შროშანის გამოკვება მაისში: რომელი სასუქი დავუმატოთ, რომ კოკრები დიდებულად აყვავდეს

359

თუ ვარდი ბაღის დედოფალია, შროშანი მისი საპატიო ჰერცოგინიაა. არანაკლები ყურადღება სჭირდება. Vivien გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ შროშანი გაზაფხულზე დიდებული ყვავილობისთვის. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სასუქის დამატება, არამედ იმის ცოდნა, როდის და რა პირობებში სჯობს ამის გაკეთება.

მაგალითად, თუ ნიადაგი, რომელშიც ბოლქვები უნდა დაირგოს, დასვენებულია, ნეშომპალით სავსე და ნაყოფიერი, წინასწარ სასუქის დამატება საჭირო არაა. სხვა შემთხვევაში ამის გაკეთება აუცილებელია. სწორი დოზირება და გამოცდილი სქემის დაცვა მნიშვნელოვანია. გიზიარებთ გამოცდილი მეყვავილეების რეკომენდაციებს.

რა საჭიროა სასუქი

დროული გამოკვება უხვ და ხანგრძლივ ყვავილობას ხელს უწყობს. ზამთრის შემდეგ სასუქის დამატება მხოლოდ გამთბარ მიწაში შეიძლება. ასე ფესვებს კარგად გამოკვებავთ, ხოლო სასუქს გამდნარი თოვლის წყალი არ ჩამორეცხავს.

შესაფერისი დრო ყლორტების სიგრძით შეგიძლიათ გამოთვალოთ. თუ 8-10 სმ–ზე მაღალია, ხოლო ფოთლები ოდნავ გვერდზე გადახრილი, გამოკვების დროა. გახსოვდეთ, რომ სასუქს როგორც დახმარება, ასევე ზიანის მოტანა შეუძლია. მკვებავი ნივთიერებების სიჭარბე ფესვების სისტემის განვითარებაში შეფერხებას იწვევს. თუ ხედავთ, რომ თქვენი ნიადაგი კარგ მდგომარეობაშია, მოვლის ღონისძიებები შეგიძლიათ გამოტოვოთ.

როგორ გამოვკვებოთ შროშანი გაზაფხულზე

მცენარეს პირველი კოკრების ფორმირებისას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დამწყები მებაღე ხშირად კითხულობს, რით გამოკვებოს შროშანი მაისში ყვავილობამდე. სპეციალისტები გირჩევთ, გამოიყენოთ ამონიუმის ნიტრატი, ასევე ინსექტიციდები მავნებლების წინააღმდეგ. შემდეგ სუპერფოსფატი და კალიმაგნეზია ყვავილების ღიად შესაღებად და ღეროს გასაძლიერებლად. დეკორატიული მცენარე ყვავილობის პერიოდში მზა თხევადი ხსნარებით გამოკვებეთ, წინასწარ ნიადაგი მორწყეთ.

სასუქების სახეობები

უპირველესად, გაზაფხულზე შროშანის გამოკვება ნიადაგს აზოტით ამდიდრებს. თამამად გამოიყენეთ მინერალური სასუქი ან აზოტის შემცველი ორგანული ნივთიერებები (ნაცარი, ნაკელი). ნაკელის კონცენტრატი წყალში 1:10 პროპორციით უნდა გააზავოთ. ნაცრის შემთხვევაში 1 ჭიქა ნაცარი 1 ვედრო თბილ წყალში გახსენით. მცენარეზე კარგად მოქმედებს კომპოსტის ნეშომპალის, ამონიუმის ნიტრატის და ამოფოსკის ნარევი. რეკომენდებული დოზა: 1 ს/კ 1 მ²–ზე.

