საკუთარი ბუჩქებიდან ლამაზი, თანაბარი და ჯანსაღი პომიდვრის შეგროვება დიდი სიამოვნებაა. მოსავალი უფრო ლამაზია, ვიდრე ფოტოზე. ასეთი შედეგის მიღება ნებისმიერ მებოსტნეს შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ამაში ივნისი–ივლისის პერიოდში რამდენიმე დამუშავება მეხმარება.
ზაფხული დროა, როცა მებოსტნეები საკუთარ ნაკვეთზე დაუღალავად შრომობენ. მოსავლის რაოდენობა და ხარისხი მხოლოდ სწორ მოვლაზეა დამოკიდებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ივნისში, როცა პომიდვრის ბუჩქზე ნასკვები ფორმირდება და მალე პირველი ნაყოფი გამოჩნდება.
ყველა მებოსტნე ოცნებობს, რომ ნაყოფი ნახატივით ლამაზი იყოს, თორემ რა აზრი აქვს ამდენი დროის და ძალის ხარჯვას? Vivien გიამბობთ, რით უნდა დაამუშაოთ პომიდორი ივნისში, რომ ამ სანუკვარ ოცნებას მიუახლოვდეთ.
1. პომიდვრის დაცვა დაავადებებისგან
ფიტოფთორა ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა პომიდორში. მან მცენარის სრულად განადგურება შეიძლება გამოიწვიოს, თუ სწრაფად არ გამოავლენთ და ზომებს არ მიიღებთ. გამოცდილი მებოსტნეები ფიტოფთორის პრევენციისთვის დამუშავებას უკვე მაისში იწყებენ. ხოლო ივნისში მცენარის დასაცავად უფრო სერიოზულ საშუალებას იყენებენ.
ამ დაავადების წინააღმდეგ სპეციალური პრეპარატის ეფექტი უბრალოდ შესანიშნავია. ყველაზე ცნობილი და პოპულარულია „კონსენტო“, „პროვიზორი“, „ჰამაირი“ და „ფიტოსპორინი–მ“. დოზირების ინსტრუქცია დაიცავით და პერიოდულად დაამუშავეთ. მხოლოდ ასე კარგ შედეგს მიაღწევთ.
წლებია ზემოთ მოცემულ პრეპარატებს ვიყენებ. კარგი ეფექტი აქვს. თუ ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედებთ, შედეგი არ დააყოვნებს. ახლა ჩემი ფავორიტია „ჰამაირი“. ძვირია, მაგრამ ღირს.
2. პომიდვრის დაცვა მავნებლებისგან
პომიდორი შეიძლება არა მხოლოდ დაავადდეს, არამედ მავნებელი მწერებისგან დაზიანდეს. როგორ დავიცვათ ბუჩქები ფრთათეთრასა და სხვა მწერისგან, რაც მთავარია, რა გამოვიყენოთ? გამოცდილი მებოსტნეები ბიოპრეპარატების გამოყენებას გვირჩევენ. მაგალითად, „ბიოვერტი“ და „ფიტოვერმი“. გარემოს არ აზიანებს და მოსავლის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.
ეს ნივთიერებები მიწაში მხოლოდ გარკვეული პერიოდი რჩება, შემდეგ იშლება და მცენარესა და მიწაზე მოქმედებას კარგავს. ამ პრეპარატების ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ობობის ტკიპას შემოსევისას უსარგებლოა. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ უფრო ძლიერი საშუალება, მაგალითად, „აქტარი“.
რა თქმა უნდა, თითოეულ მებოსტნეს შეუძლია შეარჩიოს მისთვის შესაფერისი ხელსაწყო მცენარის ზრდის პირობების, სეზონის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მთავარია, პრეპარატი ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენოთ.
პომიდორი ერთ–ერთი პოპულარული ბოსტნეულია, რომელიც როგორც დახურულ, ასევე ღია გრუნტში შეგიძლიათ გაზარდოთ. ჯანსაღი მოსავლის მისაღებად დღეში მინიმუმ 6 საათი მზის პირდაპირი სხივები სჭირდება. 15-26 გრადუსზე უკეთ იზრდება.
უხვი მოსავლის მისაღებად პომიდორი მთელი ზრდის პერიოდში დაამუშავეთ. გახსოვდეთ, რომ ნატურალური და ქიმიური ნაერთების გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს სიყვარულს, ზრუნვას და რწმენას. ასე თქვენი შრომა ანაზღაურდება, ხოლო თითოეული პომიდორი ნახატიდან გადმოსულივით იქნება.