ქეცი ხეხილის დაავადებაა, რომელიც როგორც მსხვილ ფერმერებს, ასევე უბრალო მებოსტნეებს ძალიან აღიზიანებს. დაავადება ვაშლს და მსხალს არ კლავს, მაგრამ მოსავალს თითქმის მესამედით ამცირებს. ქეცის შემდეგ ნაყოფი პატარავდება და ნაკლებ ვიტამინს შეიცავს. ცივ და ნოტიო გაზაფხულზე ქეცისთვის თითქმის იდეალური პირობა იქმნება. მნიშვნელოვანია, ხეები დროულად დაამუშაოთ, რომ შემოდგომაზე ღირსეული მოსავალი მიიღოთ!
ვაშლის და მსხლის ქეცი და როგორ ვებრძოლოთ
გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული – ქეცის განკურნება შეიძლება და საჭიროა. ამისთვის სხვადასხვა ფუნგიციდი არსებობს. პრობლემის წინასწარ მოგვარება უფრო ადვილი და მომგებიანია. ამისთვის დროული პროფილაქტიკა გჭირდებათ. პირველი ეტაპი სრულდება შემოდგომაზე, როცა ბაღი ზამთრისთვის ემზადება. მცენარემ ყვავილობის დროსაც ხარისხიანი დამუშავება უნდა მიიღოს. ვაშლის და მსხლის ხეზე ქეცის აღმოჩენა მარტივია. მოძებნეთ ფოთლებზე წვრილი ლაქები, რომელიც უფრო ღია მწვანეა, ვიდრე ფოთლის დანარჩენი ნაწილი. დროთა განმავლობაში ლაქები ხავერდოვან ნადებად გარდაიქმნება. ძალიან სწრაფად ჩნდება, თითქმის კვირტების გაშლამდე.
გამოცდილი რეცეპტი – ადრე გაზაფხულზე დაუცველი ხეების დამუშავება ყველაზე საიმედო მეთოდია. განსაკუთრებული ხრიკი არაფერია. დასამუშავებლად ვიყენებთ ყველა ფერმერისთვის ცნობილ ბორდოს სითხეს. ასე უწოდებენ ჩაუმქრალი კირის და სპილენძის სულფატის ნარევს. თითქმის პირველი სპეციალიზირებული ფუნგიციდია მსოფლიოში! თუ ხეებს ადრე გაზაფხულზე ამუშავებთ, 3%–იანი ბორდოს სითხე შეიძინეთ. თუ მომენტი გაუშვით და დრო გავიდა, 1%–იანი ხსნარის მომზადება მოგიწევთ. ამით ხეხილი კვირტების გამოჩენისას დაამუშავეთ.
ნარევის მომზადება – ერთპროცენტიანი ხსნარისთვის 10 ლ წყალზე 100 გ ჩაუმქრალი კირი და 100 გ სპილენძის სულფატი აიღეთ, სამპროცენტიანი ხსნარისთვის 10 ლ წყალზე 300 გ კირი და 300 გ სპილენძის სულფატი. კირი 50 გრადუსამდე შემთბარ რამდენიმე ლიტრ წყალში გახსენით. იგივე სპილენძის სულფატზე გაიმეორეთ, მაგრამ სხვა ჭურჭელში. თითოეულ ჭურჭელს ცივი წყალი ჩაასხით, სანამ იქ 5 ლ ხსნარი არ აღმოჩნდება. შემდეგ სპილენძის სულფატის და კირის ხსნარები აურიეთ ისე, რომ ერთიანი მასა მიიღოთ. ხელების და სახის საიმედო დაცვაზე იზრუნეთ. ლითონის ჭურჭელი მომზადების პროცესში არ გამოიყენოთ!
გამოყენების წესი და ალტერნატივა – მიღებული სითხე სამ ეტაპად გამოიყენეთ. პირველად ყვავილობის პერიოდში შეასხურეთ, მეორედ – ყვავილობის დასრულების შემდეგ, მესამედ – მეორე დამუშავებიდან 15 დღის შემდეგ. ამ პროცედურებთან კომბინაციაში მავნებლების საწინააღმდეგო პროცედურებიც ჩაატარეთ. თუ ბორდოს სითხე ვერ მოამზადეთ, ალტერნატივად გამოიყენეთ კოლოიდური გოგირდი, პოლიხომი ან სპილენძის ოქსიქლორიდი.