გათხოვილი ვარ. მეუღლეს 2 წელია ვიცნობ, ერთად მხოლოდ 2 თვეა ვცხოვრობთ. დედამთილთან ერთად არ ვცხოვრობ, მაგრამ მასთან რთული ურთიერთობა მაქვს. ქმრის დაკარგვა არ მინდა, მაგრამ ვგრძნობ, დედამთილი ჩვენს დაშორებაზე ოცნებობს. მე და ჩემი ქმარი ერთი მიმართულებით ვიყურებით, ერთი და იგივე ღირებულებები გვაქვს. ამან დაგვაახლოვა.
დედამთილმა თავიდანვე შემიძულა. ვიცოდი, რომ ასე ხდება. დედა გრძნობს, რომ „კარგავს“ ვაჟს, როცა მას უყვარდება, ოჯახის შესაქმნელად გოგოს პოულობს. მოგვიანებით სურვილის შემთხვევაში ურთიერთობის დალაგება შეიძლება, მაგრამ მას სურვილი არ აქვს.
მაშინვე არ მოეწონა, რომ თხელი თმა მაქვს. არ მოსწონს, როცა ქალს წელამდე ნაწნავები აქვს. შიშობს, რომ ჩემი თაგვისფერი ქერა თმა ჩვენს შვილებს მემკვიდრეობით გადაეცემა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთი ყვრიმალი მეორეზე ფართოა. ესეც არ მოსწონს, რაც პირდაპირ მითხრა.
სულ ცდილობს, რომ აყლაყუდა დამიძახოს. ჩემი სიმაღლეა 175 სმ, დედამთილი – 145 სმ, ჩემი ქმარი – 160 სმ, მამამთილი – 165 სმ. მისი აზრით, პატარა ქალები სიყვარულისთვის შექმნილნი არიან, ხოლო ჩემნაირები სამუშაოდ. არაკომუნიკაბელური არ ვარ, მაგრამ უცხოებთან ვმორცხობ. ადამიანის უკეთ გაცნობის შემდეგ უფრო ვიხსნები. დედამთილი თვლის, რომ უცნაური და ჩაკეტილი ვარ, მაგრამ ასე არაა.
ამას და სხვა ყველაფერს ხალხში მეუბნება. მამამთილი და მაზლი ჩემს წინააღმდეგ განაწყო. ამ შემთხვევის შემდეგ, ზუსტად 6 თვის წინ მასთან სტუმრად აღარ დავდივარ. ამაზე გაბრაზდა და ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტა.
მამამთილი მისი გავლენით თავიდან გულგრილად მექცეოდა, მაგრამ მოგვიანებით მისი ქცევა შეიცვალა. ახლა ადეკვატური ურთიერთობა გვაქვს. თუმცა გულში ნალექი მაინც დამრჩა. საწყენია, რომ ასე მექცევიან. ვცდილობ, მამამთილთან ურთიერთობისას მხიარული და არაოფიციალური ვიყო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის.
მაზლი უბრალოდ მაიგნორებს. სინამდვილეში, ცოტა აზრზე ვერაა. ზოგჯერ კომუნიკაბელურია, ზოგჯერ საკუთარ თავში იკეტება. ახლა თავს იკატუნებს, რომ არ ვარსებობ. უცნაურია, ასეთი დამოკიდებულება არ დამიმსახურებია.
დედაჩემი ჩემს მეუღლესა და მის ოჯახზე მათი ქცევის გამო ძალიან გაბრაზებულია. უფრო ზუსტად, განრისხებული, მაგრამ თავს იკავებს და ჩემს ქმარს არაფერს აგრძნობინებს. არ სურს, რომ მისმა აზრმა ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს.
სამწუხაროდ, მეუღლე ნელ–ნელა დედამისის მხარეს იჭერს და სურს, რომ მასთან საერთო ენა ვიპოვო. არ მინდა. რა გავაკეთო? ამ საშინელ ქალთან შერიგება საერთოდ არ მინდა. მესმის, რომ ჩემს ქმარს მძიმე მემკვიდრეობა აქვს, მაგრამ ამის გამო მათთვის საყვედური არასდროს მითქვამს. მის ძმაზე ცუდს არასდროს ვამბობ. ის კი ჩემს გარეგნობაში ნაკლს ყოველთვის პოულობს.
ქმარი ძალიან მიყვარს. ადეკვატური ადამიანი ჩანდა, მაგრამ როგორ შეუძლია ადეკვატურ ადამიანს დედამისის ქცევის მიღება? არანაირად. მასზე ძალიან გაბრაზებული ვარ. ყველა ჩემს სიმაღლეზე ლაპარაკობს და დამცინის. ამას ნაკლად არასდროს ვთვლიდი. ვფიქრობ, რომ მხოლოდ მოკლე ჭკუის ხალხს შეუძლია ადამიანების გარეგნობით შეფასება.
გულზე ხელის დადებით ვნანობ, რომ გავთხოვდი. ჩემთვის ცხოვრებაში ამდენი საზიზღრობა არასდროს უთქვამთ, რამდენიც დედამისმა მითხრა. ბნელი სული აქვს. ვფიქრობ, მაქვს თუ არა შანსი ქმართან ნორმალური ოჯახი შევქმნა თუ სჯობს ერთმანეთს დავშორდეთ.