გამოცდილი მეთოდები სხვადასხვა მასალის აბაზანის გასათეთრებლად

237

სააბაზანო ოთახი ადგილია, რომელიც სისუფთავით უნდა ბრწყინავდეს. კირის ნადები, ჟანგი და სიყვითლე ყველაზე მეტად აზიანებს სანტექნიკას: აბაზანას, პირსაბანს, უნიტაზს. როგორ გავათეთროთ აბაზანა ხელოვნური მათეთრებლის, უხეში და ტოქსიკური ქიმიის გამოყენების გარეშე? Vivien გიზიარებთ აბაზანის გათეთრების ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდებს.

როგორ გავწმინდოთ აბაზანა მათეთრებლის გარეშე: მასალას მნიშვნელობა აქვს

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რა მასალისგან არის დამზადებული თქვენი აბაზანა. ამაზეა დამოკიდებული, რომელ საწმენდ საშუალებას გამოიყენებთ. მაგალითად, აკრილისთვის არ გამოდგება საშუალება, რომელსაც თუჯის მასალაზე იყენებთ. სხვადასხვა აბაზანის გაწმენდა მიცდია. მაგალითად, სახლში აკრილის აბაზანა და აკრილის საშხაპე კაბინა გვაქვს, მშობლებს – თუჯის აბაზანა. სხვადასხვა მასალისთვის სხვადასხვა საშუალება გამოვიყენე და ორივემ გაამართლა. გიზიარებთ!

როგორ გავწმინდოთ თუჯის აბაზანა

დღეს ბევრი ცვლის ძველ თუჯის აბაზანას ახალი აკრილის აბაზანით. უნდა გითხრათ, რომ თუჯის აბაზანა ცხელი წყლის სითბოს უკეთ ინარჩუნებს, თუ მასში ჩაწოლა გსურთ. ზოგი თუჯის აბაზანაზე უარს მაინც არ ამბობს, თან ამ მასალისგან დამზადებული თანამედროვე სანტექნიკაც იყიდება. როგორ გავათეთროთ თუჯის აბაზანა?

გამოიყენეთ ლიმონმჟავა:

  • 100 გ ლიმონმჟავას ფხვნილი 0,5 ლ წყალში (ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილი) გახსენით. სრულ გახსნამდე გააჩერეთ, რომ კრისტალები არ დარჩეს.
  • ნებისმიერ პულვერიზატორში ჩაასხით.
  • აბაზანის მთელ ზედაპირზე თანაბრად დაასხურეთ და 10 წუთი გააჩერეთ.
  • თუ ხსნარი დაგრჩათ, 10 წუთის შემდეგ კიდევ ერთხელ დაასხურეთ, სანამ სითხე არ დასრულდება (შეგიძლიათ არა 0,5, არამედ მეტი წყალი მეტ ლიმონმჟავაზე გამოიყენოთ).
  • 30-40 წუთით გააჩერეთ და ბევრი წყლით და ღრუბლით გაწმინდეთ. ძალიან ჭუჭყიან ადგილებში დამატებით გაწმინდეთ.

ბევრი დიასახლისი ლიმონმჟავის ნაცვლად ძმარს იყენებს. ვცადე და ვთვლი, რომ ძმარი ნადებს და ყვითელ ლაქებს ნაკლებად ეფექტურად უმკლავდება. აი, „ლიმონის“ კრისტალები თუჯის აბაზანის შესანიშნავი მათეთრებელია.

როგორ გავწმინდოთ აკრილის აბაზანა

გიამბობთ, როგორ ვწმენდ აკრილის აბაზანას სახლში. აკრილი საკმაოდ დელიკატური მასალაა, რომელიც პლასტმასს ჰგავს. აბრაზიული ჯაგრისით ან ღრუბლით მისი გახეხვა არ შეიძლება. წარმოქმნილ ნაკაწრებში კიდევ უფრო მეტი ჭუჭყი, ნადები და ჟანგი დაგროვდება. სწორედ ამიტომ, აკრილის აბაზანისთვის სპეციალურ მათეთრებელს ვიყენებ და მას მაღაზიაში არ ვყიდულობ.

გამოიყენეთ სოდა და ძმარი:

  • აიღეთ რამდენიმე სუფრის კოვზი სოდა (აბაზანის ან საშხაპე კაბინის ზომაზეა დამოკიდებული), თბილ წყალს პასტის მიღებამდე აურიეთ.
  • სოდა კარგად გახსენით, რომ კრისტალები არ დარჩეს. სოდა საკმაოდ აბრაზიულია და აკრილის ზედაპირზე ნაკაწრები შეიძლება დატოვოს, ამიტომ კარგად გახსენით.
  • პასტა მთელ აბაზანას წაუსვით და 15-20 წუთი გააჩერეთ.
  • ლიმონმჟავის ფხვნილი 1 ჭიქა წყალში კარგად გახსენით.
  • ლიმონმჟავის ხსნარი ღრუბლით სოდიან ზედაპირს წაუსვით და კარგად გაწმინდეთ.
  • ბოლოს ბევრი წყლით ჩამორეცხეთ.

ეს აბაზანის გათეთრების უმარტივესი და, როგორც ხედავთ, ეკოლოგიური ვარიანტებია. ქიმიური და ტოქსიკური მათეთრებელი საჭირო არაა. სცადეთ, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რა მასალისგან არის დამზადებული თქვენი აბაზანა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს