კეტოგენური (კეტო) დიეტა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი დიეტაა წონაში დასაკლებად. პროგრესული საზოგადოება აქტიურად იკლებს წონაში ხელნაკეთი მაიონეზის ჭამით, ხოლო დედაქალაქში კვების ობიექტებში შეგიძლიათ შეუკვეთოთ კეტო დიეტის „ნიმუში“ – ბურგერი, ჩამოღვენთილი კატლეტის წვენით, ფუნთუშისა და სხვა ზედმეტობისგან გათავისუფლებული.
კატლეტის დიეტა მოდაშია
1 ქილა ქოქოსის ზეთი, 30 კვერცხი, 10 სტეიკი, 700 გ ახალი ღორის ქონი, 1 ბოთლი ზეითუნის ზეთი, 1 კგ ტოფუ, რამდენიმე ბოლოკი და 1 შეფუთვა ახალი მწვანილი. დაახლოებით ასე გამოიყურება კეტო დიეტის მიმდევრის სასურსათო კალათა. ალბათ, შეიძლება გაიფიქროთ: „ჯერ საჭმლის მოუნელებლობით მოკვდება, შემდეგ სისხლძარღვები ქოლესტერინით გაიჭედება“ და დიეტური ტრენდისადმი გულგრილობა გამოავლინოთ.
მაღალცხიმიანი კეტო დიეტისას არ სუქდებიან და არ ავადდებიან, არამედ იკლებენ და ჯანსაღდებიან! როგორც მინიმუმ, ამას ამტკიცებს ბევრი კეტო ბლოგერი და მათი მიმდევარი, რომლებიც საკუთარ თავს კეტოისტებს უწოდებენ. ისინი აღმერთებენ მაცოცხლებელ კეტოზს, როგორც ახალ იდეალურ დიეტურ ფილოსოფიას, რომლის მიზანია გააუმჯობესოს 21–ე საუკუნის ადამიანის გენეტიკური კოდი, რომელიც ჭარბი ნახშირწყლოვანი საკვებით გაფუჭებულია, და აღადგინონ ყველა ცოდვაში ბრალდებული ცხიმი.
კეტო დიეტა ორგანიზმში ენზიმურ და ჰორმონალურ მექანიზმებს ისე ცვლის, რომ ინსულინის წარმოება მცირდება, გლუკოზის დონე და, შედეგად, შიმშილის და დანაყრების გრძნობები რეგულირდება.
ინსულინის „ნაცვლად“ და რაციონში ნახშირწყლის მკვეთრი შემცირების და ცხიმისა და ცილის გაზრდილი რაოდენობის ფონზე იწყება კეტონური სხეულების, აცეტონის განსაკუთრებული ფორმის წარმოება. ეს ქიმიური ნაერთი სხეულის დახურულ ციკლში შედის, ორგანოდან ორგანოში მოძრაობს და ცხიმოვანი მჟავების დაჟაგვის პროცესზე გავლენას ახდენს.
ორგანიზმი შედის კეტოზში, ანუ სწავლობს საარსებო ძალის მიღებას არა ჩვეული ნახშირწყლოვანი ჯაჭვებისგან, არამედ ცხიმოვან ქსოვილებში დაგროვებული დეპოზიტებისგან და საკვებიდან მიღებული ცხიმისგან, თავიდან იცილებს ცილოვანი მარაგის დაცლას. შედეგად, ვიღებთ წონის უპრეცედენტოდ სწრაფად კლებას, კუნთების გაძლიერებას, შიმშილის მომაბეზრებელ გრძნობასთან გამარჯვებას და ახალ სიცოცხლეს.
რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ნივთიერებათა ცვლას კეტო დიეტის გაძლება შეუძლია. ასეთი კვების გეგმა (როგორც ნებისმიერი სხვა) უნივერსალური არაა. ზოგში ნახშირწყლებზე დროებით უარის თქმაც იწვევს სისუსტეს, განწყობის მკვეთრ ცვლილებას და სხვა ნიშნებს, რაც მიუთითებს, რომ კეტო დიეტა თქვენთვის მიუღებელია.
