ხახვი თითქმის ყველა მებოსტნეს მოჰყავს. ბოსტნეული მარტივი მოსავლელია, მაგრამ ზოგჯერ თავს იჩენს სერიოზული პრობლემა, რომლის მოგვარებაც ყველას არ შეუძლია. Vivien გიამბობთ, რა გააკეთოთ ხახვის აღერებისას.
როცა ბოსტნეული კვირტებს უშვებს, სწრაფად უნდა იმოქმედოთ. მომენტი არ გაუშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგ მოსავალს დაემშვიდობებით. ამ დროს ხახვის ზრდა წყდება, ბოსტნეული მთელ ძალას ყვავილის ყუნწის ფორმირებაზე ხარჯავს.
რა გავაკეთოთ ხახვის აღერებისას
რატომ არის სახიფათო?
ხახვის აღერება მთელ მოსავალს განადგურებით ემუქრება. ეს ყველა მებოსტნემ უნდა იცოდეს. ჩოყი ყვავილის ყუნწია, რომელიც მოგვიანებით თესლს იძლევა. ის მცენარის სწორად განვითარებას აფერხებს. ბოლქვი ვეღარ ვითარდება ან პატარა იზრდება.
როგორ ავიცილოთ თავიდან?
ხახვის აღერების თავიდან ასაცილებლად დაიმახსოვრეთ წესები, რომლებიც დარგვამდე უნდა დაიცვათ:
- კვიჭიჭების (წვრილი ბოლქვები) სწორად შენახვა. შესაფერისი პირობა შეუქმენით. 0 გრადუსი ტემპერატურა და მინიმუმ 90% ტენიანობა სჭირდება.
- დარგვის ვადა დაიცავით. ხახვი მხოლოდ მიწის კარგად გათბობის შემდეგ დარგეთ.
- სწორი დამუშავება. დარგვამდე კვიჭიჭები მოამზადეთ. მარილწყალში მოათავსეთ ან გააცხელეთ. პირველი სწრაფი ვარიანტია. 1 ლ სუფთა წყალი და 30 გ მარილი აურიეთ. მასში ხახვი 3,5 საათი გააჩერეთ. შემდეგ გაამშრალეთ და დასარგავად გამოიყენეთ.
ხახვი ამოიღერა: როგორ ვიმოქმედოთ
თუ ხახვზე კვირტები უკვე გამოჩნდა, მანამ მოაშორეთ, სანამ ყვავილედებად გადაიქცევა. გაზრდილი ჩოყები ბოსტნეულს საკვებ ნივთიერებებს ართმევს, ამიტომ მისი ზრდა ფერხდება. ჩოყები ძირთან ახლოს მოწყვიტეთ. ჭრილზე მარილი მოაყარეთ, რომ სწრაფად შეხორცდეს.
გამოცდილი მებოსტნეები გირჩევენ, რომ ჩოყების გამოჩენისას მორწყვა გაახშიროთ. ამ პროცესს ხომ წყლის დეფიციტი იწვევს. ივნისის შუა რიცხვებამდე (ბოლქვების ფორმირების პერიოდში) მცენარე უხვად მორწყეთ.
გადაჭრილი ჩოყები არ გადაყაროთ. სამზარეულოში სხვადასხვა გემრიელი კერძის მოსამზადებლად, ღვეზელის შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ გაახმოთ და ზამთრისთვის შეინახოთ.