ჟასმინის ყვავილები: როგორ და რატომ უნდა გაახმოთ ისე, რომ ყველას დიდხანს ეყოს

1439

ჟასმინის სამშობლოდ ტრადიციულად აღმოსავლეთ ინდოეთი და საუდის არაბეთი ითვლება. დღეს მას ფართოდ ზრდიან პაკისტანსა და ჩრდილოეთ ჩინეთში. კავკასიის ზოგიერთ რეგიონში ამ მცენარის 2 ყველაზე პოპულარული სახეობა იზრდება ველურად, მაგრამ ძალიან აქტიურად: „ჟასმინი ყვითელი“ (Jasminum fruticans) და „სამკურნალო ჟასმინი“ (Jasminum officinale).

მისი ყვავილები აპრილის ბოლოს ჩნდება და გვიან შემოდგომამდე გვახარებს. ჟასმინის აქტიური შეგროვება ივლისში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება. გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი კოკრები სრულად იშლება მხოლოდ ღამით, ამიტომ დღის ბნელ მონაკვეთში ან დილით ადრე უნდა შეაგროვოთ. Vivien გიამბობთ, როგორ და რისთვის გაახმოთ ჟასმინის ყვავილები, რომ მისი სასიამოვნო არომატით მთელი წელი ისიამოვნოთ.

ჟასმინის ყვავილების გამოყენება

ჟასმინი არა მხოლოდ შესაშური სილამაზით, არამედ დიდებული გემოთი გვატყვევებს. ჟასმინის სუფთა ხმელი ყვავილი გაყიდვაში იშვიათად გვხვდება, ამიტომ სასარგებლოა იცოდეთ, როგორ შეაგროვოთ, გაახმოთ და გამოიყენოთ.

  1. ჟასმინის ყვავილის ფურცლები მდიდარი არომატის გამო კულინარიაში ხშირად გამოიყენება. სასმელებს და დესერტებს უმატებენ. სურნელოვანი ჟასმინის და მწვანე ჩაის კომბინაცია განსაკუთრებით გავრცელებულია. ჟასმინის ჩაის დამოუკიდებლად მომზადება რთული არაა. ხმელი ყვავილები და ჩაი დანამატების გარეშე აურიეთ. ნარევს მდუღარე წყალი დაასხით და 5-8 წუთი გააჩერეთ. ასეთი არომატული ჩაი ინგლისელებში ძალიან ფასობს.
  2. რესტორნებში ხშირად იყენებენ ჟასმინის ახალგაზრდა ფოთლებს, როგორც სალათების ლამაზ სანელებელს. ჟასმინის ფურცლები დესერტებს ნაზ დახვეწილ გემოს მატებს.
  3. თეთრი ყვავილებით ძალიან გემრიელი ნაყინი შეგიძლიათ მოამზადოთ. ჟასმინი ცივ წყალში 3 საათი ჩაალბეთ. მიღებული ნაყენი ქვაბში ჩაასხით, შაქარი და დარიჩინი გემოვნებით დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ გააცივეთ. ათქვეფილი კვერცხის ცილები და ცოტა რომი დაუმატეთ. მასა მთელი ღამე საყინულეში შეინახეთ.
  4. სახლის პირობებში არომატული ჟასმინის ზეთი შეგიძლიათ მოამზადოთ. ჟასმინის ხმელ ყვავილებს ნებისმიერი მცენარეული ზეთი დაასხით. მიღებული ნარევი 2–3 კვირა ბნელ ადგილას შეინახეთ.
  5. და ბოლოს, ჟასმინით თეთრ ღვინოს უჩვეულო გემო შეგიძლიათ შესძინოთ. ჟასმინის ზეთი და ლიმონის წვენი აურიეთ. 3-5 წვეთი 1 ბოთლ ღვინოს დაუმატეთ. სასმელი 2–3 დღე გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

