უკვე 4 წელია საქმროსთან ერთად ვცხოვრობ, მალე ქორწილი გვაქვს. მთელი ეს დრო მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით. ახლა დროებით ჩემებთან გადავედით. ვმუშაობდით და ფულს ვაგროვებდით ქორწილისთვის, „შავი დღისთვის“. ვთვლიდით, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბინის ქირაობა და უცხოსთვის გიჟური თანხის მიცემა.
საქმროს მშობლები გვპირდებოდნენ, რომ დაოჯახების შემდეგ ერთ–ერთ ბინას მოგვცემდნენ ან ბინის შეძენაში დაგვეხმარებოდნენ. ამბობდნენ, რომ ჩვენს სიტუაციაში ქირაობა სისულელეა. 4 წელი ველოდით, თავად კითხვას ვერ ვბედავდით. შემდეგ ქორწილის თარიღის შესახებ ვუთხარით. ვიფიქრეთ, რომ რაღაც შეიცვლებოდა. მათი მხრიდან ისევ დუმილია, თითქოს დაპირება არც ყოფილა.
საქმროს მშობლებს მემკვიდრეობით მიღებული აქვთ 2 ბინა, რომელთაც აქირავებენ. მესამეში ცხოვრობენ. ისე იქცევიან, თითქოს ვალდებულნი არ არიან და ვალი არ აქვთ. საქმრომ მშობლებს ნებაყოფლობითი დაპირება მაინც შეახსენა, რადგან მალე ქორწილია. პირდაპირ ჰკითხა: შეიძლება ერთ–ერთ ბინაში ვიცხოვროთ, როგორც ვგეგმავდით? პასუხი: ყველაფერს თავისი დრო აქვს. რა დრო? ჩემი აზრით, ახლა ყველაზე ოპტიმალური დროა. შვილმა დაქორწინება გადაწყვიტა, როცა ხელს მთხოვდა, დაპირებული ბინის იმედი ჰქონდა.
ჩემი მშობლები გვეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. სამწუხაროდ, ბინით დახმარება არ შეუძლიათ. მემკვიდრეობით არაფერი მიუღიათ, საკუთარი ბინის ფული თავად გამოიმუშავეს და რემონტი გააკეთეს, თან მოხუც და ავადმყოფ მშობლებზე ზრუნავდნენ. ამდენი უძრავი ქონება რომ ჰქონდეთ, „საჩუქრის მოლოდინში“ არ დაგვტოვებდნენ და ნაქირავებში არ გაგვიშვებდნენ.
ჩემი მოთმინება გასკდა. საქმროს მშობლებთან ნამდვილად არ დავბრუნდები. ეს ქალი (დედამთილი) საშინელი ფეთხუმია. მათ ბინაში ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ქალმა საოჯახო საქმის მართვა უნდა იცოდეს, სახლში სისუფთავის და გემრიელი კერძების სუნი უნდა ტრიალებდეს და არა ძღნერის. როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, ტარაკნები მოვიშორე, ყველაფერი დავრეცხე და ხარახურა დავახარისხე, რა თქმა უნდა, რისი უფლებაც მომცეს.
საქმრომ ჩემთან ცხოვრებისას გააცნობიერა, რა არის სისუფთავე და მყუდროება სახლში. მადლობა გადამიხადა, რომ ბინა შეიცვალა, რომ გამოჩნდა გემრიელი კერძები, რომელიც ადრე არასდროს ჰქონია. ახლა საჭირო არაა, პროფესიონალი მზარეული იყო. ინტერნეტში ნებისმიერი გემოვნების და ბიუჯეტის რეცეპტები არის. მაგრამ მუდმივი მსახურებით დავიღალე, ამიტომ გადავედით.
საქმროს პირდაპირ ვუთხარი, რომ მაღიზიანებს დედამისის უწესრიგობა და ის, რომ მიწევს სისუფთავის შენარჩუნება სახლში, სადაც ცხოვრობს ხალხი, რომელიც ამ სისუფთავეს მიჩვეული არაა და ჩემს შრომას არ აფასებს. დაბრუნებაც არ მინდა. მესმის, რომ ეს ჩვენს ურთიერთობას ანგრევს. იმ დასკვნამდე მივედით, რომ ქორწილიდან 2 დღეში ნაქირავებ ბინაში გადავალთ.
ნუთუ დედამთილი ვერ ხვდება, რომ ბინის ქირაობა რთულია, თუ კარგი შემოსავალი არ გაქვს? მის მიმართ უკვე რაღაცნაირი სიძულვილი მაქვს. ის ხომ დედაა, თავადაც ახალგაზრდა იყო და დახმარება ითხოვა. ეს ბინები მემკვიდრეობით მიიღო და არა საკუთარი შრომით. მათი შრომით ნაშოვნი რომ ყოფილიყო, ენა არ მომიბრუნდებოდა, რამე მეთხოვა. სხვისი შრომის დაფასება ვიცი.
ნამდვილად არ მინდა, შემოაბიჯოს იმ ბინაში, რომელსაც ვქირაობ. უკვე ვხედავ მის სახეს კართან. რას მირჩევთ? მოვიქცე, როგორც მსურს: არ შემოვუშვა ჩვენს ნაქირავებ ბინაში? იქნებ ასე დაფიქრდნენ? თუ მაინც ურთიერთობის შენარჩუნება ვცადო?