კეტო დიეტა: დავიწყების და აღორძინების ისტორია
კეტონური დიეტა თავს მოდურ სიახლედ გვაჩვენებს. პირველად კვების გეგმა, რომელიც ნახშირწყლებს ზღუდავს და ცხიმებს „მწვანე შუქს“ უნთებს, 1920-იან წლებში კლინიკურად გამოსცადეს. ექიმები ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებს სამკურნალო შიმშილობის კურსებს ხშირად უნიშნავდნენ. ამ დროს მკვეთრად იზღუდებოდა ინსულინის და სხვა ჰორმონის წარმოება, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ტვინზე გავლენას ახდენდნენ. ეს იძლეოდა შესანიშნავ შედეგებს, მაგრამ გასაგები მიზეზით დიდხანს გაგრძელება არ შეიძლებოდა. ადამიანი მხოლოდ წყალზე დიდხანს ვერ გაძლებს, ხოლო ბავშვის შემთხვევაში სერიოზული შედეგები შეიძლება დამდგარიყო.
სწორედ მაშინ შეიმუშავეს მენიუს პროტიტიპი, რომელსაც დღეს კეტოგენურ დიეტას უწოდებენ. ითვლებოდა, რომ რაციონი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას ისე ცვლის, რომ ნახშირწყლები აღარ არაა ენერგიის მთავარი წყარო, ქიმიურად საკვებზე უარის თქმის ტოლფასია. ნახშირწყლებით ღარიბი და ცხიმებით მდიდარი დიეტა კარგ შედეგებს იძლეოდა ეპილეფსიის შემთხვევაში: მტანჯველი შეტევები თითქმის ნულდებოდა.
მარტივი, ორიგინალური და ნაკლებად ხარჯიანი დიეტა ფართოდ გამოიყენებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტა ხნით: ფარმაკოლოგიურმა ინდუსტრიამ დაამტკიცა ახალი ტიპის მედიკამენტის, ანტიკონვულსანტის ეფექტურობა. ახალი თაობის ექიმები პაციენტებს ამ აბებს უწერდნენ და არა ღორის ქონის. ანტიეპილეფსური კეტონური დიეტის დავიწყებამ ხელი შეუწყო დიეტურ ტენდენციებს, რომლებიც ყველა უბედურებაში ცხიმებს ადანაშაულებდნენ. კეტოგენური დიეტისადმი ინტერესი გაიზარდა 1990-იანი წლების ბოლოს. რეჟისორმა ჯიმ აბრაჰამსმა (დიდწილადცნობილია თრეშკომედიებით, მათ შორისაა „შიშველი იარაღი“ და „ძალიან საშიში კინო–4“) გადაიღო მოულოდნელი მტკივნეული და გულახდილი მელოდრამა First Do No Harm, რომლის სიუჟეტი საკუთარ გამოცდილებას ეფუძნება.
აბრაჰამსის ვაჟი დაბადებიდან ეპილეფსიის მძიმე ფორმით იტანჯებოდა და ყველა სახის მედიკამენტზე ცუდად რეაგირებდა, გვერდითი ეფექტები აწუხებდა. სასოწარკვეთილმა მშობლებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ, სანამ კეტო დიეტაზე ინფორმაცია არ აღმოაჩინეს. მისი დახმარებით დაავადების არამედიკამენტურად გაკონტროლება მოახერხეს. ჯიმ აბრაჰამსი კეტო დიეტის ეფექტმა იმდენად გააოცა, რომ ეპილეფსიის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად ფონდი შექმნა. თავიდან მას ეხმარებოდა მერილ სტრიპი, რომელმაც ფილმში First Do No Harm პატარა პაციენტის დედის როლი ითამაშა.
