გაზაფხულზე ბევრი მეაგარაკე ამჩნევს, როგორ ეხვევა აბეზარი ჭიანჭველები იორდასალამის კოკრებს. ყვავილის გარშემო შეკრებილი მწერები მისი სუსტი ფურცლების ჭამას ცდილობს. მათ ნექტრამდე მისვლა სურთ, ამიტომ არაფერზე ჩერდებიან. არსებობს საშუალება, რომელსაც მათი შეჩერება შეუძლია. Vivien გიამბობთ, როგორ მოაშოროთ ჭიანჭველები იორდასალამს.
მავნებლების გამო დეფორმირებული ყვავილები რომ არ დაინახოთ, ბიუჯეტურ, მაგრამ ეფექტურ მეთოდებს მიმართეთ. ამ შემთხვევაში მწერი კოკრების დაზიანებას ვერ მოასწრებს.
ხალხური საშუალებები იორდასალამზე ჭიანჭველების მოსაშორებლად
ნავთი
აბეზარი მავნებელი ამ ნივთიერების სუნს ვერ იტანს. ნავთი ჭიანჭველებთან საბრძოლველად იდეალური საშუალებაა. სქელი ჩვარი წყალში დაასველეთ. შემდეგ ნავთში კარგად ჩაალბეთ. ჩვარი იორდასალამის ბუჩქის ქვეშ მოათავსეთ.
ნიშადურის სპირტი
იაფი სააფთიაქო საშუალება ჭიანჭველების სწრაფად და ეფექტურად დაფრთხობაში დაგეხმარებათ. 1 ჩ/კ ნიშადურის სპირტი 1 ლ სუფთა წყალში გახსენით. კარგად აურიეთ. ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით, შემდეგ იორდასალამს შეასხურეთ.
დაფნის ფოთოლი
სანელებელი, რომელიც კულინარიაში აქტიურად გამოიყენება, ბოსტანში სამუშაოდ გამოგადგებათ. ნაყენი მოამზადეთ. 2 ლ მდუღარე წყალი 30 გ მშრალ დაფნის ფოთლებს დაასხით. 3 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მიღებული ნარევი 2 ლ სუფთა წყალში გააზავეთ. კარგად აურიეთ, შემდეგ გადაწურეთ. ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით და იორდასალამის ბუჩქები ყოველ 5 დღეში დაამუშავეთ.
ბორის მჟავა
ეფექტური სატყუარა მავნებლის მოშორებაში დაგეხმარებათ. დაგჭირდებათ ბორის მჟავა და რაიმე ტკბილეული. 150 მლ თბილი წყალი პატარა ჭურჭელში ჩაასხით. 1 ჩ/კ ბორის მჟავა და 5 ს/კ ნებისმიერი მურაბა დაუმატეთ. კარგად აურიეთ. სატყუარა ყვავილის ბუჩქის ქვეშ დატოვეთ.
ნიორი
აღმოჩნდა, რომ ნიორი არა მხოლოდ ვამპირებისგან, არამედ აბეზარი ჭიანჭველებისგან დაგიცავთ. მინის ქილა აიღეთ. 2 ლ ცხელი წყალი ჩაასხით. 2 თავი ნიორი გაასუფთავეთ. კბილები ხორცსაკეპით ან ბლენდერით დააბლენდერეთ. წყალს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 24 საათი გააჩერეთ. მზა ნარევი გადაწურეთ და მწერებისგან დატანჯული იორდასალამი მორწყეთ.
კლუმბები ჭიანჭველების შემოსევაზე კვირაში ერთხელ მაინც შეამოწმეთ. მავნებლის დანახვისთანავე ხელნაკეთი დამფრთხობი საშუალება მოამზადეთ. ეფექტურობაში ტოლი არ ჰყავს.