რა სჯობს ზაფხულში აგარაკზე დასვენებას. სუფთა ჰაერი და წყალი, ნატურალური ხილი და ბოსტნეული. ამაზე ყველა მეაგარაკე ზაფხულის დადგომამდე ოცნებობს, თუმცა აგარაკზე მხოლოდ დასვენება არაა. აქ ყოველდღე უნდა იშრომოთ, რომ გემრიელი და სასარგებლო საკვები გაზარდოთ და მიირთვათ. ბოსტნიდან დაკრეფილი ახალი კიტრით მომზადებულ სალათს სულ სხვა გემო აქვს. როგორ ვიზრუნოთ კიტრზე ისე, რომ მდიდარი მოსავალი ავიღოთ?
Vivien გიზიარებთ მარტივ წესებს, როგორ გაზარდოთ კიტრი და მეზობლების შესაშური მოსავალი მიიღოთ.
კიტრის გაზრდა ნაკვეთზე
იმის მიუხედავად, რომ კიტრი საკმაოდ გავრცელებული ბოსტნეულია, ძალიან პრეტენზიულია გასაზრდელად. მდიდარი მოსავლის მისაღებად მასში დიდი შრომის ჩადება მოგიწევთ. კიტრი თანაბარი, ლამაზი და ერთი ზომის რომ გაიზარდოს, რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვათ.
სასურველია, კიტრი ყოველ წელს ერთსა და იმავე ადგილას დარგოთ. მზის მწველი სხივები არ უყვარს, ამიტომ დაჩრდილული ადგილი შეურჩიეთ. მიწა ნოყიერი და ნეიტრალური მჟავიანობით უნდა იყოს. შემოდგომიდან ნიადაგის მომზადება დაიწყეთ, კალიუმის და ფოსფორის სასუქი დაუმატეთ. გაზაფხულზე, კიტრის დარგვამდე 1 თვით ადრე, ნიადაგს აზოტის სასუქი დაუმატეთ.
აზოტი კიტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აზოტის დეფიციტზე მიგანიშნებთ კიტრის გაყვითლებული წვერი. ამ შემთხვევაში, აზოტის სასუქი უნდა მიაწოდოთ. კიტრი პირველი ნაყოფის აღების შემდეგაც შეგიძლიათ გამოკვებოთ. ასე ლამაზი და თანაბარი ზომის კიტრის მიღების შანსს გაზრდით. მსხლის ფორმის კიტრი ნიშანია, რომ მცენარეს კალიუმი აკლია. გირჩევთ, კიტრს სასუქების სრული კომპლექსი მიაწოდოთ, რომ რომელიმე ვიტამინის ან ელემენტის დეფიციტმა არ შეაწუხოს.
კიტრი წყლის ტემპერატურის მიმართაც პრეტენზიულია. მოღუნული კიტრი სითხის დეფიციტის ნიშანია. თუ კიტრი შუაში უფრო ვიწროა, ვიდრე გვერდებზე, გამოდის, რომ სარწყავი წყალი ზედმეტად ცივია. კიტრი 18-22 გრადუსის წყლით მორწყეთ. დილას ან საღამოს, როცა ძალიან არ ცხელა, რეგულარულად მორწყეთ. ნაყოფიერების პერიოდში მორწყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასე წვნიანი და თანაბარი ზომის ნაყოფს მიიღებთ.
მორწყვისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ მცენარის ფოთლებს ნაკლები წყალი მოხვდეს. გირჩევთ, რომ კვლებს შორის 15-20 სმ სიღრმის თხრილები გათხაროთ და წყლით შეავსოთ. კიტრის ფესვებს წყალთან მუდმივი წვდომა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფესვების ლპობა არ მოხდეს.
კიტრის დარგვის სიღრმეც მნიშვნელოვანია, რომ გამარგვლის დროს მისი ფესვების სისტემა შემთხვევით არ დააზიანოთ. სასურველია, კიტრი მინიმუმ 7 სმ სიღრმეზე ჩარგოთ. ასე კიტრის გარშემო მიწას მშვიდად გააფხვიერებთ და მის ფესვებს არ დააზიანებთ. ზემოთ მოცემული მარტივი წესების დაცვით კიტრის მდიდარ მოსავალს გარანტირებულად მიიღებთ.