სხვათა შორის, სწორედ ამიტომ, კეტო დიეტას ხშირად „მერილ სტრიპის დიეტას“ უწოდებენ და არა იმის გამო, რომ ცნობილმა ვარსკვლავმა ცხიმების სასარგებლოდ ნახრშიწყლებზე უარი თქვა.
კეტო დიეტა: ეპილეფსიის საშუალებიდან გახდომის მსურველთა არსენალში
კეტო დიეტასთან ნათესაურ კავშირშია ერთ–ერთი პოპულარული დიეტა, რომელსაც მე-20 საუკუნის ბოლოს იყენებდნენ. ესაა ატკინსის დიეტა: ეფექტური და სახიფათო. ამერიკელმა კარდიოლოგმა რობერტ ატკინსმა პოპულარული გახადა საკუთარ თავზე გამოცდილი წონის კლების მეთოდი. მან შეისწავლა მეცნიერების და დოქტორების ნამუშევრები, რომლებიც კეტო დიეტით მკურნალობის პერიოდში შეიქმნა. შექმნა ოთხეტაპიანი დიეტის საკუთარი კონცეფცია, რომელიც ნახშირწყლების შემზღუდველი კვების ეპოქის წინამორბედი გახდა.
ატკინსის ჩანაფიქრით, უნდა იპოვოთ ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების სწორი თანაფარდობა, რომ ჯერ სასურველ წონამდე დაიკლოთ, შემდეგ კომფორტულად შეინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ, ის გთავაზობთ 2 კვირა ნახშირწყლების მიღება დღეში 20 გრამამდე შეზღუდოთ, შემდეგ მათი რაოდენობა ნელ–ნელა გაზარდოთ ინდივიდუალური პროპორციების ძიებაში.
ჰოლივუდის ელიტა ატკინსის დიეტით გატაცებული იყო. ასე დაბალნახშირწყლოვანი დიეტა, როგორც ყველაზე ეფექტური დიეტა, ტახტზე დასვეს. მთავარი ტენდენცია გახდა ნახშირწყლების და ცხიმების შემცირება ცილოვანი საკვების სასარგებლოდ. პრაქტიკამ აჩვენა და ჩვენებას აგრძელებს, რომ ასეთი კვება სწრაფად კლებას ხელს უწყობს, თან კუნთები არ მცირდება და შედეგი დიდხანს ნარჩუნდება.
გავრცელებულ ცილოვან დიეტას და კეტო დიეტას შორის მთავარი განსხვავება ცხიმოვანი საკვებისადმი მიდგომაა. პროტეინებით მდიდარი კვების გეგმის ავტორები არა მხოლოდ ნახშირწყლებს ზღუდავენ, არამედ ლიპიდების მიღების კონტროლს გვირჩევენ. უცხიმო ან მინიმუმი ცხიმის მქონე პროდუქტებს უპირატესობას ანიჭებენ.
კეტონური მენიუს პროგრესიული სახეობა დიეტა LCHF (low carbs high fat, „ცოტა ნახშირწყლები, ბევრი ცხიმი“) ვირუსივით გავრცელდა სოციალური ქსელის Reddit მომხმარებლებში. აქ იკრიბება ახალგაზრდული ინტელიგენცია, რომელთაც ნებისმიერი გადაწყვეტილების დამტკიცება სურთ. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შაქრის ტყვეობისგან თავდასაღწევად და კეტოზის ჩასართავად საუკეთესოა მენიუ, რომელიც შექმნილია პრინციპით „ბევრი ხარისხიანი ცხიმი, ადეკვატური რაოდენობის ცილები, ოპტიმალური რაოდენობის უჯრედისი, ბევრი წყალი“.
