ჟოლოს ხოჭო ნამდვილი უსიამოვნებაა მათთვის, რომლებიც ამ წითელ კენკრას ზრდიან. მას მთელი მოსავლის განადგურება შეუძლია. Vivien გიზიარებთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ საშუალებას ჟოლოს ხოჭოს მოსაშორებლად. რა თქმა უნდა, ქიმიკატები შეგიძლიათ შეიძინოთ, რომლებიც ასევე ეფექტურია, მაგრამ მარტივი საშუალებების სწრაფი მოქმედება გაგაოცებთ.
რა არის ჟოლოს ხოჭო – მოკლედ გიამბობთ მავნებელზე, რომელიც მებოსტნეების თავის ტკივილია. ხოჭო პატარაა, 5 მმ–მდე სიგრძეში, ღია მოწითალო. ხოჭოთი დაზიანების პირველი ნიშნები – ამოჭმული ფოთლები, ყვავილები. ასეთი ყვავილიდან კარგი კენკრის იმედი არ გქონდეთ. საწყენია, რომ ჟოლოს ხოჭო მიწაში, დაახლოებით 10 სმ სიღრმეში კარგად იზამთრებს. გაზაფხულზე ზედაპირზე აქტიურდება. ხოჭო პირდაპირ ყვავილში კვერცხებს დებს. ასე პირდაპირ კენკრაში შეიძლება ლარვები აღმოაჩინოთ. ხოჭოს მოსავლის დიდი ნაწილის განადგურება შეუძლია. რაც უფრო სქელია ბუჩქი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ხოჭო გაჩნდეს. ასევე მოცხარის, ხურტკმელისა და ხეხილის ყვავილებზე შეიძლება დასახლდეს.
როგორ მოვიშოროთ ჟოლოს ხოჭო: შეძენილი ქიმიკატები – ქიმიკატები საკმაოდ უხეში და ტოქსიკურია, მაგრამ კარგად მოქმედებს. მართალია, შემდეგ კენკრა კარგად უნდა გარეცხოთ, თუ უმად ჭამას აპირებთ. გირჩევთ შემდეგ საშუალებებს:
- „ფიტოვერმი“
- „ფუფანონი“
- „კონფიდორი“
- „კინმიქსი“
- „ისკრა“
ჟოლოს ბუჩქები ამ საშუალებებით ყვავილობის პერიოდში უნდა დაამუშავოთ. ინსტრუქციაში მითითებული დოზირება აუცილებლად დაიცავით.
უსაფრთხო მეთოდები ჟოლოს ხოჭოს მოსაშორებლად – ხოჭოს მოსაშორებლად უფრო ნაზი საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც მცენარეს და კენკრას არ აზიანებს. ისინი უსაფრთხო და ეკოლოგიურია. აი, ორი კარგი რეცეპტი.
- სოდა – 1 ლ წყალს 1 ს/კ სოდა დაუმატეთ. ჯერ სოდა ცოტა მდუღარე წყალში ჩააქრეთ, სრულად გახსნის შემდეგ ცივი წყალი დაუმატეთ. ამ ხსნარით ჟოლოს ბუჩქები ყვავილების ნასკვების ფორმირებიდან ყვავილობის დასრულებამდე დაამუშავეთ.
- მარგანცოვკა – კალიუმის პერმანგანატის ხსნარით ჟოლოს ბუჩქების დამუშავება უმარტივესი მეთოდია. 10 ლ წყალზე ზუსტად ნახევარი გრამი მარგანცოვკა აიღეთ, რომ სუსტი ვარდისფერი ხსნარი მიიღოთ. ზუსტად ისე დანამეთ ბუჩქები, როგორც სოდის შემთხვევაში – ყვავილობის დაწყებიდან დასრულებამდე.
ბუჩქების გასხვლა და გათხელება არ დაგავიწყდეთ, რომ ჟოლოს ბუჩქები ძალიან სქელი არ იყოს. დაცვენილი კენკრა მიწაზე არ დატოვოთ, არამედ გაანადგურეთ. მოსავლის აღების შემდეგ ბუჩქის გარშემო მიწა გააფხვიერეთ, რომ მიწა ჟანგბადით გამდიდრდეს. პროცედურა ადრე გაზაფხულზე გაიმეორეთ.