ყველა ურთიერთობა ყოველდღიური ყოფის გამოცდას ვერ გადის. ახალდაქორწინებულები ხშირად აწყდებიან პრობლემებს, რომლებიც მშვიდობიან ოჯახურ ბუდეში მგზნებარე კონფლიქტებს იწვევენ. კიდევ უარესია, როცა კამათი წყნარია, კომპრომისები ნაპოვნი, ხოლო ერთ დროს ვნებიანი ცოლ–ქმარი კეთილსინდისიერ თანამაცხოვრებლად გადაიქცა. მეზობლებივით ცხოვრობენ და უკვირთ, ნუთუ შეიძლება ამდენი წლის შემდეგ ინტერესი შეინარჩუნო ადამიანის მიმართ, რომელსაც ასე კარგად იცნობ?
სინდრომი „მეზობლები ოთახში“: სიმპტომები
- ერთმანეთს არ ესაუბრებით: სასაუბრო თემა ბევრი გაქვთ: შვილები, სამსახური, საყიდლები, საერთო ნაცნობები. მაგრამ ამ სიაში არ შედის მთავარი საკითხი, ერთმანეთზე საუბარი. გაიხსენეთ, ბოლოს როდის განიხილეთ თქვენი გეგმები და ოცნებები, გაუზიარეთ ფარული შფოთვა და აღიარეთ შიში. წყვილს, რომელიც ოთახში მეზობლებივით ცხოვრობენ, აინტერესებთ ყველაფერი, ურთიერთობის განვითარების გარდა.
- სიახლოვეს ძილი გირჩევნიათ – ჩვენ, ყველა სამსახურით, საოჯახო საქმეებით დატვირთული ვართ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საღამოს ტელევიზორის წინ მშვიდად დასვენება გვსურს. ჯერ კიდევ 20 წლის წინ საღამო მეუღლეს ეძღვნებოდა. ახლა ღამე მშვიდი ძილის დროა და არა ვნების. რა თქმა უნდა, ასეთი არჩევანი ურთიერთობაზე დადებითად არ მოქმედებს.
- იშვიათად ნახულობთ – თითოეულს საკუთარი სამსახური და დღის რეჟიმი აქვს. დილით ერთმანეთს არ ნახულობთ და ვერ იხსენებთ, როდის ისაუზმეთ ერთად ბოლოს და განიხილეთ დღის გეგმა ფინჯან ყავაზე. მთელი დღე სამსახურით დაკავებული ხართ, ხოლო ღამით სხვადასხვა დროს იძინებთ. უფრო მეზობლების ცხოვრების წესს წააგავს, ვიდრე ახლობლების.
რა გავაკეთოთ? – რომელიმე სიმპტომი გეცნოთ? როგორც ბევრ დაავადებას, მისი განკურნებაც არსებობს. გაფრთხილებთ: ორივე პარტნიორმა ძალისხმევა უნდა გაიღოს, რომ ურთიერთობაში ძველი ვნება დაბრუნდეს. პირველ რიგში, პრობლემა აღიარეთ და თქვენი ურთიერთობა პრიორიტეტული გახადეთ. ისე შეხედეთ მეუღლეს, თითქოს პირველად ნახეთ. როგორია? რა გაინტერესებთ მასში? რით ცხოვრობს? როგორ სურს მომავალში ცხოვრება? როგორი დატვირთული გრაფიკიც არ უნდა გქონდეთ, პარტნიორთან ურთიერთობას დრო დაუთმეთ. დღეში 10 წუთიც საკმარისია. არანაირი წვრილმანებზე კამათი და უცხო საკითხების განხილვა. დაიწყეთ მარტივი კითხვით: „როგორ ხარ?“ გაოცდებით, მაგრამ ეს ურთიერთობას შეცვლის. რომანტიკა არ დაგავიწყდეთ.
მრავალწლიანი ურთიერთობა პაემანს არ გამორიცხავს. ერთმანეთი სასიამოვნო სიურპრიზებით გაახარეთ, იქნება ეს სანთლის შუქზე ვახშმობა თუ პატარა რომანტიკული საჩუქარი. თქვენს ურთიერთობას სიახლე შემატეთ. ერთად ისეირნეთ, იმოგზაურეთ, ახალი ადგილები და გართობა აღმოაჩინეთ. პარაშუტით გადახტით, ლაშქრობაში წადით, ისრიალეთ – დროის გასატარებლად ბევრი იდეა არსებობს. საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკის არ შეგეშინდეთ. ერთმანეთზე იზრუნეთ და ჩვეულ სახეს ისე შეხედეთ, თითქოს პირველად უყურებთ. გულწრფელი ინტერესი, სიყვარული და ვნებიანი ურთიერთობის დაბრუნების სურვილი დაგეხმარებათ დაძლიოთ სინდრომი „მეზობლები ოთახში“.