სამეცნიერო კვლევის შედეგების გამავრცელებელი გახდა The New York Times Magazine–ის მიმომხილველი, გერი ტაუბსი. ჯანსაღი კვების ახალ ხედვაზე პუბლიკაციებით კეტო დიეტის მიმდევრებს შორის საკულტო ფიგურა გახდა. ტაუბსმა თანმიმდევრულად დაამტკიცა, რომ ხალხი სუქდება არა იმიტომ, რომ ბევრს ჭამს, არამედ ბევრის ჭამას იწყებს იმიტომ, რომ სუქდება, და ამ ხაფანგიდან თავის დასაძვრენად ერთადერთი გამოსავალი ნახა. ესაა ინსულინის რყევების შეკავება.
კეტო დიეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სწორად გაშვებული და მხარდაჭერილი კეტოზი ხდება უპრობლემო სიცოცხლის ბოლომდე კეტო დიეტის დაცვის გარანტია ნახშირწყლების მომატების და ორგანიზმზე ზიანის მიყენების გარეშე.
რა და რამდენი ვჭამოთ? მაღალცხიმიანი პროდუქტები კეტო დიეტისთვის
კეტო დიეტის სხვადასხვა ვარიანტი გვთავაზობს, რომ დღეში მაქსიმუმ 50 გ ნახშირწყლოვანი საკვები მივირთვათ. დიეტა LCHF გვირჩევს რაციონის შედგენისას ყურადღება მივაქციოთ არა საკვების წონას, არამედ მის შედარებით მოცულობას. ყოველდღიური მენიუ 70% ცხიმს, 20% ცილას და 10% ნახშირწყლებს უნდა შეიცავდეს (გრძელი ჯაჭვით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წყალში ხსნად უჯრედისს და მყარი ფორმის სახამებელს, მაგალითად, უმი კარტოფილიდან ან მკვახე ბანანიდან).
პროდუქტების სია, რომლებიც კეტოზის განვითარებას და შენარჩუნებას ხელს უწყობენ. შეზღუდვების გარეშე მიიღება:
- ცხიმიანი რძიანი და რძემჟავა პროდუქტები (მოუხდელი რძის და კეფირის გარდა)
- ქონი, ბეკონი, შაშხი, მკერდის ნაჭერი (ხორცი), შპიკი
- ხორცი, ფრინველი (კანით), ზღვის პროდუქტები და თევზი
- კვერცხი
- ცხიმიანი თევზი მინიმალური ნახშირწყლებით (კონკრეტული პროდუქტის შემადგენლობას გადახედეთ)
- ავოკადო
- მწვანე ბოსტნეული
- სოკო
- ტოფუ
- ატრია შირატაკი
- კარაქი და არარაფინირებული მცენარეული ზეთი, მათ შორს გამაგრებული კაკლის (ქოქოსის, შიის და ა.შ.)
დაშვებულია მცირე რაოდენობით:
- კენკრა და კაკალი
- შოკოლადი (ყველაზე მუქი, ცოტა შაქრით)
- უშაქრო ხილი
- ძირნაყოფი (რთული კერძის კომპონენტად ან უმად უკეთესია)
კეტო დიეტისას მენიუდან სრულად ამოიღეთ:
- შაქარი, თაფლი, ცომეული, წარმოებული სასმელი
- სოუსი შაქრით და შემასქელებლით
- პური, მარცვლეული
- პასტა (შირატაკის გარდა)
- ჩირი
- უცხიმო პროდუქტები
- მარგარინი და მცენარეული სპრედი
მაღალცხიმიანი დიეტისას ბევრი უგაზო წყალი უნდა დალიოთ, ასევე ჩაი და ყავა (ლეგალური დანამატებიდან – ლიმონი). დაშვებულია მსუბუქი სპირტიანი სასმელი, მაგალითად, მშრალი სიდრი, მშრალი ღვინო და ღია ლუდი.
რას ფიქრობენ კეტო დიეტაზე კვების სპეციალისტები?