ჟასმინის ყვავილების შემადგენლობა და თვისებები

ჟასმინის ყვავილები შეიცავს სალიცილის, ბენზოურ და ჭიანჭველა მჟავებს. სალიცილის მჟავებს და მის რთულ ეთერებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ბენზოური მჟავა სარელაქსაციო მოქმედებით გამოირჩევა, მოკლე დროში თავის ტკივილს და მუცელში დისკომფორტს ამცირებს. ტყუილად არ ურჩევენ მშობიარე ქალებს ჟასმინის ზეთის შესუნთქვას შეკუმშვის შესამსუბუქებლად. ექიმბაშები ქალური დაავადებების დროს გირჩევთ გაიკეთოთ მჯდომარე აბაზანა ჟასმინის ზეთით. ჭიანჭველამჟავა ჰეპატიტის და ღვიძლის დაავადებების დროს გამოიყენება.

როგორ გავახმოთ და შევინახოთ ჟასმინის ყვავილები

ჟასმინის ყვავილების შეგროვებისთანავე მისი გახმობა დაიწყეთ. პირველ რიგში, მოიმარაგეთ სუფთა ქაღალდი, გაზეთი, ბამბის ქსოვილი ან სხვა მასალა მაღალი შთამნთქმელი თვისებებით.

ყვავილები გაფინეთ. აკონტროლეთ, რომ ფენები ძალიან სქელი არ გამოვიდეს. მთელი მასალა მაქსიმალურად კარგად გაწმინდეთ. გამოუსადეგარი ნაწილები და უცხო მინარევები მოაშორეთ. შემდეგ ჟასმინი თბილ შენობაში შეინახეთ. მცენარეზე მზის პირდაპირი სხივები არ უნდა მოხვდეს. ასეთ მდგომარეობაში ფურცლები 3-5 დღე უნდა გაახმოთ. დროდადრო ყვავილები გადააბრუნეთ. ასე მეტნაკლებად თანაბრად გახმება. გაფუჭებული ყავისფერი ყვავილები მოაშორეთ.

თუ ყვავილების სწრაფად გახმობა გსურთ, ღუმელი გამოიყენეთ. ხმობის პროცესი დაახლოებით 35-40 გრადუსზე უნდა მოხდეს. თუ მცენარეს უფრო მაღალ ტემპერატურაზე გააცხელებთ, მთელი ეთერზეთი აორთქლდება. ღუმელის კარი ღია დატოვეთ.

ჟასმინის ყვავილების მზაობა თვალით განსაზღვრეთ. მასალას სასიამოვნო გარეგნობა უნდა ჰქონდეს, ხოლო ყვავილები გროვად უნდა იყოს შენახული. ჟასმინის ნამზადი ჰერმეტულად შეინახეთ. მინის ქილა ხრახნიანი თავსახურით შესაფერისია. ასეთ ჭურჭელში ჟასმინის ეთერზეთებს შეინახავთ და დროზე ადრე აორთქლებას ხელს შეუშლით. სპეციალური ზიპ–პაკეტი და ჰაერის ფილტრიც გამოსადეგია. ჟასმინის გამხმარი ფურცლების შენახვის ვადა 9-12 თვეა. ჟასმინის დანამატი სხვა არომატული პროდუქტებისგან (სანელებლები, ჩაი, ყავა) მოშორებით შეინახეთ.

ჟასმინის „მოსავლის“ შესანახად აირჩიეთ ბუჩქის ყვავილობის პიკი. ზედმეტად „მწიფე“ დამჭკნარი ყვავილის გახმობა არ ღირს. მასში არომატი და სარგებელი თითქმის არაა. საუკეთესო მდგომარეობის ყვავილები გამოიყენეთ, როდესაც ღეროზე მყარად მიმაგრებულია და პირველივე შეხებაზე არ ცვივა.

როგორც ხედავთ, ჟასმინის მომზადება მარტივია. ამისთვის საჭიროა დრო, სურვილი და რამდენიმე ხელმისაწვდომი საშუალება. ზამთარში ასეთი მარაგი თქვენ და თქვენს ახლობლებს დიდ სიხარულს მოგიტანთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს