ერთი ოჯახის ამაღელვებელი ისტორია, რომელსაც სურს მსოფლიო ნახოს, სანამ შვილები მხედველობას დაკარგავენ

467

ედიტ ლემეი და სებასტიან პელეტე კანადელი წყვილია, რომელთა შვილებს სერიოზული გენეტიკური დაავადება აღმოუჩინეს. ექიმები დაავადებას ვერ მკურნალობენ, ამიტომ დროთა განმავლობაში ბავშვები მხედველობას მთლიანად დაკარგავენ. მოსიყვარულე მშობლებმა ტკივილი გულის შორეულ კუთხეში დამალეს და გადაწყვიტეს, რომ ბავშვებისთვის ყველაფერი გააკეთონ, მათი ბავშვობა სასიხარულო მომენტებით აავსონ. Vivien ამ ოჯახის ამაღელვებელ ისტორიას გიზიარებთ.

მია, უფროსი ქალიშვილი 3 წლის იყო, როცა მშობლებმა შეამჩნიეს, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ბავშვი ცუდად ხედავდა, ყველაფერს ეჯახებოდა. სპეციალისტს მიმართეს. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დიაგნოზის დასმა შეძლეს. გოგონას პიგმენტური რეტინიტი ჰქონდა. ეს იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანი მხედველობას თანდათან მთლიანად კარგავს.

მეორე შვილს, ლეოს გაუმართლა. მასში დაავადება ვერ აღმოაჩინეს. აი, უმცროსებს კოლინს და ლორანს დის ბედი გაზიარება მოუწევთ. რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რას გრძნობენ მშობლები, რომლებსაც არაფრის შეცვლა შეუძლიათ. სამწუხაროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები და გენური თერაპიის მეთოდები საკმარისი არაა იმ გენის სამკურნალოდ, რომელიც ედიტის და სებასტიანის შვილებს აზიანებს. სამივე დაბრმავდება, როცა საშუალო ასაკს მიაღწევს.

ნაკლები შანსია, რომ წამალი გამოჩნდეს, ამიტომ მშობლებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. სურთ, რომ შვილებმა ყველაფრის ნახვა მოასწრონ, სანამ მხედველობას დაკარგავენ. მათი მთავარი მიზანი შვილების ბედნიერი სახეების დანახვა გახდა. მსოფლიოს საინტერესო ადგილების დათვალიერება გადაწყვიტეს. იდეა გაჩნდა, როცა მიამ ექიმების რჩევით ბრაილის შრიფტის შესწავლა დაიწყო, სანამ ჯერ კიდევ ხედავდა. ვიზუალური ასოციაციების შევსება მნიშვნელოვანი იყო. მომავალში ვეღარ დაინახავენ, მაგრამ შეძლებენ გაიხსენონ. ოჯახი უმისამართოდ სამოგზაუროდ წავიდა. მთავარი მიზანი შვილების ოცნებების ახდენა იყო.

მიას ცხენზე ჯირითი სურდა, ლეოს პოკემონის ნახვა, კოლენს მატარებლით მგზავრობა, ლორანს აქლემით გასეირნება. მოგზაურობა ნამიბიიდან დაიწყეს, შემდეგ მთელი აფრიკა გადალახეს. იყვნენ თურქეთში, მონღოლეთში და ინდონეზიაში. ბავშვების ცხოვრება დაუვიწყარი მომენტებით გაივსო. მაგალითად, კაბადოკიაში საჰაერო ბურთით გასეირნება არასდროს დაავიწყდებათ. „დედა, ეს სიზმარია“ – ეს ლეოს სიტყვებია, რომელიც ედიტს სამუდამოდ ემახსოვრება.

კანადელ ოჯახს მოგზაურობამ ბევრი რამ მისცა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბავშვებთან ერთად 24/7 საათი ყოფნა რთულია, თან თუ ოთხი შვილი გყავთ. მოგზაურობამ მშობლები და შვილები უფრო დააახლოვა. და–ძმების ურთიერთობაც გაუმჯობესდა. ოჯახის ყველა წევრი გრძნობდა, რომ ერთი მთლიანი იყვნენ. იმედია, რომ ბავშვები ასეთ ურთიერთობას სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელებენ. მშობლებმა შვილების დახმარებით დეტალების შემჩნევა, წვრილმანებით გახარება ისწავლეს. ახლა სამყაროს შვილების თვალით დანახვა შეძლეს.

ბავშვები სხვა ხალხის კულტურას და ყოველდღიურობას გაეცნენ. ნახეს, რომ ბევრ მათგანს წყალი, დენი და სხვა პირობები არ ჰქონდათ. ეს ღირებული გაკვეთილია, რომლის წყალობით შვილები დაიწყებენ იმის დაფასებას, რაც აქვთ. კანადელმა ოჯახმა მოგზაურობისას ბევრი ლამაზი ფოტო გადაიღო, რომელსაც სოციალურ ქსელში აზიარებენ, რომ სხვასაც სამყაროს შესწავლა შთააგონონ. გვაჩვენებენ, რომ სერიოზული დაავადება განაჩენი არაა. ყველაფერთან გამკლავება შეიძლება. უბრალოდ, სიტუაცია უნდა მიიღოთ და მასთან ერთად ცხოვრება ისწავლოთ.