დიეტოლოგი რიმა მოისენკო: „ხალხს ახასიათებს უკიდურესობა“
კეტო დიეტა სტრესული დიეტაა, ბევრი უკუჩვენებით და მისი დაცვა მაქსიმუმ 10 დღე შეიძლება. ჩემს პრაქტიკაში მსგავსი მიდგომა გამოიყენება ჭარბწონიანებში, რომელთაც წყლის ან წყალი–მარილის ბალანსი დარღვეული აქვთ. დიეტა დიეტოლოგის მკაცრი მეთვალყურეობით ტარდება. მოიცავს გარკვეულ ფიზიკურ დატვირთვას, რომელიც უკვე დაგროვებული ცხიმების აქტიურად დაშლას ხელს უწყობს. პირველი ორი დღე ტვინი, რომელიც ნახშირწყლებს გარედან ვეღარ იღებს, ამ ნახშირწყლებს ღვიძლის და კუნთების გლიკოგენისგან იღებს. გლიკოგენი ირღვევა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი კვების წესებს არ არღვევს.
პირველი ორი დღე განწყობა უარესდება. ნახშირწყლების შემცირებას თან ახლავს სისუსტე, გაღიზიანება. კეტო დიეტა წინა მენსტრუაციულ, მენსტრუაციულ და სტრესულ პერიოდში არ ინიშნება. ცილოვან–ცხიმოვანი მენიუდან მესამე დღეს, რომელშიც ნახშირწყლები შემოიფარგლება დღეში 200 გ სახამებლის არ მქონე ბოსტნეულით და 1 კონა მწვანილით, კეტონური სხეულების მოქმედებით კანქვეშა ცხიმის წვა იწყება. განწყობა უმჯობესდება, მადა მცირდება, ტვინი ნახშირწყლებს არ ითხოვს. მნიშვნელოვანია, ნაწლავის შიგთავსის ევაკუაციის მკაფიო მუშაობის უზრუნველყოფა და თირკმლების მუშაობის გააქტიურება. პაციენტი ეცნობა შესაძლო შედეგებს, რასაც ექიმის მიერ დანიშნული წესების დარღვევა იწვევს. 10 დღის შემდეგ დიეტა უნდა შეწყდეს. კვებაში მაშინვე უნდა ჩაერთოს ნახშირწყლები, რომელიც ყველა კომპოზიციის დაბალანსებულ თანაფარდობას ინარჩუნებს. მსგავსი დიეტით 10 დღეში 10 კგ–ის დაკლება შეიძლება, ძირითადად, ზედმეტი სითხის მოშორების და ცხიმების დაშლის ხარჯზე.
ბოლო თვეებში გამოჩნდა ბევრი სტატია ცხიმიანი სარეაბილიტაციო პროდუქტების შესახებ. რა თქმა უნდა, ახლა საზოგადოება მიაწვება ცხიმიან დიეტას და პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს არა მხოლოდ ფარულ, არამედ აშკარა ცხიმებს, ასევე ტრანსცხიმებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებს იწვევს. ხალხს უკიდურესობაში გადავარდნა ახასიათებს. სწორი დაბალანსებული კვება, რომელიც წონის შემცირებაზე და შენარჩუნებაზე მიმართულია, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს დღეგრძელობას, 30% ცხიმს შეიცავს. გირჩევთ, არ ირწმუნოთ, რომ მხოლოდ ცხიმებით დაკლება შეიძლება. ნებისმიერი დიეტა, რომელსაც გარკვეული პირებისთვის წარმატება მოაქვს, რაღაც პერიოდში გაუქმდება და ბოლოს ხალხი დაუბრუნდება ნატურალურ, რაციონალურ, დაბალანსებულ მრავალფეროვან კვებას.
მიხაილ გავრილოვი: „დროებით შეგიძლიათ დაიკლოთ, მაგრამ შემდეგ წონის და ჯანმრთელობის რისკები იზრდება“
თავიდან კეტო დიეტა კვების სამკურნალო რეჟიმი იყო. მას ეპილეფსიის, ალცჰაიმერის და სხვა დაავადების დროს ნიშნავდნენ. მოგვიანებით, მას ყურადღება მიაქციეს მარკეტოლოგებმა, რომლებმაც დაინახეს მორიგი საინფორმაციო შემთხვევა პოპულარიზაციის შესაძლებლობით. კეტო დიეტა ხომ ოცნებაა და არა დიეტა: ჭამო საყვარელი ცილები და ცხიმები და თან დაიკლო. ხოლო მოხდენილობის მთავარი მტერი, ნახშირწყლები გამორიცხო და მინიმუმამდე შეამცირო.
როცა ცხიმოვანი მარაგი ენერგიის მთავარი წყარო ხდება, რაღაც დროით ნამდვილად შეძლებთ დაკლებას. თუმცა არსებობს რისკი, რომლის გამოც კეტონური დიეტის დაცვა რეკომენდებული არაა.
სამედიცინო დიეტა გულისხმობს რაციონიდან რომელიმე პროდუქტის ამოღებას ამა თუ იმ ორგანოს მუშაობის მოსაწესრიგებლად. ხოლო შიმშილობა, კალორიების მკვეთრი შეზღუდვა ან ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების ბალანსის დარღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ანელებს და შემდეგ იწვევს წონის უფრო მეტად მატებას, ვიდრე ადრე იყო. სწორედ ამიტომ, პაციენტებს შემზღუდველ დიეტებს საერთოდ არ ვურჩევ.
კეტო დიეტა გულისხმობს ნახშირწყლების მკვეთრად შემცირებს. ცნობილია, რომ ნახშირწყლები ენერგიის ბუნებრივი წყაროა, რომელიც ჯანსაღი ნივთიერებათა ცვლისთვის საჭიროა. კეტონური დიეტა ბევრი ცხიმის და ცილის მიღებას მოიცავს. ასეთი დიეტა მკაცრად აკრძალულია ღვიძლის და თირკმლის ნებისმიერი დარღვევის დროს. ამ ორგანოებს ცილების და ცხიმების ამდენი დაშლილი პროდუქტის აღმოფხვრა უბრალოდ არ შეუძლია. მსგავსი რაციონი რეკომენდებული არაა მძიმე ათეროსკლეროზის, კარდიოლოგიური პრობლემების და შაქრიანი დიაბეტის დროს.
ცხიმიანი და ცილოვანი დიეტა იწვევს პურინის ფუძეების დარღვევას, რაც ხშირად მარილების დაგროვებას და პოდაგრას იწვევს. ასევე ქოლესტერინის დონეს ზრდის, რაც იწვევს არა მხოლოდ გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, არამედ ტესტოსტერონის დონის შემცირებს, რაც მომავალში ჭარბი წონის მატებას გამოიწვევს.
ბევრმა ცილამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, თირკმლების ფუნქციების დაქვეითება, კენჭების წარმოქმნა. ჭარბი ცხიმის მიღება მეტაბოლური დისფუნქციის ერთ–ერთი წინაპირობაა და ანთების მიზეზი შეიძლება გახდეს.
კეტო დიეტის დროს კეტონების წარმოქმნის პროცესი იწვევს მადის დაქვეითებას, გულისრევას და უსიამოვნო სუნს პირში. კეტოზში შესვლისას ადამიანმა ძლიერი დაღლილობა და სისუსტე შეიძლება იგრძნოს. თუ ეს ყველაფერი არ გაშინებთ და მაინც განიხილავთ კეტო დიეტაზე დადგომას, დიეტოლოგთან კონსულტანციის გავლას გირჩევთ. ექიმი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით რისკების შემცირებაში დაგეხმარებათ.
გახდომა და ნორმალური წონის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ კვების ჩვევების შეცვლით. მოხდენილი რომ იყოთ, მხოლოდ და მხოლოდ რაციონალურად უნდა იკვებოთ.