა:
–რა საჭიროა დაწვრილმანება? 60 ათასი.
–ოჰ! – რატომ 50 ათასი არა?
–რადგან ასე მინდა.
–კარგი, ხვალ ნოტარიუსთან ყველა დოკუმენტი გავაფორმოთ და მოგცემ 60 ათასს.
მხოლოდ 40 ათასი ჰქონდა. თანხას მანქანისთვის აგროვებდა. 20 ათასის სესხება მოუწევს, მაგრამ ამისთვის მზადაა, ოღონდ ყოფილ ქმართან ურთიერთობას ბოლო მოუღოს.
–დღესვე.
–აი, დღესვე, დამეკარგე აქედან! – მკვეთრად უპასუხა თამილამ.
–შეიცვალე, – ბოლოს უთხრა თომამ. – ავი გახდი.
მეორე დღეს ნოტარიუსიდან გამოსვლისას თამილამ იგრძნო უსიამოვნო ნალექი ყოფილ ქმართან ურთიერთობის გამო და სიხარული, რომ მათ ურთიერთობას საბოლოო წერტილი დაესვა.
გაცოფებული თომა დამცინავად იქცეოდა და ვაჭრობას აგრძელებდა. მისი ქცევა ნოტარიუსსაც არ მოეწონა. ბრაზობდა, რადგან ბედნიერი და გალამაზებული თამილა აღიზიანებდა. მას ყველაფერი გაურკვეველი ჰქონდა. რენა გულგრილი გახდა, თამილა საბოლოოდ დაკარგა, დედასთან დაბრუნება არ სურდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა. ოღონდ დამნაშავე ქალები არიან.