სასუქის დამატების წესები

ნებისმიერი ჯიშის შროშანს სასუქი სჭირდება. მრავალწლიანი მცენარე ნებისმიერ მოვლას სიხარულით იღებს, თუმცა მაღაზიაში ნაყიდი სასუქებით გატაცება არ ღირს. დიახ, ზოგიერთი თხევადი პრეპარატი უკეთ ითვისება, მაგრამ ხშირი გამოყენებისას ფესვებს დაწვავთ. მშრალი ნარევი მიწაში ცუდად იხსნება, ამიტომ მხოლოდ კარგად მორწყულ მიწაზე უნდა გამოიყენოთ.

მნიშვნელოვანი მომენტი: მომზადებულ ნიადაგში გადარგვიდან 2 წლის განმავლობაში შეგიძლიათ არ იდარდოთ, რით გამოკვებოთ ყვავილი. ნოყიერ მიწაში ისედაც საკმარისი ნივთიერებებია. ამ პერიოდში მცენარის გამოკვებისას ბოლქვები გაიზრდება, ხოლო ყვავილები შემცირდება.

გამოკვების ეტაპები

შროშანის სწორად გამოკვება 5 ეტაპისგან შედგება.

  • პირველად ადრე გაზაფხულზე უნდა გამოკვებოთ, როცა თოვლი მთლიანად გადნება და მიწა მინიმუმ 6 გრადუსამდე გათბება. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ამონიუმის ნიტრატი (1 ს. 1 მ²–ზე). მშრალი პრეპარატი თითოეული მცენარის ძირში გაანაწილეთ. კიდევ ერთი ვარიანტია კარბამიდი ხის ნაცრის ხსნართან (250 გ 10 ლ წყალზე). აგროქიმიკატებთან ერთად რეკომენდებულია ორგანული სასუქიც. ერთ–ერთი პოპულარულია ნაკელი. ძროხის ნაკელი თბილ წყალს 1:4 პროპორციით აურიეთ, 12–14 დღე გააჩერეთ, დროდადრო აურიეთ. ბოლოს 1:10 პროპორციით წყალში გააზავეთ.
  • შემდეგი ეტაპი: მაისის ბოლო – ივნისის დასაწყისი. აქ სასუქი სწრაფი ზრდისა და დიდი ყვავილების სწორი ფორმირებისთვის საჭიროა. პირველ რიგში, ფოსფორის და აზოტის ნარევი მოამზადეთ (აზოფოსკი, ნიტროამოფოსკი). შემდეგ წყალს აურიეთ (1,5 ს/კ სასუქი 10 ლ წყალზე). შროშანს ნიშადურის სპირტით გამოკვებაც მოსწონს. 1 ჩ/კ ნიშადურის სპირტი 3 ლ წყალში გახსენით და ყვავილები მზის ჩასვლისას მორწყეთ.
  • როგორც წესი, შროშანი შუა ივლისში ყვავილობს. ამ პერიოდის გასახანგრძლივებლად კლუმბები კალიუმის ჰუმატით ან ნიტროამოფოსკით გამოკვებეთ. ფოთლოვანი კვებისთვის პრეპარატი „სტიმული“ შესანიშნავია. როგორც შროშანს, ასევე ვარდს უხდება.
  • შემდეგი ნაბიჯია ნიადაგის დამუშავება კალიმაგნეზიით. საუკეთესო პერიოდია აგვისტო, როცა მცენარემ ყვავილობა უკვე დაასრულა. ასეთი გამოკვება მომავალში ყვავილობის გარანტია გახდება. ამ მიზნით იდეალურია კალიუმის და ფოსფორის სასუქი. მაგალითად, სუპერფოსფატი ან კალიმაგნეზია.
  • ბოლო ოპერაცია გვიან შემოდგომაზე ტარდება. ადგილზე, სადაც უკვე გაყინულ მიწაში ბოლქვები იმალება, 10 სმ კომპოსტის ფენა უნდა დაყაროთ. მომავალი სეზონისთვის სასუქის როლს შეასრულებს, ზამთარში მიწას გაათბობს.

შროშანებზე სწორად და სიყვარულით იზრუნეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მისი საოცარი არომატით და დიდებული ყვავილობით ისიამოვნებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს